სტატიაში გაიცნობთ ახალგაზრდა მეღინე ლევან კბილცეცხლაშვილს, რომელმაც ოჯახთან ერთად დააარსა საოჯახო მარანი და ქართული ყურძნის ჯიშებისგან აწარმოებს ქვევრის ტრადიციულ ღვინოს.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ.
ექვსი შვილის მამა ლევან კბილცეცხლაშვილი, პროფესიით იურისტი, ამჟამად ენთუზიასტი მეღვინე.
- რამდენი ხანია რაც მარანი “ნაფერი” ფუნქციონირებს?
2017 წელს მსოფლიოში ქართული ქვევრის ღვინოზე მოთხოვნილების მზარდი დინამიკის ფონზე გადავწყვიტე მშობლებისგან ბავშვობიდანვე ჩანერგილი ვაზის კულტურისადმი დიდი სიყვარულით ღვინის ტრადიციულად ქვევრში დაყენების სურვილისა და ინტერესის რეალიზება მომეხდინა და 2018 წელს ოჯახის წევრების ჩართულობით დავიწყე საოჯახო მარნის მშენებლობა. იდეის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია გარდა ზემოთ ნახსენები ფაქტორებისა გახლავთ ჩემი სოფელი ,,ნავაზი” , რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით მევენახეობა მეღვინეობის საკმაოდ მძლავ კერას წარმოადგენდა ქართლის რაიონში. ძალიან დიდი დახმარება გამიწია, ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების რჩევებმა, რომელიც მართლაც ფასდაუდებელი დახმარება იყო ჩემთვის, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე მათი მადლიერი ვიქნები.
- როგორ მოხდა თქვენი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება?
როდესაც ეს ბიზნესი წამოვიწყე, საქართველო ტურისტულად აქტიური ქვეყანა ხოლო ქვევრის ღვინო, ტურისტების ინტერესის ერთერთი მთავარი საგანი გახლდათ, შესაბამისად პანდემიით მიღებული მხოლოდ ფსიქოლოგიური ნეგატივი კმაროდა უკან დასახევად და შესაჩერებლად, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩემში სურვილი ჩემი დაყენებული ღვინის უცხოურ ბაზრებზე ხილვისა, რომ პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენებისგან თავის არიდების მიზნით გადავწყვიტე გამეძლიერებინა მუშაობა პოტენციური ექსპორტიორების მოძიების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი გარდაუვალი იქნებოდა , რადგან ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტით შემცირდა.
- რა სახის ღვინოს სთავაზობთ სტუმრებს?
მდებარეობიდან გამომდინარე მარანში ძირითადი აქცენტი კეთდება ქართლის ყურძნის ჯიშებისგან ღვინის დამზადებაზე, ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ხუთი სახეობის ღვინოს – გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, საფერავი, რქაწითელი. საოჯახო მარნის საქმიანობაში ოჯახის ყველა წევრია ჩართული.
- როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
მარნის დაფუძნებისთანავე მიზნად დავისახეთ, რომ წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრის ძირითადი ნაწილი უცხოეთი ყოფილიყო და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაო გავწიეთ, რომლის შედეგადაც ჩვენი წარმოებული პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, ჰოლანდია და იაპონია, ამჟამად მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.
- როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?
ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და როგორც თავში აღვნიშნე , ყველა იმ ქვეყანასთან დაკავშირება , სადაც ამჟამად ჩვენი ღვინოა ექსპორტირებული, პანდემიის პირობებში მოძიებული კონტაქტების მეშვეობით განხორციელდა, აქვე მინდა აღვნიშნო ღვინის ეროვნული სააგენტოს ფასდაუდებელი დახმარება ჩემი ღვინის ნიმუშების უცხოეთში რამდენიმე პოტენციურ ექსპორტიორთან გაგზავნის საკითხში.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
ამ ეტაპზე , პანდემიით გამოწვეული პირველი უარყოფითი ეფექტი დაძლეულია . პანდემიის მიუხედავად ქართულ ქვევრის ღვინოზე მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნილება უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ , რომ უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქციის საექსპორტო რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალეას მოგვცემს გავზარდოთ წარმოება, რომელიც ამჟამად 5000 ბოთლს ითვლის, გარდა ამისა სამომავლოდ იგეგმება მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაზის საკოლექციო ნაკვეთის მოწყობა სადაც წარმოდგენილი იქნება ქართლის იშვიათი ენდემური ყველა ის ვაზის ჯიში , რომელიც ამჟამად გადაშენების პირასაა.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?
ამ ბიზნესით დაინტერესებულ დამწყებ ადამიანებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში გაიღრმავონ და მიიღონ შესაბამისი განათლება, გაიარონ კონსულტაციები ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებთან, კარგად შეისწავლონ ღვინის სარეალიზაციო ბაზარი და ზუსტად განსაზღვრონ რეალიზაციის სამიზნე ჯგუფები, ნუ შეაშინებთ პირველი წარუმატებლობა, ეს არის ბიზნესი სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოთმინება, სწორი მენეჯმენტის, თავდაუზოგავი შრომისა და მოთმინების შედეგად წარმატება აუცილებლად ხელმისაწვდომი გახდება.
ავტორი: მარიამ გილაური