Fra quanto tempo arriviamo?

ახალგაზრდობას განსაკუთრებული სითამამე ახასიათებს. სითამამე, რომელიც ხშირად უსაფუძვლოა და სითავხედეშიც გადაგვდის ხოლმე. სწორედ ასე უსაფუძვლოდ თამამად დავსეირნობ ხოლმე უცხო ქვეყნის უცხო ქუჩებში და ერთადერთი რისიც მეშინია,  დრომ შემთხვევით არ გადაწყვიტოს და შემახსენოს, რომ დღე ღამეში მხოლოდ 24 საათია. ნეაპოლი ჩვენი მოგზაურობის მარშრუტში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში  რეკომენდაციები უხვად მოგროვდა. არ შემხვედრია ბევრი ადამიანი, ვინც ნეაპოლს პირადად შეხვედროდა, თუმცა მისი ხსენებისთანავე ყველა კომპეტენტური ხდებოდა და მკაცრ გაფრთხილებას მაძლევდა. თითქმის დავიჯერე კიდეც, რომ სანამ შუქნიშანზე მწვანე აინთება, აი სულ ცოტაც რომ დარჩა და ჯერ კიდევ ყვითელია, სწორედ ამ დროს გამოაღებს მანქანის კარებს სხარტი იტალიელი ყმაწვილი, რომლის წინაპარსაც დონ-ით მიმართავდნენ და რაღაცას აუცლებლად წამგლეჯს. თითქმის უარვყავი ის რომანტიზმი, რაც მოპედზე მჯდარი ჩაფხუტიანი იტალიელის წამში განხორციელებულ ქურდობას და მოსახვევში გაუჩინარებას ახლავს.

აეროპორტიდან გამოსვლისთანავე სხვა ჰაერი შევისუნთქეთ, ჩვენთვის უცხო, ნამიანი. ავტობუსში – მგზავრების მზერა, ქუჩებში -მკრთალი ფერები და კუბა, მეტროში იაპონია, სასტუმროსთან ნაგავი, მეტი არაფერი მახსოვს. შუადღე იყო, ზუსტად რა დრო არც ეგ მახსოვს, ყოველდღიურობაში ალბათ დილას დავარქმევდი , მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიწყებდით ფრთხილად, თუმცა ეშმაკურად ქალაქის გაცნობას. სანაპიროზე იქამდე მივსეირნობდით, სადამდეც ჰორიზონტი გვიშვებდა. სურათი იცვლებოდა, ხალხიც, მაგრამ კლდის ლოდები რჩებოდა. ლოდებს კრემისფერი დაჰკრავდა, გოგონას, რომელიც სპეციალურად შერჩეულ ლოდზე იწვა – შოკოლადის. მას არავინ უყურებდა, მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი. ძალიან ლამაზი იყო. სხვანაირად თამამად იწვა, და ზოგადად ხალხიც სხვანაირად თამამად შიშველი იყო ნაპირზე. სხვადასხვა ფერის ნავებს და იახტებს, სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმები ისე ეხამებოდა თითქოს წინასწარ შეთანხმებულიყვნენ.

იქვე, ახლოს, წყალბურთის ეროვნული ნაკრების საცურაო აუზი იყო, ზღვაში თუ ზღვასთან რთული სათქმელია. აუზს ფონად ვულკანი ვეზუვი გასდევდა. არა მარტო აუზს, თვითონ ნეაპოლსაც და მგონი, ნეაპოლიტანურ სულისკვეთებასაც. ვულკანი მათ არ ვნებს, რაც არ ვნებს, აძლიერებს. იქნებ იმის მუდმივი შიში, რომ ვინმე სულს შეუბერავს და რეალობას დროის უმოკლეს საზომში ისტორიად გადააქცევს სხვანაირ სითამამეს აძლევს ნეაპოლელებს. ვინც მას თვალს უსწორებს სხვა თვალებით იყურება. შევამჩნიე, რომ მზის სათვალესაც იშვიათად ხმარობენ. ვეზუვი ყოველი წეტილიდან ჩანს, ის სანაპიროს დომინანტია.  თითქოს მზეს და ვულკანს ალიანსი აქვთ და მზე რომ ჩასვლისას გამუქებას დაიწყებს,  ვეზუვიც ჟანგისფერ წითელს ირგებს, მზე ჩადის, ვულკანი კი თვალსაწიერიდან ქრება. ამბობენ, რომ ამდროს ნეაპოლი განსაკუთრებით საშიშია.

პიცა და კრიმინალი. ასოციაციაც ასეთი უნდა. პიცერია პატარა ჯიხურს ჰგავდა, ღარიბულს. შიგნით სიღრმეა, სიღმეში კიბე. სანამ მეორე სართულზე აღვმოჩნდებოდით შეფების კორიდორი უნდა გაგვევლო. ყველა ერთმანეთს ჰგავდა, თეთრი წინსაფრებით და მზარეულის მაღალი ქუდებით. თითოეული ცალცალკე სანდომიანი ჩანდა, მაგრამ ყველა ერთად საშიში. რა თქმა უნდა, იტალიურად საუბრობდნენ, რომ შევედით გაჩუმდნენ, წამის მეასედით დავუშვი, რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღვმოჩნდით და აქ გამართლდებოდა კომპეტენტური სახით მოცემული რჩევები, ან უბრალოდ პიცა აღმოჩნდებოდა არაკანონიერი. ამ ფიქრებში გართული, ჩავერთე ორგანიზებულ დანაშაულში და უზარმაზარი მარგარიტა შევუკვეთე, არც ექვსად გავჭერი, არც ოთხად, რადგან მთლიანად მე მეკუთვნოდა. ადგილობრივივით დავიწყე ჭამა და  პირველად მივხვდი რატომ  არის pizza იტალიური და თან ნეაპოლში საუკეთესო. უფრო ბევრ z-ს ჩავამატებდი, აღმატებულობისთვის. ძალიან მომეწონა მეც  და ოდესღაც, თურმე,  ბილ კლინტონსაც. ნეაპოლში ვიზიტისას ერნესტომ დაჟინებული თხოვნით, თუ მოთხოვნით ბილი პიცაზე შეიპატიჟა და მას შემდეგ მე და ჩემნაირ სტუმრებს ამას უსიტყვოდ უყვება.

მოპირდაპირე მხარეს პატარა საფეხურზე  კაცი იჯდა, სავარაუდოდ პარიკმახერი, რომელიც თმას კი არ ჭრიდა, არამედ კრეჭდა. საპარიკმახერო ცარიელი იყო, პარიკმახერის მზერა კი ნაღველით სავსე. პატარა ბიჭს ჰგავდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი, კისრის ნაოჭი მის საიდუმლოს ამხელდა.  ფართოდ გაღებულ კარებში  მოჩანდა პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი, რომელიც ალბათ ოდესღაც მკვეთრი ფერებით იქცევდა ყურადღებას. დღეს კი ასაკი მასაც ეტყობოდა. წარმომიდგენია, რომ ფენის ჩართვისას მოგრძო ნათურა ბჟუტვას იწყებს, რადგან ძაბვა ვერ უძლებს, პარიკმახერი კი ამას არ იმჩნევს და თმას უსწორმასწორო სიგრძეზე ტოვებს, შიგადაშიგ კი იტალიურ ემოციურ აღშფოთება-შეშფოთებას გამოხატავს. საპარიკმახეროს კუთხეში ვინტილატორი დგას, სავაძლისკენ მიშვერილი. ალბათ დიდი ხანია კლიენტი არ გამოჩენილა, თორემ აუცილებლად შეუცვლიდნენ მიმართულებას. ასაკის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ ძლიერად უბერავს. ვინ იცის რამდენი წელია?! ეს ყველაფერი დეკორაციას ჰგავდა, მარკეტინგულ გადაყვეტილებას, რომელიც თეორიულად ბევრ კლიენტს მოიზიდავდა, მაგრამ სიანმდვილეში, ნეაპოლის სინამდვილეში, პარიკმახერიც და საპარიკმახეროც მარტოსული ჩანდა. ჩიტი გამოხტა. ულვაშებში იღიმოდა, კარგი იუმორი ექნებოდა და ალბათ სასაცილო კომენტარსაც გააკეთებდა ჩვენზე, ტურისტებზე. თითქოს ყველა და ყველაფერი გვახსენებდა, რომ სტუმრები ვიყავით.

თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგძნობდით ცენტრშიც და მის მიღმაც, სანამ დაღლილებმა უსახური, გრძელი კიბის საფეხურზე გადავწყვიტეთ ჩამოჯდომა. შორს ვიყავით ხალხმრავალი ადგილიდან, სიმშვიდეში. ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგე, არც თუ ისე ხნიერი ქალი კიბეებზე ჩამოდიოდა. რომ მომიახლოვდა უკმაყოფილო სახით გამომხედა, არადა კიბე  განიერი იყო, ჩემზე ათჯერ უფრო. საკმაოდ ახლოსაც გამიარა. ის ადგილი თითქოს  მას ეკუთვნოდა, მეც ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და სანამ ახალგზრდა კაცების ახალი ტალღა კიბის ზემოდან ცუნამივით დაგვეჯახებოდა სასწრაფოდ დავტოვეთ ადგილი. აქაც ცხელოდა და ისტრიულ ცენტრშიც, მაგრამ იქ სიცხეს ადამიანების სითბო ემატებოდა.

ნეაპოლი ღარიბია. სწორედ ერთ-ერთ ღარიბულ, მაგრამ ალკოჰოლით მდიდარ ბარში დავსხედით. ცისფერი სავარძელი ავარჩიეთ, ორადგილიანი, თითქოს უსიტყვოდ შევთანმხდით, რომ არა ერთმანეთს, არამედ ქალაქის ჟრიამულს მოვუსმენდით. ბარი ინდური იყო, სახელწოდებით ,,შანთი’’, რაც  გვავალდებულებდა შინაგანი სიმშვიდე გვეპოვნა. თავიდან ღვინოც ამას ემსახურებოდა, თუმცა რამდენიმე ჭიქის შემდეგ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა. ამასობაში საფეხმავლო ქუჩაც ახმაურდა. ოფიციანტმა ქალბატონმა და ბატონმა ცეკვა დაიწყეს, თავისი მოძრაობებით ტკბებოდნენ და ჩვენც გვატკბობდნენ. სპონტანურობაში გვატყუებდნენ, თუმცა სიამოვნებით ვიტყუებდი თავს. ჟრიამულს გავყევით და შემთხვევით იტალიურ ეზოში აღმოვჩნდით, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან დიდ აივანზე გავედით, აივნიდან პატარა ოთახში.  არავისთვის არაფერი გვიკითხავს, არც პირიქით. არც მოსაწვევი გვქონდა, არც ადგილი დასაჯდომად, თუმცა სამხრეთელების სტუმართმოყვარეობით გათამამებულებს არც გვჭირდებოდა. იტალიური არ გვესმოდა, ამიტომ როდესაც ხალხი იცინოდა ჩვენც ვიცინოდით, ხანდახან კი უბრალოდ თბილად ვუღიმოდით ახალგაზრდა მსახიობებს. სიჩუმეში ფიქრებში ვიკარგებოდი და ერთის მაგივრად სამ სცენას ვხედავდი, მთავარ სცენაზე ჩვენ ვისხედით, იტალიელები კი შიგადაშიგ გაკვირვებით გვიყურებდნენ ქართული ენის მოსმენისას ან უბრალოდ სპექტაკლის მიმდინარეობისთვის ხელის შესლისას. ბოლომდე რომ დავრჩენილიყავით, აპლოდისმენტებსაც დავიმსახურებდით უზნეობისათვის.

დრო უკვე აღარ მენანებოდა, ნეაპოლმა ყველაფერი მომცა, რისი მოცემაც შეეძლო. მეორე დღეს, ქალაქის დატოვებისას გულიც კი არ მწყებოდა. ალბათ იმდენად სავსე იყო, სინანულმა ადგილი ვერ იპოვნა. ჩვენ სამხეთისკენ მივემართებოდით, ჩექმის ქუსლისაკენ. მიმართულებას დიდი ავტობუსის მძღოლი განსაზღვრავდა. როდესაც საქარე მინასთან მივაჭერი,  ჩვეული სითამამით და მშობლიურ ენად ქცეული ინგლისურით ვიკითხე, თუ რამდენ ხანში ჩავიდოდით, იტალიელმა მძღოლმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და იტალიაში არა იტალიურად მოსაუბრეს უკულტურობაში ბრალი დამდო. ალბათ, თავხედობაშიც ჩამითვალა. უკვე ვიცი -Fra quanto tempo arriviamo?

 

 

Tags: