თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში იწყება კამპანია – „ერთად მოვრთოთ თბილისი”. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. კახა კალაძემ თბილისელებს ქალაქის საახალწლოდ გალამაზებაში მონაწილეობა შესთავაზა. თბილისის მერის განცხადებით, ახალი წელი ის თარიღია, რომლის ნამდვილ დღესასწაულად გადაქცევაში საერთო განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მოდით, ერთად შევქმნათ ახალი წელი და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან მარტივი რამ არის ამისთვის გასაკეთებელი- საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდოს იქნება ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ რომ საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია