გაიცანით ბექა ასლანიშვილი, მცხეთის რაიონ სოფელ ჩარდახში მდებარე საოჯახო ტიპის მარნის – “Nebi Winery”-ს დამაარსებელი

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით ბექა ასლანიშვილი, მცხეთის რაიონ სოფელ ჩარდახში მდებარე საოჯახო ტიპის მარნის – “Nebi Winery”-ს დამაარსებელი

ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროცესის მართვას, პირველი ნაბიჯიდან ბოლო ეტაპამდე, ვენახიდან დაწყებული, ღვინის ბოთლში ჩამოსხმით დასრულებული, რომელსაც ჩვენივე ხელით ვახორციელებთ – ბექა ასლანიშვილი

სტატიაში გაეცნობით ბექა ასლანიშვილს, პროფესიით ტელეკომუნიკაციის ინჟინერს. მან, 2010-2011 წელს გადაწყვიტა, მცხეთის რაიონ სოფელ ჩარდახში, პაპას მიერ აშენებულ მარანში აღედგინა და გაეგრძელებინა ღვინის დაყენება ქვევრებში. დღესდღეობით, სოფელ ჩარდახში მდებარეობს საოჯახო ტიპის მარანი – “Nebi Winery”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ჯიშის ყურძნისგან (ჩინური/ჩინებული) დაწურულ ორგანულ, სუფთა და მაღალ ხარისხიან ღვინოს.

     1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის ბექა ასლანიშვილი? 

გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ყურადღებისთვის და დაინტერესებისთვის. პროფესიით გახლავართ ტელეკომუნიკაციის ინჟინერი, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკა&ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

     2. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ პაპას დატოვებულ მარანში გადაწყვიტეთ ღვინის დაყენება და წარმოება, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

დიახ, 2010-2011 წელს გადავწყვიტეთ პაპას მიერ აშენებულ მარანში აღგვედგინა და გაგვეგრძელებინა ღვინის დაყენება ქვევრებში, რომელიც პაპას გარდაცვალების შემდეგ, რატომღაც აღარ ხდებოდა და ღვინის დაყენების პროცესიც, მეტ-ნაკლებად სახეცვლილი იყო იმ ბუნებრივი და ორგანული პროცესებისგან, რასაც დღეს ჩვენ “ორგანიკას” ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ძველი ქვევრებიდან მხოლოდ ერთი ქვევრის შენარჩუნება მოხერხდა, ხოლო დანარჩენი ქვევრების ჩანაცვლება მოგვიწია და უკვე 2013 წელს შევძელით ჩვენი პირველი ღვინის ჩამოსხმა და წარმოება, რაც უფრო სპონტანური მომენტი იყო, ვიდრე გათვლილი.  შემდეგ, უკვე იყო განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რითიც დღემდე მოვედით და ჩვენი წარმოება ისევ ცოცხლობს ბაზარზე, ხოლო პანდემიამდელ პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობიდან ადამიანების დასაქმებაც კი გახდა საჭირო. 
ამ ეტაპზე წარმოების რესურსი გაიზარდა საშუალოდ 2500 ბოთლის ოდენობით. 

     3. რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

ვიდრე სტუდენტობამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, დაახლოებით 1 თვით აღმოვჩნდით ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში, სადაც მოგვიწია შეხება უამრავი სეგმენტის ღვინოსთან, დაგემოვნება, შეფასება, გაცნობა.. ამ მოკლე პერიოდმა საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, იმ დრომდე, არასოდეს გაგვჩენია სურვილი ღვინის დაყენების ან რაიმე მსგავსის კეთების. მას შემდეგ, გაჩნდა სურვილი ჩვენც გვეცადა. ამბობენ, ღვინო ფილოსოფიააო, ისეთი გამოდის როგორ ენერგიასაც დებ შიგნითო. ყველა ამ იდუმალმა, თუ ცხადმა ფაქტორებმა განაპირობეს შემდეგი პროცესები. კონკრეტულად რატომ ქვევრი და არა სხვა, ესეც იმ იდუმალების ინტერესს მივაწეროთ. ამ უკანასკნელის (ქვევრში ღვინის დაყენება) “გურუ”, ჩვენი მეგობარი და ცნობილი მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი იყო, რომელმაც მაქსიმალურად შეგვიწყო ხელი სწორად წარგვემართა პროცესები.

     4. თუ შეიძლება გვითხარით, რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში და ზოგადად, რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

სირთულეები ხშირია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში გადალახვადიც. კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, 2012 წელს ვცადეთ პირველი ქვევრის ღვინის დაყენება, რომელიც გაგვიფუჭდა და ეს ეტაპიც როგორღაც გადავლახეთ. შემდეგ იყო სხვა ფინანსური თუ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით გამოწვეული სირთულეები, რომლებიც მუშაობის შედეგად გადაილახა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროცესის მართვას, პირველი ნაბიჯიდან ბოლო ეტაპამდე, ვენახიდან დაწყებული, ღვინის ბოთლში ჩამოსხმით დასრულებული, რომელსაც ჩვენივე ხელით ვახორციელებთ; შესაბამისად, საკმაოდ დიდ ყურადღებას და ენერგიას მოითხოვს პროცესების სწორი წარმართვა. ოჯახში ვცდილობთ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და შესაბამისად წარვმართოთ პროცესები. 

     5. თქვენ, ღვინის ბრენდის სახელად შეარჩიეთ „ნები“, საიდან მოგივიდათ ეს იდეა, რომ კონკრეტულად ეს სახელი უნდა შეგერჩიათ?

“ნები” სულხან-საბაში (სიტყვის კონა) მოხსენიებულია, როგორც ხელის გული, რეალურად ამ სახელის იდეა ჩვენმა მეგობარმა (დემეტრე) მოგვაწოდა, რომელიც ასევე ნახსენებია მწუხრის ლოცვებში შემდეგნაირად: “რომელსაცა გიპყრიეს ყოველივე ნებითა შენითა”, ასე მიმართავს ადამიანი ღმერთს. შესაბამისად, რადგან წარმოების ყველა ეტაპის გავლა ხდება ჩვენს ხელში, გადავწყვიტეთ, ჩვენი ნახელავისთვის ეს სახელი დაგვერქმია.

     6. გვესაუბრეთ თქვენს ღვინოზე, რომელ ღვინოს აწარმოებთ და როგორია მასზე მოთხოვნა?

ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ჯიშის ყურძნისგან (ჩინური/ჩინებული), რომელიც გავრცელებულია ქართლის ტერიტორიაზე. მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით ორგანიკა და ბიო ღვინის შემთხვევაში, რომელი მიმართულებითაც ვცდილობთ წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა. 

     7. თუ შეიძლება გვითხარით თქვენს მაგალითზე, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევს ცხოვრებაში?

პირადად ჩვენთვის, დიდად ვერ იგრძნობა, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს, ხოლო რეგიონისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშნელოვანია მსგავსი ლოკაციების არსებობა და ფუნქციონირება, რომლებიც ხელს უწყობენ გარემოს გამოცოცხლებას და ადგილობრივების დასაქმებას, ეს უკანასკნელი კი, როგორც რეგიონის, აგრეთვე ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას. 

     8. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

2017 წელს ჩავერთეთ აგრო ტურიზმში და ღვინის წარმოებასთან ერთად, საქართველოს ელჩობაც შევითავსეთ ჩვენსავე რეგიონში. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულებები, ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა და სამომავლოდ, გადაწყვეტილი გვაქვს, ამ ორი სფეროს კუთხით განვითარება. 

Facebook: Nebi Winery

Instagram: nebi wine

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: