ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბავშვობის გატარება უკვე ნიშნავს, რომ ადამიანებზე, საქართველოზე, პლანეტაზე, სამყაროსა და ცხოვრებაზე ისეთი ხედვა გაქვს, რომელიც ჰარმონიზდება ვერც ერთ შეხედულებასთან, ვერ გეყოლება თანამოაზრე და ვერ გაიჩენ ადეპტებს.
ჩემი საქართველო დაიწყო მანდ- ,,ქესკინას ჩიხით’’. თუ მინდოდა სახლს გავშორებოდი და , მაგალითად, მაღაზიამდე მიმეღწია, ,,ქესკინას ჩიხი’’ უნდა გამევლო: დიდი ქვებით, მუდმივად ჩამდინარე წყლითა და დედაჩემის მეტაფორებით: ,, რას მომჩიხა მამაშენმა ამ ეგვიპტურ პირამიდებში’’ და ჩემი საქართველოც ასეთი იყო, ორ ზღვას კი არა, ორ ღობეს შორის მოქცეული და ჩავივლიდით და ავივლიდით ამ ჩიხს მე და ჩემი რაღაცნაირი ოჯახი.
,, ქესკინას ჩიხი’’ ეძახეთ და კი გამიხსნა თვალსაწიერი. ყრმობიდანვე დამასწავლა, რომ რაც უფრო დიდია გზადშემხვედრი ლოდი, მით უფრო მეტი ძალისხმევა დამჭირდება მის გადასალახავად; მასწავლა, რომ რთული გზის დაძლევა თავისთავად ნიშნავს, რომ გზის ბოლოს ტალახიანი და გაწუწული იქნები და ისე ვერ გადარჩები ბარე 10-ჯერ არ მოიმსხვრიო თავ-კისერი; მასწავლა რომ შორი გზის მოვლა კი კარგია შინ მშვიდობით მისასვლელად, მაგრამ თუ შინიდან წასვლა გინდა ვიწრო ჩიხის ჩავლა მოგიწევს, რათა გველივით შეახიო და დაუტოვო მოცვლილი კანი ქესკინასა და ანგელინას ეზოს ღობეებს.
წამოვედი. მერე საქართველო გაიშალა, გაფართოვდა, საჯავახოს გზასავით მოიხლართა, სამტრედიაში ველოსიპედს გადააჯდა, ქუთაისის ხიდი გადაიარა, ზესტაფონის აღმართს აუყვა და მივიდა იქამდე, საიდანაც მე ,, ჩამოსული’’ ვხდებოდი. სანამ ლიხს იქეთა და ლიხს აქეთა საქართველო ჩემი გახდებოდა, ილემის საპირფარეშოში უნდა შემევლო. ეს ასე იყო მუდამ , დასავლეთიდან მომავალი მიკროავტობუსის მძღოლი აუცილებლად აჩერებს ილემში წასახემსებლად და მგზავრებიც ცხვრებივით შევდივართ იქვე 30-თეთრიან საპირფარეშოში. და ,,ილემის ტუალეტი’’ გახდა ჩემთვის ყველაზე ეგზისტენციალური ადგილი. სტუდენტობის პირველ წელს, ბარე ოთხჯერ მომიწია შესვლა, ანუ 2-ჯერ ჩავედი გურიაში, ჰოდა შემეშინდა ,,ილემის ტუალეტის’’. თითქოს, თუკი ამ ტუალეტში შევიდოდი , ყველაფერი ის, რისი იმედიც მქონდა, წყალში ჩამეყრებოდა; ვერც ფსიქოლოგი გავხდებოდი, ვერც გავიზრდებოდი და ვერც ვერავინ შემიყვარებდა და ისე შემეშინდა ამის, რომ გადავწყვიტე, ქვეყანა რომც დაქცეულიყო, ,,ილემის ტუალეტში’’ მაინც არ შევსულიყავი და რადგან ამის თავიდან არიდება ვერ მოეწყობოდა ადვილად, რადიკალურ ფორმას მივმართე, საერთოდ არ წავსულიყავი გურიაში, თუკი იმ გზას არ გავივლიდი ,,ილემის ტუალეტიც’’ ამერიდებოდა.
და გახდა ჩემი საქართველო მხოლოდ თბილისი. არ ვიცი, როგორი ქალაქია იგი. აქ ან უამრავი საქმე მაქვს , ან ავად ვარ და ვწევარ და ასე უჩემოდაც იოლას გადის ქალაქი. დადის ავტობუსები და მეტი არ ვიცი, ვიცი ის, რომ ამ ავტობუსებს ხან სამსახურებისკენ მივყავარ და ხან სამსახურებიდან მოვყავარ; ვიცი, რომ სამგზავრო ბარათი უნდა დავაფიქსირო მონიტორზე, მერე ცარიელი ადგილი მოვძებნო, მინას თავი მივადო და ვიფიქრო, რომ არ შეიძლება სამყარო მხოლოდ ეს იყოს, არ შეიძლება ,,ქესკინას ჩიხში’’ გამეცადინებდეს ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ მერე წარმატებით დააფიქსირო ბარათი ავტობუსში. მერე წიგნი უნდა მოძებნო უამრავი ხარახურით გადატენილ ჩანთაში, თავი კიდევ უფრო მყარად და ოდნავ ირიბად მივადო მინას და კითხვა დავიწყო და აქ კი აუცილებლად გამახსენდეს, რომ მე მხოლოდ წიგნის ერთ გვერდზე მიმიწვდება ხელი, რადგან არ ვმოგზაურობ.
პ.ს. და ახლა როცა ნამდვილად გავიზარდე, ფსიქოლოგიც გავხდი და ფსიქოტრავმატოლოგიც და ,,ილემის ტუალეტშიც’’ წლებია არ შევსულვარ, უკვე ვიცი, რომ ილემის კი არა, საერთოდ არც ერთ ტუალეტში რომ არ შევიდე, მაინც არავინაა ჩემი შემყვარებელი, ჰოდა წელს ჩავალ ბებიასთან სოფელში , ქესკინას ჩიხსაც ავივლი და ლეღვის მურაბასაც მოვხარშავ.