“დაცემულს გეტყვის – აჰაა, ჩემო, ხელი დაიჭი!..”

  • Home
  • ბლოგები
  • “დაცემულს გეტყვის – აჰაა, ჩემო, ხელი დაიჭი!..”

ჩემსავით მესაკუთრეთათვის იმ მიჯნის გავლება არ არის მარტივი, რომელიც მესაკუთრეობასა და ეგოიზმს შორის გადის…

არ ვიცი, რა ქვია ჩემს გრძნობას შენ მიმართ, არ ვიცი, რომელ იარლიყს საჭიროებს, ანდა, საერთოდ თუ საჭიროებს, მაგრამ ბავშვობიდან ვიცნობ იმ რეალობას, რომელშიც ძლივს თუ ხდებოდნენ ჩემთვის ძვირფასები და მერე, ეს ძლივსმოპოვებული და ძლივსგაძვირფასებული ადამიანები, სადღაც, ცხოვრების ჩვეულ სარკაზმში მეკარგებოდნენ. დაბადებიდან ვიცნობ იმ რეალობას, სადაც საკუთარის დაცვის სუნი კანში ღრმად მქონდა

გამჯდარი და მაჯებზე აკვიატებული იდეა ფეთქავდა – მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლის შესახებ და ამ იდეას არითმიებად სტუმრობდნენ შიშები ისევ დაკარგვასა და ისევ წართმევაზე.

იცი? ძვირფასო, ფიქრი იმაზე, რომ მაინც არ ვიცნობთ ერთმანეთს, იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ვინმეს ეკუთვნი, რომ ჩემ გარდა კიდევ სხვათა მაჯებზე ფეთქავ და სხვათა სუნთქვებიც გათბობენ შენ, ძარღვებში მოურიდებლად ყინავს სისხლს და სულში ჯიუტად გაჰკივის, რომ ვარ სტუმარი იმ მთებში, სადაც მასპინძლობა უნდა შემეთავსებინა…

ყოველთვის, როდესაც მიხსენებენ შენს სახელს, ყოველთვის, როცა ვიღაც სხვა აღტკინებით საუბრობს შენზე, თითქოს ბრძოლის იმ მხარეს ვხვდები, სადაც დამარცხებული წევს მიწაზე და შიშობს, ომი არ ჰქონდეს წაგებული ბრძოლის მაგივრად.

ხევსურეთი… ერთი სიტყვა ხარ და როგორ ახერხებ ამდენი გრძნობის ახმიანებას ჩემში?! როგორ ახერხებ მიყვარდე ასე და, ამავდროულად, მტკიოდე და გისაკუთრებდე და სხვათათვის ვერ მემეტებოდე.

21-ე საუკუნის ქალაქის სუნად გაჟღენთილი მგზავრი ვარ, მაგრამ სასიცოცხლოდ ვსაჭიროებ იმ, ეპოქების მიღმიერ და საუკუნეთა წინანდელ სუნს, შენს არდანებებულ მთებს რომ შემორჩათ დღესაც… გაცრეცილყდიანი წიგნის შეყვითლებულ ფურცლებზე დაწერილ მარადსასწაულს მიგიგავს გზები, რომლებიც ყველა ნაბიჯზე იდეალებით გაჯერებულ

ისტორიებს ყვებიან შენზე და იმ გარდასულ ეპოქათა სულში ჩამწვდომად მოტრფიალე მეომრებზე, რომლებიც თავგანწირვით იდგნენ შენს საზღვართა სიმშვიდის სადარაჯოზე; იმ, პათეტიკითა და ღირებულებებით გაჯერებულ, თავგანწირულ მეომრებზე, რომელთა ნაბიჯები ვეღარ იტვირთა და ვეღარ დაიტია ფერებგარდასულმა სამყარომ და დღეს, მხოლოდ შორეულ ლეგენდებად აქცია მათი მკლავები… და… როგორ ძნელია, სიყვარულს დაჰყავდე იმ გზებზე, რომელთანაც კილომეტრები და ეპოქები ერთდროულად გაშორებს…

შენში ყოველთვის ვხედავდი ყველაზე მაღალ იდეალებსა და წარსულის შემონახულ უწყვეტ რომანს, რომელშიც ისე გავმიჯნურდი, ისე უბრალოდ, ისე უმიზეზოდ, ერთი შეხედვით, ცხადი მოტივების გარეშე, როცა არც შენი კლდეების კალთაზე ვიშვი და არც თითქოს სისხლში მომყვები გენებად, მაგრამ ყოველთვის ყველაზე აღმატებულ ფასეულობათა ერთ დიდ ძველისძველ სკივრად მიმაჩნდი, რომელშიც ჩემი ყველაზე ძვირფასი იდეალები შემოვინახე და გარდასულ ხანთა ჩვეული მფეთქავი გრძნობები მივანდე გასაფრთხილებლად და დასაცავად… ჰოო, ასეთია ჩემთვის სიყვარული, სიყვარული, რომელსაც არც მიზეზები სჭირდება და არც განმარტებებს არ საჭიროებს, რადგანაც, უბრალოდ, გიცანი, განგიცადე და სულის ნაწილად აღგიქვი.

არ ვიცი, დღესაც თუ თრთოლვით ზრუნავენ შენს სიმშვიდეზე უწინდებურად მღელვარე მეომრები, არ ვიცი, დღესაც თუ იმავე პათოსით დგამს ვინმე ნაბიჯებს და ვერ გეტყვი, ძველებურ განცდებად თუ ახმიანებენ სულში სიყვარულს, მაგრამ ის ვიცი, რომ უცვალებლად დარჩები ჩემში და ხელუხლებლად შემოვინახავ იმ ერთგულებასა და აღუწერელ გრძნობას პატივისცემისა და სიყვარულისა, რომელსაც შენი ჟრუანტელმომგვრელად ღირსეული ისტორიები იწვევენ ჩემთან და იცოდე, ყოველთვის იმ ტკბილი სახლის სუნი ექნებათ შენს მთებს, რომელსაც დროება ვერ გამოჰგლეჯს წარსულის კვალს და, რომელსაც ყოველთვის შევაფარებ თავს, მაშინაც კი, როცა სხვათა ნდობა ვეღარ მესაკმარისება საიმედოდ…

შენა ხარ ჩემი ნუგეში! იცოდე, განუმეორებლად ძვირფას ფერთა გამა ხარ შენ და გახსოვდეს – ლეგენდებისა და ღირებულებების სამეფოდ მაჩნიხარ!..