ჩემი ზღვისფერი წიგნაკიდან

განათებულ დერეფანში ყვითელი ზურგჩანთით მივაბიჯებ. გვერდზე ნინა მიდგას, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობს და არ ჩერდება:
-ახლა რომელ ქვეყანაში აპირებ მოგზაურობას?
პასუხს არ ვცემ, ვუღიმი და ხორბლისფერი ხელებიდან ჯიბის კომპასს ვართმევ, რომელიც ყოველთვის ჩემი ერთგული მეგზურია.
პირველად მოგზაურობა ჩემს ოცნებებში დავიწყე. რეალობას ვწყდებოდი, ვარდისფერ სათვალეს ვირგებდი და ფერად-ფერად ადგილებში დავაბიჯებდი.
მახსოვს, როდესაც 14 წლის გავხდი სვანეთში წამიყვანეს, რომელიც ასე ძალიან მიზიდავდა. ,,შხარასთან“ ახლოს, როდესაც ცხენით გავისეირნე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად შემოვივლიდი მსოფლიოს. მომაჯადოვა იქაურმა ბუნებამ და ხალხმა, რომელთაც სვანური ქუდი საოცრად ამშვენებდათ. ამის შემდეგ სვანურის სწავლა დავიწყე და პირველი ძლივ-ძლივობით ნათქვამი სიტყვა იყო ,,მი სი მალატ“. ამის შემდეგ მშობლების დახმარებით ,,ფურგონი“ ვიყიდე, წითლად შევღებე და საქართველოს ყველა იმ კუთხეში მივდიოდი, სადაც კი წაისვლებოდა. მეგონა, მათ შესახებ ყველაფერი ვიცოდი, თურმე ძალიან ვცდებოდი. უამრავ ისეთ ადამიანს ვხდებოდი, რომლებიც მათი უცნაური ჩვევებით ყველა მათგანისგან განსხვავდებოდნენ. არასდროს დამავიწყდება ჭაღარა შეპარული ქალბატონი, რომელმაც თავის სახლში მიმიწვია ,,მურაბების წვეულებაზე“. გაგიკვირდათ არა? პირველად ეს რომ გავიგონე სასაცილოდ მომეჩვენა. იქ მისულს დიდი მაგიდა დამხვდა, რომელსაც ჭრელი გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული და ნაირ-ნაირი მურაბები ეწყო. ჩემს გარდა ოცამდე ადამიანი იქნებოდა, რომლებმაც მითხრეს რომ მალენას მურაბებს ბედნიერება მოჰქონდა.   ჩემებური ბედნიერება მართლაც არსებობს, ამაზე კი ნებისმიერი მოგზაური დამეთანხმება.
    

– მართლაც რომ სასწაულია არა?-ფიქრებიდან ინგლისურად წარმოთქმული სიტყვები მაფხიზლებს. რიო-დე-ჟანეიროში  ქრისტეს ქანდაკების წინ ვდგევარ,  რომელიც ამქვეყნიური საოცრება მგონია. ამ დროს ფიქრობ, რომ სამყაროს შუაგულში მხოლოდ შენ ხარ და ამ დიდებულ ღირსენიშნაობას მხოლოდ შენ შეჰყურებ.

რიო-დე-ჟანეირო თავბრუ დამხვევი ადგილია.  კარნავალის დროს თვალს ვერ წყვეტ ექსტრავაგანტულ კოსტიუმებში გამოწყობილ სამბას მოცეკვავეებს. გგონია ხალხი თავის ბრწყინვალებას ამ დღემდე მალავს და შემდეგ ყველა ნათელს ჰფენს იმ დიდებულობას, რომელიც ეს დღე გვიმზადებს.
ბრაზილიაში მოხვედრისას კი არასდროს დაკარგოთ შანსი მოინახულოთ ,,იგუასუს“ ჩანჩქერები, რომლის ნახვისას, თქვენი ფანტაზია გაგაოცებთ და თავი დაკარგულ კუნძულზე გეგონებათ, სადაც მზად უნდა იყოთ ფათერაკებით სავსე თავგადასავლებისთვის.
***
სასტუმროში, ჩემს ზურგჩანთაზე ლურჯი კალმით ვენეციას ვწერ. ჩემი ჩვევაა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიმოგზაურო, იმ ადგილის სახელწოდებას აუცილებლად ვტოვებ ამ უკანასკნელზე.

ფანჯარას ვაღებ და სიამოვნებით შევცქერი როგორ დაცურავენ არხებში ბორანები და გონდოლიები.  თეთრ წვერა გონდოლიერის გუშინდელ ნაამბობ ლეგენდას ვიხსენებ და ვიღიმი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებისგანაც საოცარ ისტორიებს მოისმენთ.
აქ წამოსვლამდე ახალ გაცნობილმა მეგობარმა მითხრა, რომ ვენეციაში, ამ ზღვისფერ ქალაქში აუცილებლად უნდა დავკარგულიყავი. გარეთ გასული, ასეც ვიქცევი. რუკას ძირს ვაგდებ და ვიწრო ქუჩებს მივუყვები, რომელთა გარშემო ცისარყელასავით ფერადი სახლებია, აივნებზე კი თვალის მომჭრელი ყვავილები მოგაწონებენ თავს.
თითქოს ეს ყველაფერი უსასრულოა, რომელშიც აღუწერელი გრძნობით იძირები.  დღის ბოლოს რიალტოს ხიდზე ვდგავარ, რომელსაც წყლისა და იდუმალი შენობების ფერზე, ულამაზესი ელფერი დაჰკრავს.
ასე მგონია, ეს ადგილი დიდ საიდუმლოს მალავს და აქ ჩამოსული ყოველი ტურისტი პატარ-პატარა ამოცანებს ხსნის. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ იტალია თითოეულ ჩვენგანს გვიმახსოვრებს და არასოდეს გვივიწყებს.
იდუმალი ვენეციის შემდეგ სად უნდა იმოგზაურო თუ არა სიყვარულითა და ოცნებით გაჟღენთილ ვერონაში.  ჯულიეტას სახლ-მუზეუმში შესვლამდე მარჯვენა მხარეს წერილს ვტოვებ და შესული ჯულიეტას ძეგლს მკერდზე ხელს ვადებ. რა სურვილის ასრულებას ვითხოვ ეს კი საიდუმლოა. აქ ყოფნისას ახლიდან, შენებურად წარმოიდგენ რომეოსა და ჯულიეტას რომანს.
ვერონაში ფეხით გასეირნებას არაფერი სჯობს, აუცილებელიც კი არის. ვნახულობ: რომაულ ჭიშკარს, სახლებს, მუზეუმებს… აქ დაგემოვნებული ნაყინის გემო კი ცხოვრების ბოლომდე არ დაგავიწყდება. სიტყვაზე უნდა მენდოთ, ანდა შემდეგში ერთად გავემგზავროთ ამ პატარა და სიყვარულის ლეგენდით მოცულ ქალაქში.

ზღაპრული მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე სტამბოლი მომენახულებინა, რომელიც ბავშობიდან მიზიდავდა. აქაური სურნელი სხვანაირია. ბოსფორის, შემწვარი წაბლის, სიმითის სურნელი ერთმანეთში ირევა, რასაც თან მოსდევს სევდა, ბედნიერება, ამაღლებული განწყობილება…  ბენდიერება და სევდა ერთდროულად როგორ შეიძლება გვეწვიოს? სწორად ასეთია სტამბოლი, შეუძლია ყველაფერი ერთად შეგაგრძნობინოს… სანაპიროზე, ხის სკამზე ვჯდები, წიგნაკს ვიღებ და სტამბოლის აღწერას თეთრ ფურცლებზე ვცდილობ. საღამოს წვიმა მოდის, შემიყვარდა ნისლში აია სოფიას ყურება, ღარიბ ქუჩებში სეირნობა, ყოველი მხრიდან კატები რომ შეგხვდებიან და კიდევ დარიჩინის სურნელი, ჩემს ხელებს რომ ასდით. ტრამვაით მგზავრობა და გალათას კოშკიდან გადმოხედვა სხვა თავგადასავალია… სტამბოლი ის ქალაქია, რომელიც თავს არასოდეს დაგავიწყებს… აქ მოხვედრისას ღრმად უნდა ჩაისუნთქო, ბოლომდე შეიგრძნო…
ამ ქალაქის იცით კიდევ რა შემიყვარდა? როგორც არ უნდა გციოდეს, როგორი გაყინულიც არ უნდა იყო ვიღაცა მაინც იზრუნვებს შენს გათბობაზე და ცხელ-ცხელ ჩაის შემოგთავაზებს.
ასეთია სტამბული, ხალხმრავალი, თუმცა ყველა მათგანს რაღაც საერთო აკავშირებთ, ისეთი, რაც არასოდეს მიეცემა დავიწყებას.

მოგონებებით სავსე სტამბოლის შემდეგ ძალიან შორს გადავწყვიტე გამგზავრება. ახლა ზუსტად აქ ვიმყოფები ტიბეტში.

როგორია ტიბეტიდან დანახული სამყარო?

უბრალოდ სამყაროს სახურავზე წარმოიდგინეთ თავი და ყველაფერი ნათელი გახდება.
ამ ქალაქებში იცით რა არის საერთო? ყველა ზღვისფერი მგონია… ლურჯი ზღვისა და კესანების ფერი…

დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია, ერთად გადავწყვიტოთ, რომელ ,,სილურჯეში“  ვიმოგზაუროთ მე და შენ, მხოლოდ ჩვენ ორმა…