ფშავ-ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის ფშავ-ხევსურეთში სამდღიანი ტური გაიმართა.
პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ფშავში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და სახლი მოინახულეს, ასევე სოფელ ჩარგალში ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები დათვალიერეს. ჟურნალისტებისთვის მოეწყო ხინკლის მასტერკლასი და დამბალ-ხაჭოს დეგუსტაცია. შემდეგ ისინი გაიმგზავრნენ სოფელი კორშაში, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმი – კოშკი და საზაფხულო სკოლა “არტ ჰაუსი” დაათვალიერეს.
შატილისკენ გზად დათვისჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი მოინახულეს.
მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები შატილიდან სოფელ მუცოში გაემგზავრნენ, გზად ანატორის აკლდამები და რეაბილიტირებული მუცო დაათვალიერეს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.