ეკოტურიზმის 5 საუკეთესო მიმართულება

  • Home
  • სხვა
  • ეკოტურიზმის 5 საუკეთესო მიმართულება

სტატიაში იხილავთ 5 საუკეთესო ეკოტურისტულ დესტინაციას მსოფლიოში. ამ სიის შედგენისას გათვალისწინებულია არამარტო ადგილის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, არამედ ისიც თუ რამდანად მოვლილი და შენარჩუნებულია ამ ადგილებში ეკოსისტემები და როგორი დამოკიდებულება აქვთ ადგილობრივებს ბუნებისა და გარემოსადმი. 

სტატიაში წარმოდგენილია დედამიწის გამორჩეული ეკოსისტემები: ჯუნგლები, ფერადი მარჯნის რიფები, ვრცელი სავანები და ზღაპრული ფიორდები.

     1. “პალაუ”

პალაუ აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი დესტინაცია დაივინგის მოყვარულთათვის. კუნძულის სანაპირო გამორჩეულია კრისტალურად სუფთა ზღვით და ფერადი წყალქვეშა საოცრებებით, სადაც 500-ზე მეტი სახეობის მარჯანის და 1,400-მდე სახეობის თევზის ნახვაა შესაძლებელი. სანაპიროზე მოგზაურებს შეუძლიათ ისეირნონ სუფთა სანაპიროების გასწვრივ და მოაწყონ ლაშქრობა ჯუნგლებში.

პალაუს ადგილმდებარეობა იცავს ამ რეგიონს მასობრივი ტურიზმის საფრთხეებისგან, რამაც განაპირობა ამ რეგიონში კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება. ასევე ადგილობრივები აქტიურად მონაწილეობენ ეკო-ტურისტულ აქტივობებში და მათ მთავარ მიზანს პალაუს პირვანდელი იერსახის შენარჩუნება წარმოადგენს.

პალაუს სანაპიროს უმეტეს ნაწილში აკრალულია თევზჭერა, რამაც გადაშენების პირას მყოფი თევზის მრავალი სახეობა გადაარჩინა. პალაუს საკონსერვაციო საზოგადოება ახორციელებს პალაუს ტერიტორიის დაცვას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას იქ არსებული ეკოსისტემების დასაცავად.

     2. “ნორვეგიის ფიორდები”

ნორვეგიის ადგილმდებარეობა და ქვეყნის მკაცრი ეკოლოგიური რეგულაციები ხელს უწყობს ნორვეგიის ცნობილი ფიორდების ხელუხლებელი სილამაზის შენარჩუნებას.

ნორვეგია გამორჩეულია ულამაზესი თოვლიანი მთებით, ჩანჩქერებითა და კრისტალურად სუფთა წყლებით. მოგზაურებს შეუძლიათ აქ ლაშქრობა, ნავით გასეირნება ან ველოსიპედით მოგზაურობა უხეში რელიეფების გავლით. ნორვეგიაში ველური ბუნება ხელუხლებლად არის შენარჩუნებული, ასევე რეგიონის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, აქ, უამრავი ძველი სოფელია, რომელთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა და სადაც დღემდე კარგად არის შენარჩუნებული ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები.

როგორც გარემოსდაცვითი პოლიტიკის საერთაშორისო ლიდერმა, ნორვეგიამ იზრუნა თავისი უნიკალური სანაპირო ზოლის დაცვაზე და გაატარა რეგულაციები თევზჭერის, ვეშაპების დაჭერისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან დაკავშირებით.

3. “კოსტა–რიკა”

კოსტა-რიკა შეიძლება ითქვას გაიგივებულია ეკოტურიზმთან და ეს შეფასება სულაც არ არის გაზვიადებული. აქ არსებული ნისლიანი ღრუბლების ტყეები, შავი ქვიშის სანაპიროები, წვიმიანი ტყეები და მდინარეების სწრაფი ტალღები საინტერესო და დაუვიწყარ აქტივობებს სთავაზობს აქტიურ მოგზაურებსა და ბუნების მოყვარულებს. კოსტა-რიკა საყოველთაოდ ცნობილია თავისი ველური ბუნების თავშესაფრების სიმრავლით და მისი ცხოველებისა და მცენარეების მრავალფეროვნებით. აქ არსებულ დაცულ ტერიტორიებზე უამრავი ცხოველი ბინადრობს, მათ შორის ზარმაცა, მაიმუნები, ნიანგები, იაგუარები, ზღვის კუები, შხამიანი ბაყაყები და სხვ. აღსანიშნავია, რომ ეკო აქტივისტებისთვის კოსტა-რიკაში უამრავი ეკო-მეგობრული განთავსების საშუალებაცაა.

4. “კერალა”, ინდოეთი

კერალას პატარა შტატი მდებარეობს ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ღმერთის საკუთარი ქვეყანა“. კერალა გამორჩეულია სუფთა ქვიშიანი სანაპიროებითა და ულამაზესი ტყეებით. ეს ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი კუთხეა, სადაც ასობით უნიკალური სახეობის ცხოველისა და მცენარის ნახვაა შესაძლებელი. გადაშენების პირას მყოფი თხა აქ თავს აფარებს რაჯამალას ეროვნულ პარკს, ხოლო სპილოები, ბიზონები და ტახები თავისუფლად ტრიალებენ ტბა პერიარის ველური ბუნების სავანაში.

წარსულში კერალას ეკოსისტემებს და ტყის საფარს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ დღესდღობით ტყეების უმეტესობა დაცულია და აქ არსებული ტურისტული ობიექტები ზრუნავენ, რომ მოგზაურებიც პასუხისმგებლობით მოეკიდონ კერალაში არსებულ რეგულაციებს.

5. “კენია”

კენია ცნობილია ფართო სავანებით, რომლებიც ლომებით და სპილოებით არის სავსე, მაგრამ მოგზაურთა უმეტესობამ არ იცის, რომ აქ ასევე არის მთები, ტბები, წვიმის ტყეები, უდაბნოები და სანაპიროები. კენიის წარმოუდგენელი ბუნებრივი მრავალფეროვნება დაცულია ქვეყნის მასშტაბით 50 ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში. სანაპიროზე მოგზაურებს შეუძლიათ ხელუხლებელ თეთრ სანაპიროებზე გასეირნება და წყლისქვეშ ფერადი მარჯნის რიფების ნახვა. 

კენიაში მთელი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საზოგადოებასთან და მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე.

 

წყარო: Smartertravel

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: