სასწაული ხდება ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მჯერა, ნამდვილად არსებობს სამყაროში ჯადოსნური მდინარე,რომელსაც მთელი ბავშვობა წერილებს ვუგზავნიდი. დავდიოდი ფეხაკრეფით, შრიალებდნენ ტყეები და მპირდებოდნენ,რომ მეც ვიმოგზაურებდი აუცილებლად სამყაროს გარშემო.ახლა კი, როცა თვითმფრინავში ვზივარ და ღრუბლებთან მივფრინავ, პირველად არ შემიძლია გადმოვცე ჩემი სულიერი მდგომარეობა.ღმერთის სახლამდე ვერ მივალ, მაგრამ ვიცი, არსებობს,რადგან ყოველთვის მამჩნევდა, როდესაც ვესაუბრებოდი თვითმფრინავებს,რომლებიც ჩემს ფანჯრებში იყურებოდნენ და საოცარ ბედნიერებას ვგრძნობდი.
ახლა უფრო მეტად ვარ ბედნიერი. ვხედავ, ვარსკვლავებიც უკეთესად არიან. ძალიან ახლოს მოდიან ჩემთან. მინდა, თითოეულს ხელი გადავუსვა თავზე. ძირს კი შრიალებენ ტყეები.ირხევიან ქარის მკლავებში და გამალებით უცემთ გული ფრინველებს. ვიცი, შორიდანაც ვამჩნევ, როგორც ფილმებში გვინახავს, სწორედ ისეთი ელვისებური სისწრაფით მოჰყვებიან ჩიტები,ტყეები და მდინარეები ჩემს თვითმფრინავებს.
ყოველდღიური საქმიანობით გადაღლილს ტკბილად ჩამეძინა. მახსოვს სითბო და სიმყუდროვე, რომელსაც ფრენის დროს ვგრძნობდი. ვიმახსოვრებდი ღრუბლების სახელებს.ვათვალიერებდი სამყაროს ცაში და მივხვდი, რეალობა ყოველთვის მეტია, ვიდრე მწერლის წარმოსახვა. მიუნხენამდე სტამბოლში ჩავფრინდი, გადავუფრინე ბოსფორის სრუტეს და სრუტეში მოცურავე გემები დავინახე. გამახსენდა სიზმრები,რომლებიც მრავალჯერ მქონდა ნანახი – ჩემს სიზმრებში ყოველღამე გემები მშვიდად მიცურავენ შორს და ფოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში გადიან.
—
სტამბოლის აეროპორტში მიუნხენისაკენ მიმავალ რეისს ველოდები.ვფიქრობ,თუ ეს ოცნება ამიხდა და გერმანიაში სამოგზაუროდ მივდივარ,შეიძლება ნამდვილი მწერალიც გავხდე.გოკსენის აეროპორტი, სადაც უამრავი ტურისტი ირევა, შთამბეჭდავია. აქ ორ ქართველს შევხვდი,რომლებიც თავიანთი რეისის მოლოდინში დოჩანაშვილის „სამოსელ პირველს“ კითხულობდნენ.ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. განთიადისას,სტამბოლიდან მიუნხენში რომ გავფრინდი, თვითმფრინავიდან კიდევ უფრო საოცარი ხედით აღვფრთოვანდი.მივხვდი, ამ უსასრულო სივრცეში, უსასრულო სამყაროში შეგიძლია ყველაფერი იგრძნო.გაოცებული დავრჩი.ვუყურებდი ჰორიზონტს, რომელმაც ჩემს წარმოსახვაში მოაქცია მთები,ოკეანეები,ადამიანი,უფალი და მთელი გალაქტიკა.ვფიქრობდი იმაზე,რომ მე ახლა ღრუბლებზე მაღლა ვარ,თუმცა ჩემი საყვარელი ვარსკვლავები უფრო მაღლა არიან. მძაფრად ვიგრძენი უსასრულობა, რომელსაც მანამდეც ყოველთვის ვგრძნობდი.სტამბოლის აეროპორტში დამამახსოვრდნენ მუსლიმი ქალები,რომელთაც სახედა თმები ჩადრით ჰქონდათ დაფარული. გული მეტკინა. ვფიქრობ, ქალების ოქროსფერ,წაბლისფერ,სევდისფერ თმებს ყოველთვის უნდა ეფერებოდნენ მზის სხივები.
2. ოქტომბერი
მიუნხენშიც მზიანი ამინდია. ოქროსფერი სხივები ათბობენ სულს და ფიქრობ, სწორედ აქ არის სამოთხე. მეტროდან ამოვდივარ და ფრანგულ კაფეში შევდივარ. მინდა ფინჯანი ყავა დავლიო და აღვწერო ჩემი შთაბეჭდილებები, მაგრამ ეს ძალიან რთულია. მხოლოდ გარგარის ნამცხვრის “ტატენის”დაგემოვნებაა ახლა ადვილი ჩემთვის. ადამიანები ბედნიერი სახეებით მიიჩქარიან სამსახურში, იღიმიან და შეიძლება ამ ღიმილს მიღმა, მათშიც არსებობს სევდა,მაგრამ ამის შემჩნევა აქ შეუძლებელია. კაპუჩინოს ვსვამ,მაგრამ თავს ვუტყდები, რომ მე უფრო გემრიელ ყავას ვამზადებ.სახლი მენატრება. ჩემი საწერი მაგიდა,ლუკა და ალექსანდრე.თვალებს მაგრად ვხუჭავ. გული გრძნობს, ამაზე საოცარი მონატრება არ უგრძვნია არასოდეს. ჟურნალისათვის სტატია მაქვს მოსამზადებელი და მუშაობას ვიწყებ.გონება საქმეზე გადავიტანე და ინფორმაციის ნაკადში ჩავიძირე.მინდა ზუსტად გადმოვცე, რა ვიგრძენი ამ ქალაქში.მინდა სახელი დავარქვა ჩემს მოგზაურობას – ვუწოდო დღიურები, ჩანაწერები, მაგრამ ვერ ვახერხებ.ჯერ მხოლოდ ვწერ. ალბათ, ნაწერები თავისთავად მოძებნიან ემოციებისათვის სახელს.
3. ოქტომბერი
ახლა იმ ციხესიმაგრზე მინდა გიამბოთ,რომელიც ორი დღის წინ დავათვალიერე. გამიჭირდა შთამეჭდილებებისათვის მომეყარა თავი და დამეწერა მეფის შესახებ,რომელმაც საოცარი მონდომებისა და ფანტაზიის მეშვეობით ააშენა ეს დიდებული ნაგებობა,სადაც მხოლოდ 172 დღე იცხოვრა.ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრემდე მისასვლელად სამი ტრანსპორტი გამოვიცვალე: მატარებელი,ავტობუსი და ეტლი,რომელიც შემოდგომის ნისლიან ტყეში სწორედ ისე მიმაქროლებდა, როგორც მე-19 საუკუნის მგზავრს.რა თქმა უნდა, უამრავი შთაგონება მეწვია და შინაგანად შევიცვალე,რადგან ასეთ ადგილებში ფიქრობ,რომ შენც საგანგებოდ მოგიყვანა ბედისწერამ აქ და ცხოვრების ამ ეტაპს არქმევ კიდეც განსაკუთრებულ სახელს.
4. ოქტომბერი
დღეს ბავარიაში ვიყავი და ქალაქ Füssen –ფუსენიდან მატარებლით მიუხენში ვბრუნდები.მეძინება,მაგრამ თვალს არ ვაშორებ გზას.რამდენჯერმე ჩამთვლიმა,მაგრამ მაშინვე გამოვფხიზლდი და წერა დავიწყე.ვხედავ ფრინველებს,რომლებიც დაუვიწყარ სურათებად რჩებიან სამყაროსათვის.ტყეები ნაძვებით არის შევსებული.ალაგ-ალაგ ნარინჯისფერი სახლები აივანზე გადმოფენილი ყვავილებით ისეთივე მშვენიერია,როგორიც ფილმებში მინახავს.სამყაროში უამრავი ადგილია,რომელიც სულს იდუმალებას ჰმატებს.ჩვენ კი, ადამიანები, შეიძლება მარადიულად არ ვცხოვრობთ,მაგრამ ვალამაზებთ სამყაროს. პატარ-პატარა ნახატებად ვრჩებით მისთვის და ღრუბლიან გზებს ვკვეთთ. შეიძლება ეს ადგილები ვეღარასდროს ვნახო, ამიტომ თითოეულ ხეს,ფოთოლს,ცის ნაწილს, ჩემს სუნთქვას ვჩუქნი. როდესაც ჩვენი პაწაწინა სახლებიდან თვალს ვაყოლებთ თვითმფრინავებს, ვიცით, რომ სადღაც შორს არსებობენ სახლები,ადამიანები. არ ვიცით რაზე ფიქრობენ ისინი და როგორ გიზგიზებს მათ ბუხარში ცეცხლი. ეს ყოველთვის საინტერესოა. მატარებელი მიუნხენის სადგურში ჩერდება.წვიმს.მხარზე ზურგჩანთას ვიკიდებ,კაპიუშონს ვიფარებ თავზე და მივდივარ.
5. ოქტომბერი
ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს.სიცივეა.თბილი კაშნე და კუბოკრული პალტო მაცვია ყველგან.ბედნიერი დავდივარ ქუჩებში და ჩემს მოთხრობებზე ვფიქრობ.გუშინ,დილით, ოქტომბრის ფესტივალზე სანამ წავიდოდი,მუზეუმ „პინაკოტეკას“ვესტუმრე,სადაც გამოჩენილი მხატვრის ნახატები დავათვალიერე.თუ ნახატზე გამოსახული ადამიანი ლამაზი არ არის,ამ შემთხვევაში შეგიძლია მთელი სამყარო დაინახო მასში.აღმოაჩინო სწორედ ის სიღრმეები,რომლებიც თითოეულ ადამიანშია,მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გრძნობ, თუ ჩანს,რომ პიროვნება ნახატზე სილამაზის გარდა სხვა ღირებულებების მატარებელია.მუზეუმები გვიქმნის წარმოდგენებს იმ სამყაროზე,რომელიც აღარ არსებობს დღეს,ამიტომ მათი არსებობა განსაკუთრებულია.ჩვენ კი იმიტომ დავდივართ აქ,რომ გვსურს ისეთი რამე აღმოვაჩინოთ,რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვპოულობთ.შეუძლებელია ერთდროულად ჩასწვდე ყველა ნახატს,მაგრამ თავად ეს პროცესი მოქმედებს ჩვენზე შთამბეჭდავად.მუზეუმიდან წამოსულმა წინა საუკუნის 20-იანი წლების სტილში გაფორმებულ კაფეში გეახელით ფრანგული ტარტი და ფრანგული სექტი.ვიყურებოდი ფანჯრიდან და მენატრებოდა საქართველო.
6. ოქტომბერი
სახლიდან ისევ დოიჩეს მუზეუმთან გამოვდივარ. ასეთ ამინდში უნდა ჩამოჯდე ბაღში და წერო.გზად ბრეცელს ვყიდულობ,ორ კაპუჩინოს და გაზაფხულის პარკამდე ტრამვაი მივდივარ.ჩემთან პარკში უცნობები ფოტოებს იღებენ.მიხარია.აქვეა „ბეემვეს“ ცენტრი.თბილისში ახლა მტრედები დაგოგმანებენ ბაღებში, აქ კი გედები დაცურავენ ტბებზე.ბევრს ვსაუბრობთ.ახალი იდეები გვაქვს.ვგეგმავთ, ახალი გადაცემა მოვამზადოთ, სადაც ცნობილ მწერლებს მოვიწვევთ და ვისაუბრებთ თანამედროვე მწერლობის შესახებ.დრო მალე გადის.რა თქმა უნდა, ძალიან მშია და იტალიურ პიცერიაში მივდივართ. ვუკვეთთ პიცას კრევეტებით, შპაგეტ “ბოლონეზს“ და ბავარიულ ლუდს.ძალიან ბედნიერი ვარ. ვგეგმავ მიუნხენიდან მატარებლით რომში გადასვლას.ვმუსაიფობთ.სტუდენტობას ვიხსენებთ.დესერტზე უარს ვამბობ იმედით, რომ აქ ისევ მოვხვდები.ღამეა.ვსხედვართ ვერანდაზე და ვფიქრობთ, რომ ახდენილი ოცნება ძალიან ლამაზია.წვიმას იწყებს.პლედს მხრებზე ვიფარებ.ვერანდაზე იხსნება წვიმისაგან დამცავი მინები და უეცრად ზღაპრულ კოშკში ვხვდები.მინის სარკმლებზე ისმის წვიმის წვეთების წკაპაწკუპი..
7. ოქტომბერი
ნამდვილი მწერალივით ახლა ერთ-ერთ კლუბში ვმუშაობ.ვუსმენ ჯაზს როკის ელემენტებით და თავს კარგად ვგრძნობ.ქართულად მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობთ.ის ყველას ეუბნება, რომ მწერალი ვარ. ეს ძალიან სასიამოვნოა.შემდეგ ჩემი მეგობარი ცეკვავს.მე მაგიდის კუთხეში ვზივარ და ვწერ.პატარა სანთელი ანთია მაგიდაზე.ლუდს ვუკვეთ .ისევ ვაგრძელებ წერას.მსმენელები ემატებიან კლუბს და თავი როკერების კონცერტზე მგონია ფილმში.ჩემს წინ ნამდვილი როკერი დგას,ყურზე საყურით და სულ მგონია,რომ სადაცაა მაგიდას ამოაყირავებს და ლუდის ცარიელ ბოთლს გადააფშვნის თავზე მეორე მაგიდასთან მსხდომთ.თუმცა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა.საღამო სასიამოვნოა.ექსცესების გარეშე ჩაიარა კონცერტმა.მომღერლები გვემშვიდობებიან და კლუბს ტოვებენ.ჩვენც გარეთ გამოვდივართ.ჰაერი არის ცივი და დასამახსოვრებელი.კარგია,როდესაც შენი ცხოვრება ფილმის ეპიზოდს ჰგავს.ხურდას ქუჩის მუსიკოსებს ვურიგებ.არ მეძინება.შემიძლია მთელი ღამე ვიარო გარეთ და არ დავიძინო.ალბათ, ასეთ წუთებს ჰქვია განსაკუთრებული.
8. ოქტომბერი
გათენდა.ღამე წვიმდა.ვუსმენდი წვიმას და ვფიქრობდი,ჩემი აივნიდან აქაური აივნები ჩანს.ფერადი ყვავილები გადმოფენილია აივნებზე და ეს თითქოს ცხოვრებას ამსუბუქებს,ალამაზებს.ეზოში გავდივარ,აქაც მიხარია ფეხით სიარული.მიუნხენი ბავარიის დედაქალაქია და მდინარე იზარზეა გაშენებული.პარკი, სადაც მინდა წიგნები წავიკითხო ინგლისური ბაღის სახელითაა ცნობილი,რომელიც ნიუ-ორკის ცენტრალურ პარკზე დიდია.მდინარე სავსეა გედებითა და იხვებით,რომლებიც ლამაზ სანახაობას ქმნიან.ყავას ვყიდულობ და გზაზე წესების დაცვით გადავდივარ. ნაწვიმარია გზები.გუშინ ულამაზესი,ლუდვიგ მეორე ბავარიელის აშენებული კიდევ ერთი ციხესიმაგრე ნიმფენბურგი დავათვალიერე.აზრი შემეცვალა.თუ ვცხოვრობთ, ისე უნდა ვიცხოვროთ, დაგვიმახსოვრონ ადამიანებმა.ძალიან გემრიელია ყავა.წიგნის რამდენიმე გვერდს ვკითხულობ,შემდეგ გარშემო ვათვალიერებ ყველაფერს.ახლა სიარული წიგნებზე მნიშვნელოვანია. გუშინ კათოლიკეთა ეკლესიაში შევედი ფრესკები,ქანდაკებები,ამბიონი და ლოცვები ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის,მაგრამ მიუხედავად ამისა, მივხვდი, ღმერთი ყველგან დაგვყვება თან,მოგზაურებს განსაკუთრებით. ქუჩას ვჭრი და ოქროსფერი ფოთლებით სავსე პარკში ვიძირები.არავინ იცის, რა მოხდება.