დაიწყე მოგზაურობა შენი ქვეყნის შეცნობით: ადგილები საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

  • Home
  • ბლოგები
  • დაიწყე მოგზაურობა შენი ქვეყნის შეცნობით: ადგილები საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

ვისაც ლაშქრობის გამოცდილება აქვს და აქტიურია მოლაშქრეა ალბათ დამეთანხმება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე, პოზიტიურ განწყობაზე. მიშო ჯოგლიძე გამოცდილი და აქტიური მოლაშქრეა. საქართველოს არაერთი კუთხე ფეხით აქვს შემოვლილი. მან საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და რჩევებიც მოგვცა, რა მარშრუტი და რა სირთულის ლაშქრობა უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში.

– სასაცილოა, მაგრამ მოგზაურობა, როცა დავიწყე მაშინ მოგზაურობაზე არ ვფიქრობდი. ვარ 21 წლის. 2013 წელს დავყვებოდი უფროსებს სანადიროდ და სათევზაოდ. საბოლოოდ ისე გამოდიოდა, რომ საკუთარი ხელით მონადირებული თუ დაჭერილი არც ნანადირევი მქონდა და არც თევზი. თუმცა ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა. მსიამოვნებდა ახალი ადგილების ნახვა და მათი გაცნობა. 2014 წელს დეიდაშვილების ინიციატივით დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა, თუმცა ვცდილობდით მანქანით მაქსიმალურად ბევრი გვევლო და მაქსიმალურად ახლოს მივსულიყავით სანახავ ობიექტთან. შემდეგ წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტში და აქედან დაიწყო ყველაფერი. მოვიგე ერთ-ერთი მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბის ფოტოკონკურსი და წავედი თრუსოს ხეობაში. ისე მოხდა, რომ დღეს ამ კლუბის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ და ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას.

შარშან ჩავაბარე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში და დღეს მაქვს საფეხმავლო გამყოლის კვალიფიკაცია. მოკლედ, ეს სფერო ცხოვრების ერთ-ერთ პროფილად მექცა.

საქართველოს რომელ კუთხეებში ხართ ნამყოფი და როგორ დაახასიათებდით ჩვენს ქვეყანას?

– ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური თავისი ფლორით და ფაუნით. ყოველთვის მიკვირდა, ხალხი სამოგზაუროდ, რომ მიდიოდა საზღვარგარეთ და ჩვენი ქვეყნის ლამაზი კუთხეები არ ჰქონდათ ნანახი. როცა ჩემთვის ახალ ადგილს ვსტუმრობ და ნანახი ადგილების სია იზრდება, რადიკალურად განსხვავებული განცდა მაქვს. მგონია, რომ უფრო მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა და უფრო მეტი ადგილი მაქვს სანახავი.

– შეგიძლიათ გამოარჩიოთ საქართველოში რამდენიმე ადგილი, რაც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს?

– ძირითადად აქცენტი გაკეთებული მაქვს მთაზე. შესაბამისად ვურჩევ მოგზაურებს და უბრალოდ ადამიანებს, რომ აუცილებლად ნახონ მთიანი ზონა-ხევი, ხევსურეთი, თუშეთი, მაღალმთიანი აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ყველა ის კუთხე რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია, თუნდაც ჯავახეთი, მესხეთი და ა.შ. აბსოლუტურად ყველა, რადგან თითოეულ მათგანს გააჩნია გარკვეული ხიბლი. აქვე დავამატებ, რომ მოგზაურობის, ლაშქრობის წინ გაეცანით ინფორმაციას იმ ადგილის შესახებ სადაც მიდიხართ და მიიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები!

– არის ადგილი საქართველოში, რაც ჯერ არ გინახავთ?

– ჯერ 21 წლის ვარ და საუბარი იმაზე, რომ ეს ადგილი უნახავი დამრჩა ცოტა სიცილს მგვრის. თუმცა ამ გადმოსახედიდან, რომ ვუყურებ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ადგილის ნახვა და მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ყოველთვის ვფიქრობ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე. საოცრად მდიდარია ფლორით და ფაუნით ეს კუთხეები და როგორც ყველას, მეც დიდი სურვილი მაქვს ნახვის. ყველას ვურჩევ და მოვუწოდებ, რომ ეს იმედი არასოდეს გაიქრონ გულებიდან!

– ვინ არის თქვენთვის ყველაზე სასურველი მეგზური?

– მეგობრებთან ერთად მოგზაურობას რა სჯობია, თუმცა რაღაც კონკრეტული კვოტა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია. ჩემთვის უფრო კარგი და მისაღებია სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დამყარება. ახალი მეგობრების შეძენა და ა.შ. აღვნიშნავ იმასაც, რომ მეგობრებს თავისი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში და მოგზაურობაში.

– ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რას ეტყვით მათ, როგორ გეგმავთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას?

– მოგზაურობა შეიძლება იყოს ძალიან ძვირი და ამავე დროს ძალიან იაფიც, ან სულაც უფასო იმოგზაუროთ. საქართველოში შემოვიდა ავტოსტოპერების კულტურა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციას ნამდვილად ვერ გავცემ. შეიძლება სასიამოვნოც იყოს ასე მგზავრობა და პირიქით. ხალხს ვურჩევ, რომ ისარგებლონ ორგანიზებული ტურებით, რომელსაც ხელმძღვანელობენ კვალიფიციური გიდები და ისინი უზრუნველყოფენ ყველა სახის უსაფრთხოებას, სხვა საკითხებს, რომ თავი დავანებოთ. ყოველთვის მომწონდა ორგანიზებული ლაშქრობები და დღემდე ამ მიმდინარეობის მომხრე ვარ.

რეალურად საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა ძვირი არ არის. აქაც არჩევანი მომხმარებელზეა. მას შეუძლია ძვირი მომსახურებით ისარგებლოს ან შედარებით იაფი. ზოგადი ფასები ნამდვილად მისაღებია არსებული რეალობისთვის, რადგან არაა მარტივი ჯგუფის ორგანიზება, ტურის უსაფრთხოდ და ხარისხიანად დასრულება!

– ავტოსტოპი ახსენეთ. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია ავტოსტოპით მოგზაურობას?

– ამ დროს უფასოდ მგზავრობა, ახალი ადამიანების გაცნობის და მეგობრობის გაჩენის შანსი გაქვთ, თუმცა ყოფილა ქურდობის შემთხვევები, სხვადასხვა სახის შეურაწყოფები და ა.შ.

– რა მარშრუტი და რა სირთულის ლაშქრობა უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რომელიც პირველად მიდის ლაშქრობაში? რას ურჩევთ მათ?

– პირველ ჯერზე უნდა დავიწყოთ მარტივი ბილიკების გავლა, სადაც არ მოგვიწევს სიმაღლის ცვალებადობასთან ჭიდილი, მანძილი არ იქნება გრძელი და დამღლელი. დამწყები მოლაშქრე, რომ რთულ მარშუტზე წავიდეს შეიძლება ცხოვრებაში აღარ მოუნდეს ლაშქრობა. ყველაფერს თავისი დრო და განვითარების ეტაპები აქვს.

– რა უნდა ჩავიცვათ, რა ნივთები წავიღოთ და რა გავითვალისწინოთ ლაშქრობის დროს?

– ეს სპეციფიკური საკითხია. უნდა გვეცვას კომფორტულად. სეზონის შესაბამისად. კარგი და ხარისხიანი პროდუქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თანხის გადახდა ნამდვილად ღირს. თუ ღამისთევით მივდივართ დაგვჭირდება-კარავი, საძილე ტომარა, გასაბერი ძირსსაგები, ზურგჩანთა. მნიშვნელოვანია კარგი ფეხსაცმლით გადაადგილება, რადგან მას შეუძლია გვასიამოვნოს ან სიცოცხლე გაგვიმწაროს. კარგი იქნება პირველადი დახმარების ჩანთის ტარება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და ა.შ. ნივთები შეიძლება ჩამოვწეროთ კომფორტის მიხედვითაც.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– ზამთარი ახლოვდება, ამიტომ ვფიქრობ სათხილამურო კურორტებზე წასვლას. ძველით ახალ წელს კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვაპირებ შეხვედრას. მანამდე კარგი დროა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად გავემგზავრო.

      მოამზადა მერი ბლიაძემ