ენტონი-მაიზერ ჰოპკინსი ანუ სამი დღე სვანეთში

  • Home
  • ბლოგები
  • ენტონი-მაიზერ ჰოპკინსი ანუ სამი დღე სვანეთში

მიკროავტობუსთან ზუსტად 6:00-ზე ვიყავით, ზაფხულის სვანეთის სანახავად მივდიოდით და გასვლაც უთენია გადავწყვიტეთ. ტრადიციულად რამდენიმე ძილისგუდა აგვიანებს, ორგანიზატორი ნერვიულობს, სიგარეტს უკიდებს და გამალებით მობილურის ეკრანზე, საათს დაცქერის
– ორი გვაკლია, მოვლენ და გავალთ.
– რომლები? – იკითხა ერთმა დროულად მოსულმა
– ხათუნა და ეკა, შატილზეც რომ დააგვიანეს
– ხათუნა ფეისბუქში მყავს, ღამის ორ საათზე თეთნულდის სურათი
გააზიარა, აბა როდისღა მოვა
დაგვიანებულებმა 31 წუთიანი ინტერვალის შემდეგ ინებეს მობრძანება, კვორუმიც შეივსო და დასავლეთისკენ დავიძარით.
“გზა ნაფიქრი ნაბიჯით მიქროდა წინ” – ნიაზის მელოდია ფარავს ტრასპორტის ძრავის და მგზავრების ხმას. ვცდილობთ დროის გაყვანას, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ზოგი უკვე ნამყოფია სვანეთში და გვაკვალიანებს. გორში და ზუგდიდში საჭირო პროდუქტების შესაძენად ცოტა ხანი გავჩერდით.
წალენჯიხის რაიონში შევდივართ, მთიანეთი იწყება.
– რა სილამაზეაა – აჩხაკუნდნენ აპარატები – ზოგი ტელეფონით, ზოგიც
ციფრულით ცდილობს ამ სილამაზის წაღებას.
– ვაიმე, ინტერნეტს ვერ იჭერთ? დაჩეკინება მინდა, რა ჰქვია ამ ადგილს?
– კითხულობს 31 წუთდაგვიანებული ენგურსესის წყალსაცავთან.
პირველივე დიდ, ლამაზ ჩანჩქერთან ვჩერდებით და სურათებს ვიღებთ. ცოტა მაღლა ავდივართ ფეხით და ახლა ენგურჰესის აუზს გადავყურებთ. ლურჯი წყალი და სიმწვანე ლამაზადაა შეხამებული.
ბარჯაში გავიარეთ, პირველი შესასვენებელი ადგილი, კუბდარებითა და სხვა სვანური გემრიელობებით. რამდენიმე კილომეტრში სვანეთის პირველი დიდი დასახლება ხაიშია, რომელსაც ხუდონჰესის გამო დატბორვას უპირებენ. ხაიშის შემდეგ გზა ორად იყოფა, ერთი მესტიისკენ, მეორე კი ჭუბერისკენ მიდის, რომლის მერეც ოკუპირებულ კოდორის ხეობა იწყება.
ენგურის დიდ და საშიშ ხეობას მივუყვებით, გარშემო მთებია, რომელიც თანდათან, სიმაღლის მატებასთან ერთად თოვლიანდება. მდინარე ნაკრა გადავიარეთ, რომლის ხეობასაც სილამაზის გამო მეორე კანადას უწოდებენ.
გავიარეთ სოფელი ცხუმარი, ულამაზესი ადგილი, რომელიც მთის ქვემოთ, მდინარის პირას მდებარეობს. ლამაზი სახლებით, დახაზული წყაროს წყლებითა და დამუშავებული ყანებით.
ეწერიც გამოჩნდა, სადაც ერთ დროს თავად დადეშქელიანის მთავარი რეზიდენცია იყო და ძნელბედობის ჟამს საქართველოს საგანძურს ინახავდნენ. სოფელში სამი კოშკი დგას, აქედან ორი გზიდანაც მოჩანს.
ბეჩომდე დიდი, თოვლიანი და ზვიადი უშბა დაგვყურებს. რამდენიმე წუთიც და ბალსზემო სვანეთში ვართ. თეთნულდის ფონზე სოფელი ლატალი დავინახეთ, ამინდმაც გაგვიმართლა დღეს, ცა მოწმენდილია და ყველაფერი მკაფიოდ მოჩანს.
დაბამდე ლენჯერია, რომლის კოშკებიც, მთების ფონზე გზის გუშაგებივით ამაყად დგანან.
მესტია ტურისტებით სავსე დაგვხვდა, უფრო უცხოელები ჭარბობენ. ავტომობილი ლამაზ, საოჯახო სასტუმროსთან გაჩერდა. ჭიშკართან სვანური ქუდით, ხნიერი კაცი გვეგებება, ცოტათი ენტონი ჰოპკინსს გავს. მაპინძელს მაიზერი ერქვა და ოთახებში წარგვიძღვა.
კარგი მყუდრო ნომრებია. გავდივარ აივანზე, საიდანაც ნახევარი მესტია მოჩანს, თავისი კოშკებითა და კოხტად დამუშავებული ყანებით.
4 საათამდე მუზეუმს მინდა მივუსწრო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და მრავალი ექსპონატია დაცული: ძველი, მსოფლიოში უნიკალური ქართული ოქრომჭედლობა, წმინდა ხატები, ადგილობრივთა სამოსი, სამუშაო და საბრძოლო იარაღები.
მუზეუმში იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას 1890 წლებში გადაღებული სურათებიცაა გამოფენილი. მამაც ფოტოგრაფს, 30 კილოგრამიანი აპარატით, შემოუვლია მთელი სვანეთი და ეს სილამაზე შემოუნახავს. ერთ ოთახში ქართველი ფოტოგრაფისა და მთავსვლელის, გურამ თიკანაძის სვანეთში გადაღებული უნიკალური ფოტოებია გამოფენილი.
მუზეუმიდან გამოსულები კოშკებს ვათვალიერებთ, ზოგან შესვლა და გადმოხედვაც შეიძლება. გავავსეთ აპატარატები სურათებით და ამასობაში ღამეც შემოგვეპარა. დავბრუნდით საოჯახო სასტუმროში, მდინარის ნაპირზე შევწვით მწვადი, მასპინძელმა საკუთარი რახი მოგვართვა. სუსხის მიუხედავად გარეთ, ვაშლის ხის ძირში ვშლით სუფრას. მაიზერის შვილიც გვიერთდება, გვიყვება ისტორიებს სვანეთზე: ხალდეს აჯანყებაზე, დადეშქელიანთან ბრძოლაზე, ყანსავ ყიფიანის გმირობაზე. სვანურ სიტყვებსაც გვასწავლის. ერთმა სვანური გინების გაგებაც მოინდომა, რაზეც მაიზეროვიჩმა დაბღვერილი სახით უპასუხა:
– სვანებს ენაში გინება არ გვაქვს
დილით უშგულისკენ მივდივართ. თანდათან პატარავდება მესტია, გამოჩნდა ლახირის უბანი, რომელიც ერთი-ორად ლამაზია ბუმბერაზი უშბის ფონზე.
სოფელი იელში შევედით, სამწუხაროდ აქეთ უმეტესი სოფელი დაცარიელებულია, ცოტა ხალხია შემორჩენილი, კოშკებიც ვეღარ არიან ყოჩაღად, ფაქტია ასეთი ლამაზი მხარე მიტოვებულია, თუმცა ვერც გაამტყუნებ ადგილობრივებს. ძნელია ამ პირობებში ცხოვრება, არა სამუშაო, საავადმყოფო, სკოლა, კომუნიკაცია.
ხმაურიანი ენგურის პირას სიყვარულის კოშკთან გავჩერდით, შიგნით შევედით და სურათები გადავიღეთ. გარეთ სუვენირები იყო გამოფენილი, ყიდდნენ ხის სვანურ კოშკებს, კაჟს, მარმარილოს და მთის ბროლის კრისტალებს. ბროლის კრისტალები სვანური კოშკებს გავდნენ, სწორი, ოთკუთხედები და ფასიც კარგი ჰქონდათ, რომელიც უფრო უცხოელთათვის იყო განკუთვნილი.
გზად ფეხით მიმავალი უცხოელი ტურისტები გვხვდებიან, ეტყობათ რომ
აღფრთოვანებული არიან ამ სილამაზით.
უშგულამდე კიდევ ვჩერდებით, წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია უნდა ვნახოთ, რომელსაც სვანები ლაგურკას უწოდებენ და X საუკუნეშია აგებული. სოფელ ხესთან დავტოვეთ მიკროავტობუსი და მაღლა მთაზე მდგარი ტაძრისკენ გავწიეთ. თითქმის კილომეტრიანი ბილიკი, ტყეში მაღალ ხეებს შორის გადის. მაღლიდან საოცარი ხედი იშლება, კალას თემში შემავალი პატარ-პატარა სოფლები კოხტად განლაგებულან, ზოგი მთის ძირში, ზოგიც მაღლა, რომელსაც დიდი კოშკები ამშვენებენ. ერთ სერზე სვანები ცელენ ბალახს და ძნებს აყენებენ.
შევდივართ ტაძრის ეზოში, ერთ შენობაში, დიდი ქვაბი დევს, სადაც ლაგურკას დღესასწაულზე მთელი სოფელი ხარს ხარშავს და მოსულ სტუმრებს უმასპინძლდება. ტაძარი ხუთიოდე მეტრით მაღლა დგას, მოყვითალო ფერის შირიმით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს. დასავლეთით აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო. ტაძარი მოხატულია.
გიდი გადმოგვცემს ტაძრის შესახებ ისტორიებს, შალიანის ხატზე, საჯილდაო ქვაზე.
მიკროავტობუსით მივემართებით უშგულისკენ, ავიარეთ აღმართი და ევროპის მეორე ყველაზე მაღალდასახლებული ადგილიც გამოჩნდა. (ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად თუშეთში სოფელი ბოჭორნა ითვლება, რომელიც 2317 მეტრზეა, უშგული კი 2060-ზე)
კოშკებით სავსე სოფელს (სულ 37-ია), დარაჯად ორი მთა უდგას, შუაში ენგური ჩამოუდის, ხოლო ჩრდილოეთით საქართველოში ყველაზე მაღალი 5200 მეტრიანი, ცხრათავიანი მწვერვალი შხარა დაჰყურებს.
უშგულის ცენტრში ვჩერდებით და ვიწყებთ დათვალიერებას. მივდივართ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, ლამარიას სანახავად. გზა კოშკებს შორის გადის, საოჯახო კაფე-სასტუმროები სავსეა ტურისტებით, რომელებიც უგემრიელეს კუბდარს უსინჯავენ გემოს და სახეზე ეტყობათ რომ ძალიან მოსწონთ. ვიწრო გზაზე ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელსაც ჩარქსელიანები უვლიან. ერთ ოთახში თავმოყრილია მთელი სვანური კულტურა. მახვშის სკამი, სადღვები, სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ჩუქურთმებით მორთული ავეჯი, დათვის ტყავი, სართავი, ლაჯშიარი და სხვა. მასპინძლობა გეგიმ და ალუდამ გაგვიწია.
ავედით ტაძარში. დათვალიერების შემდეგ მღვდელს მოვუსმინეთ, რომელმაც საინტერესო ამბები გვიამბო და გორაკზე თამარის კოშკი დაგვანახა, სადაც დედოფალი ისვენებდა. გვინდა კიდევ გავჩერდეთ, თუმც წინ ბევრია სანახავი. ვეშვებით ქვემოთ, პირველივე სახლთან, საკუთარ ეზოში, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე იჯდა. სტუმრებს თბილად დაგვხვდა და შესანიშნავი ნახატებიც დაგვათვალიერებინა. ფიროსმანის მეეზოვე ვარ – გვითხრა გამომშვიდობებისას.
აქედან მიკროავტობუსით თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მივდივართ, საიდანაც სვანეთის ნეფე-დედოფალი უშბა და თეთნულდი მოჩანს. ქვემოთ ულამაზესი სოფელი მულახია გაშენებული, ლამაზი კოშკიანი სახლებით, საგვარეულო უბნებით და მოვლილი მინდვრებით.
დაღამებამდე ვბრუნდებით მესტიაში და სეტის მოედნისკენ გავდივართ, ერთ კაფეში ხალხმრავლობა და ცეკვა-თამაშია, ანსამბლი “კვირია” მღერის.
დილით ლეგენდარული მთამსვლელის, “კლდის ვეფხვად” წოდებული მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ. საგვარეულო კოშკი კარგადაა შენახული, აქ გამოფენილია ალპინისტის სურათები, ჯილდოები, აღჭურვილობა.
წასვლამდე ჰანწვალზე ავდივართ, საბაგირო ნელა მიიწევს მთაზე შემომდგარი რესტორან ზურულდისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2340 მეტრზეა და მისი აივნიდან შესანიშნავი ხედი იშლება. უკან კოშკებიანი მესტიაა, რომელიც თანდათან პატარავდება. კვლავ გაგვიმართლა, კარგი ამინდია და ყველაფერი მკაფიოდ მოჩანს. მარცხნივ თეთრად მოსილი თეთნულდი, უკან დიდებული უშბა, იქით ლაჰილი, ქვევით კი ფიჭვების ულამაზესი ტყე.
3 საათისთვის ვტოვებთ მესტიას. დედაქალაქამდე სულ სიმღერით ჩამოვდივართ. თბილად ვემშვიდობებით ერთმანეთს და პირობას ვდებთ რომ მალე ვეწვევით სვანეთს.