ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კასპში ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

  • Home
  • მთავარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კასპში ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ტექნოპარკის პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკთან ერთად ასევე პროფესიული სასწავლებელიც გაიხსნა.

მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამებს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად. მათ შორისაა, პროგრამები როგორც ფინანსებზე წვდომის გამარტივების, მათ შორის, საგრანტო და აქსელერაციის კუთხით, ასევე საგანმანათლებო – სატრენინგო მიმართულებები.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აღნიშნული პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს, არის ტექნოპარკების განვითარება რეგიონებში. კასპის ტექნოპარკი უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ჩვენი პრიორიტეტია ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ტექნოპარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Tags: