“დემა” • “DEMA” – ხელნაკეთი სუვენირების საწარმო

როდესაც ცოტა კიდევ გავიზრდებით ჩვენი ოცნებაა დავასაქმოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) რამდენიმე ბავშვი და ერთად დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს - დავით მოსიაშვილი

    1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის დავით მოსიაშვილი?

პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი ვარ. ამჟამად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ვმუშაობ. პარალელურად ვწერ ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით მრავალ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ვარ ჩართული. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სულ ვცდილობ საზოგადოებაში განვავითარო და დავამკვიდრო ის აზრი, რომ ორივე მშობელი, დედაც და მამაც ვალდებულნი არიან თანაბრად იყვნენ ჩართულნი შვილების აღზრდის საკითხში. სწორედ ამ მიზნით, ჩემს მიერ შეიქმნა ფეისბუქ გვერდი სახელად “მამიკო”. დღეს ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ ახმეტის რაიონში.

    2. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ამზადებთ სუვენირებს, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვცდილობ ბავშვებში გავაღვივო სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესი და მათი გონება მივმართო არა მარტივი, არამედ რაიმე განსაკუთრებულის კეთების სურვილისკენ, ყოველივე ეს მარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად ხელს ვუწყობ მათი გონებრივი შესაძლებლობების წინსვლას და განვითარებას. გარდა ამისა დემეტრეს (ჩემი შვილის) დიაგნოზმა (ცერებრალური დამბლა – დიპლეგია) მაიძულა მომეფიქრებინა ისეთი ხელსაქმე, რაშუც დემეტრე თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად იქნებოდა ჩართული.

    3. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ხელსაქმეში, თქვენ შვილებიც გეხმარებიან, რამდენად მოსწონთ და იტაცებთ მათ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება?

დემეტრე და მარიამი ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ცდილობენ, ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დამეხმარონ ყველა საქმიანობაში.

“Dema”•”დემა” – ს შექმნის ძირითადი მიზანი მაინც იყო ის, რომ როდესაც დემეტრე გაიზრდება, მას ჰქონდეს თავისი საქმე. ორივე ბროშების შექმნის პროცესში თავიდან ბოლომდეა ჩართული. დემეტრეს მოვალეობა ძირითადად გაფერადებაა, ხოლო მარიამი დიზაინის მოფიქრებითაა დაკავებული და სხვადასხვა გამოფენებზე პრომოს ფუნქციასაც ითავსებს.

,,DEMA”-ს შექმნამ ორივეს მოუმატა თავდაჯერებულობა, მოსწონთ როდესაც ცნობენ და რაც მთავარია აქვთ ხელფასი.

     4. თუ შეიძლება გვითხარით, რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

ყველაფრის გაკეთება ხელით გვიწევს, ძალიან შრომეტევადია. ამდენად, ჯერჯერობით ვერ ვამზადებთ იმ რაოდენობას, რომ მაღაზიების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

   5. თქვენს სუვენირებზე ბევრი მაღაზიისგან არის მოთხოვნა, რამდენად ელოდით ასეთ დაინტერესებას?

გაყიდვებს, ძირითადად, ფეისბუქ გვერდიდან ვახორციელებთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღაზიამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა.

ჩვენი მომხმარებელი ყველა ასაკის ქალბატონია, ვისაც უყვარს ხელნაკეთი სამკაულები. ასევე მამაკაცებიც, რომლებიც ყიდულობენ საჩუქრებად. ჯერ უკმაყოფილო კლიენტი არ გვყოლია, ჩვენ გაყიდულ ნივთებს შეფუთვაში ვაყოლებთ ჩვენს მოკლე ისტორიას.

     6. და ბოლოს, თუ შეიძლება გვითხარით, რა არის თქვენი სამომავლო გეგემები და აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოებას?

ჩვენ უკვე გვაქვს სახელოსნო, უამრავი ხელსაწყო. როდესაც ცოტა კიდევ გავიზრდებით ჩვენი ოცნებაა დავასაქმოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) რამდენიმე ბავშვი და ერთად დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გვსურს, “დემა”-ს შემოსავლებით მოხდეს მათი სახელოსნომდე ტრანსპორტირება და დღის ბოლოს, საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება.

გარდა იმისა, რომ გვინდა მივიდეთ სოციალურ საწარმომდე, სამომავლოდ გვინდა ჩვენს სახელოსნოში განვავითაროთ შემეცნებითი ტურიზმი, სადაც ვიზიტორები ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს და დაათვალიერებენ ნაკეთობებს. ასევე მუდმივად ვიზრუნებთ ჩვენი ბიზნესის განვითარება გაფართოვებაზე და იმაზე რომ ჩვენი ნივთები იყოს მუდმივად მოთხოვნადი.

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

 

Tags: