დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარაში ტურიზმის სექტორთან შეხვედრა გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარაში ტურიზმის სექტორთან შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარაში ტურიზმის სექტორთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების ხედვა და განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც სტუმრებს ტურიზმის მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

სექტორთან შეხვედრისას სულხან ღლონტმა დეპარტამენტის მიერ 2019 წელს დაგეგმილ მარკეტინგულ-სარეკლამო კამპანიებზე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და ახალი ტურისტული პროდუქტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კი დარგის წარმომადგენლებს 2025 წლის ტურიზმის სტრატეგია და ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები გააცნო.

ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და გიდები. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი