ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, რამდენიმე წლის წინ აღტაცებით მიყვებოდა მეგობარი თავის ზღაპრულ ლაშქრობაზე, სადღაც შორს, მთაში, რომ ნახა ფერადი ტბები და რომ იყო ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი და ა.შ. მაშინ ნამდვილად არ მეგონა, რომ იმ საოცნებო ადგილას ოდესმე მეც მოვხვდებოდი, ეს საუბარიც დავიწყებული მქონდა და ადგილის სახელიც.
ლაშქრობაზე როდესაც ხშირად ოცნებობ – ეგ არ კმარა, მონდომება უნდა. დაცდილი მაქვს, რაც გულით მოვინდომე ყველაფერი ასრულდა და ეხლაც, როდესაც ვფიქრობდი როგორ გავქცეოდი რუტინულ კვირა დღეს ფბ-ზე ივენთებში ამომიგდო – ტური აბუდელაურის ფერად ტბებზე. დავუკავშირდი გრინვუდს. ერთი ტრანსპორტი შევსებული იყო, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რამდენიმე დღეში დაემატა მეორე ტრანსპორტი და იქ გაჩნდა ჩემთვის ადგილიც. გული სიხარულითა და მოლოდინით სავსეა.
მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან შევიკრიბეთ. სრულიად უცნობ ხალხთან ერთი მიზანი მაერთიანებდა – დამელაშქრა სამი ტბა.
თავგადასავალი სოფელ როშკაში ასვლამდე დაიწყო, სამჯერ მოგვიწია გადმოსვლა მარშუტკიდან.
როშკაში ვართ, პირველი ეფექტიდან ეტყობა, რომ დაუვიწყარი დღე იქნება. შევჯგუფდით და გიდი იწყებს – მე ვარ ვიტო, წინ მე გაგყვებით, უკან ბაჩო, არავნ ჩამორჩეთ და არ გადაუხვიო გზიდან…
დავადექით ბილიკს. მივდივართ მაღლა, მათაში, შორს, საშუალო სირთულის ბილიკით, სადღაც დაგუბებული წყლების სანახავად, რომელთათვისაც ტბები უწოდებიათ და თან ფერებით – აქა მწვანეო, იქა ლურჯიო, და თეთრიცო, ნეტა როგორ არჩევენ?!
მიუყვები ბილიკს და დაღლილობა, სიცივე და სილამაზე თანდათან იმატებს.
აი ჭიუხებიც გამოჩნდა, ვის ეგონა, რომ მის ძირში აღმოვჩნდებოდით?!
ნეტა ბევრი დაგვრჩა, ნეტა რამდენ ხანში მივალთ, მომშივდა, წუწუნი და კვლავ წუწუნი…
-აი იმ გორს გადავალთ და იქ იქნება, უეჭველად, გული მიგრძნობს. შევცდი, მაშინ იმ გორაკს იქეთ იქნება, მარცნივ… რა ვერ ავედით?!
ერთი მკვეთრი აღმართიც, ამომჯდარი გული და მწვანე ტბაც. ნუთუ მართლა მწვანეა? – აშკარად არის და თან როგორი კამკამა, ცივი. გიხარია. აბა ვიტო გადამიღე სურათი, გავშალე ხელი. ახლა მარიამ შენც – შევიცვალე დგომა.
გავაგრძელეთ სვლა, შემდეგი გაჩერება ლურჯი ტბა.
აი მართლაც რომ ბუნების სასწაული, მართლაც რომ ვერ იჯერებ, როგრ შეიძლება ბუნებრივად ასე ლურჯად იციმციმოს წყალმა, შაბიამანისა და ქიმიური ჩარევების გარეშე? მაგრამ თურმე შეძლებულა და მას ნახავ საქართველოში, შუა ივლისში თოვლზეც გაივლი და დაღლილობის მიუხედავად ამ ლურჯი ტბიდან 2 კილომეტრი ოთხით რომ მოგიწევს ასვლა იმ თეთრ ტბაზეც ახლვალ. იგი თურმე ზუსტად იმ ჭიუხების ძირში ყოფილა, რომელთან მიახლოება პირველი დანახვისას წარმოუდგენლად გეჩვენებოდა…
ხედავ, რომ ახვედი, თან „აქედან როგორ ჩავალ-ზეც?“ ფიქრობ, თან ფიქრობ იმასაც, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა და ფიქრობ რო ცხოვრებაში ეს სასწაული შენი თვალით უნდა გენახა და ამ ფიქრებში გამახსენდა ზუსტად, სადღაც 10 წლის წინ მეგობარი რომ მიყვებოდა რაღაც ტბებზე და ბოლო ტბაზე ასვლა საშინლად რთულია, მარა უნდა ნახოო – აი მეც ვნახე და დავწმუნდი, რომ ბუნება ქმნის სასწაულს და თუ კი მოინდომებ შენც ამ სასწაულის მოზიარე გახდები. იქედან გამოყოლილი დაღლილობა რამდენიმე დღეში გაქრება და ამ შესანიშნავ შთაბეჭდილებას კი მთელი ცხოვრება ატარებ.
ბოლოს კი მადლობ ვიტოს და მადლობ ბავშვებს, რომელებთან ერთადაც 08.07.18- დღე გაატარე. დაუვიწყარი, თავგადასავებითა და სასწაული სილამაზით სავსე.