ქუთაისი ჩემი დედულეთია.იგი მუდამ სასიამოვნო და ტკბილ მოგონებასთან ასოცირდება და მახსენებს დედას.მართლაც,დამეთანხმებით ქუთაისი დედასავით მზრუნველი და თბილია.გულში ჩაგიხუტებს,შეგიყვარებს,გამოგზრდის და დაფრთიანებულს წარმატებისკენ გზას გიკვალავს.
ეს ის ქალაქია სადაც დავიბადე.სადაც ჩემი წარსული და მომავალია.რა დამავიწყებს ჩემს ბაგრატს,ჩემს თვალის ჩინს,რომელიც მუდამ სიამაყის გრძნობას იწვევს ჩემში.ბაგრატის ტაძარი მოგეხსენებათ,ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ის მეფე ბაგრატ III-ის დროს აიგო 1003 წელს.ეს ტაძარი ქუთაისის სავიზიტო ბარათია,ტურისტების საყვარელი ადგილი და ქუთათურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი.ის თავისი სილამაზით გამოირჩევა და თვალსა და გულს ახარებს.მისი კალთიდან ხელის გულივით ჩანს მთელი ქუთაისი,რომელსაც ის დაჰყურებს,როგორც მზრუნველი დედა და მუდამ ლოცავს ქალაქს.
ბაგრატთან ახლოს ბავშვებისთვის საყვარელი ბესარიონ გაბაშვილის პარკია,სადაც სულ ისმის პატარების ჟრიამული,ბავშვებს სიხარულისგან თვალები უციმციმებთ.მოკლედ,ეს ადგილი ჩემთვის ყველაზე გულწრფელი და უბოროტოა,რადგან იქ ბავშვები არიან და ახალისებენ იქაურობას.
პარკს ქალაქთან აკავშირებს საბაგირო,რომელიც მიგვიყვანს სიყვარულის ბაღთან.აქიდან აუცილებლად უნდა გავისეირნოთ თეთრ ხიდზე,რომელიც შეყვარებულთათვის ერთ-ერღი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო და ახლაც არის.ხიდის მოაჯირზე ვნახავთ ჩემომჯდარ ბიჭუნას,რომელსაც თავისი ლეგენდა აქვს:რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი,როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.
გავაგრძელოთ ქუთაისში მოგზაურობა.ამჯერად ვესტუმროთ ჩვენს ოპერის თეატრს,საიდანაც ისმის არაჩვეულებროვი ჰანგები.მისი მოსმენა გულს გითბობს და მშვენიერ ნოტაზე აგრძელებ სეირნობას ბაღში,სადაც ცნობილი ადამიანების ძეგლებს ათვალიერებ,მათ შორის მიმავალი წარმოიდგენ,რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ და ცდილობ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ეს “ჩავლა”,რადგან უფრო მძაფრად შეიგრნო ის განცდა.ბაღის ბოლოს ვნახავთ არაჩვეულებრივ შადრევანს,შეიძლება ითქვას ტურისტების ფავორიტია ის.აქ მუდამ ნახავთ შადრევანზე შემდგარ ადამიანს და მის წინ კამერა მომარჯვებულ ფოტოგრაფს.ყველა ცდილობს “სამახსოვრო”ფოტო შეინახოს ამ სილამაზესთან.
მივუახლოვდით ჩემს საყვარელ ადგილსაც,არაჩვეულებრივ თეატრს.ეს ბუმბერაზი შენობაა,სადაც ნამდვილად ბუმბერაზი ადამიანები მოღვაწეობდნენ და დღემდე იგრძნობა სცენაზე მათი სურნელი.”სცენის მტვერი”მათი სურნელით არის გაჟღენთილი,სწორედ ამიტომ არის,რომ ახალგაზრდა მსახიობები ასე გულმოდგინედ და თავდაუზოგავად შრომობენ ამ სცენაზე,ისინი მუდამ ხარისხიან სპექტაკლს სთავაზობენ მაყურებელს.
ქუთაისში გვაქვს ბავშვებისთვის საყვარელი ნიღბებისა და თოჯინების თეტრი,რომელთა ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია.არ გამოგვრჩეს ახლახანს გახსნილი “კინო საქართველო”.
მოკლედ ქუთაისი არაჩვეულებრივ კომფორტს უქმნის ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს.ცოტა დაღლილი “ჩაის სახლში”შევივლით დავისვენებთ,მივირთმევთ უგემრიელეს ჩაის და ენერგიულად განვაგრძობთ მოგზაურობას.მოვინახულებთ მუზეუმებს,ბოტანიკურ ბაღს და სასიამოვნოდ დაღლილი წავალთ დასაძინებლად,რადგან მეორე დღეს ისევ განვაგრძოთ მოგზაურობა.ამჯერად სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს მივაშურებთ.გავივლით მოწამეთაზე,გელათში და ასე მოვივლით მთელს ქუთაისს თავისი ღირსშესანიშნაობებით.
მანამდე კი ჩამოღამდა ჩვენს დედა-ქალაქში და იავნანას გვიმღერის ქუთაისი.ტკბილ ძილს გისურვებთ.შევხვდებით სასიამოვნო სიზმრებსა და რეალობაში😍