ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკოტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს და გამოფენის სტუმრებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამების დირექტორი კატია კამერერი მონაწილეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მჭიდრო თანაშრომლობას აგრძელებენ და ახალ ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.
„ეკოტურიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე დღეს ძალიან მოხარულები ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგია გამოფენის საერთაშორისო ვიზიტორებისთვის წარგვედგინა. ჩვენ ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი და ეკოტურიზმის განვითარება. ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტია ამ მიმართულებით ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.