ჩემი თვალით დანახული საქართველო – მოდი მნახე …

  • Home
  • ბლოგები
  • ჩემი თვალით დანახული საქართველო – მოდი მნახე …

საქართველო ჩემი დედასამშობლოა , აქ ყველაფერი მალამოდ ედება სულსა და გულს. მეგონა აქ , ყველაფერი იმიტომ მომწონდა , რომ ჩემი იყო და სისხლხორცეული , მაგრამ თურმე , მხოლოდ მეგონა …
მე კოპწია იმერეთში ვცხოვრობ, საჩხერეში მამის კერაა . რუსეთის დიდ ქალაქებსა და თბილისში ცხოვრების შემდეგ ჩემი ოჯახი ფუძეს დაუბრუნდა და ნელ-ნელა დავიწყე ამ კუთხის გაცნობა. . ჩემი თვალით დანახული საქართველო საჩხერის სანახებთან ასოცირდება . ამ ზღაპრულ კუთხეში მამამ რა არ მაჩვენა და აი , მოდინახის რიგიც დადგა.
საჩხერის ყოველი კუთხეკუნჭულიდან შეგიძლიათ დაინახოთ კირქვის მაღალ თხემზე ამაყად მდგარი ციხესიმაგრე. არც კი მჯერა, რომ ის გვიანდელი საუკუისაა და ოდესღაც ერთ-ერთი სტრატეგიული სიმაგრე იყო . მიუხედავად იმისა , რომ 1991 წლის დამანგრეველმა მიწისძვრამ ფრთა მასაც გაჰკრა, დღეს მაინც დიდებულად გამოიყურება.
ერთხელაც თანაკლასელებმა გადავწყვიტეთ ლაშქრობა მოდინახეზე. ამან ბავშვების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მოუთქმენლად ველოდით დათქმულ დროს . გზა ხალისითა და მხიარული ამბების გახსენებით განვვლეთ. მართალია, უკვე ოთხი წელი გავიდა იმ დღიდან, მაგრამ ახლაც ცხადად ვხედავ, როგორ ახელდა თვალს იმ დილით მიძინებული ბუნება, როგორ ეჩურჩულებოდა ცისმარე დილის სიო შრიალა ფოთლებს , ზურმუხტისფერის რამდენი ტონი ენაცვლებოდა ირგვლივ ერთმანეთს, ამ სისხამ დილით ჩიტუნებიც სხვა ჟრიამულით დასრიალებდნენ ლაჟვარდ ცაში და ჩემი გულიც ამ სილამაზის, ბუნების საოცარი ზეიმისა და მეგობრებთან ლაღობისგან თითქოს სხვანაირად ფეთქდა , უფრო ძლიერად , უფრო ხმამაღლა , უფრო გრძნობით …
დაბადებიდანვე კარგად ჩანდა მოდინახის კონტური , ის ,,ცა-ფირუზისა” და ,,ხმელეთ-ზურმუხტოს” შემაერთებელ ჰორიზონტს დარაჯად უდგას , თითქოს ცისა და მიწის ეს სამკაული მიწიერსა და ზეციურს ათანხმებს, აკავშირებს, ესაუბრება. ახლოს მისვლისას სუნთქვა შემეკრა, ფართოდ გახელილი თვალებითა და შენელებული სვლით მივიწევდი მისკენ, როგორც სალოცავისკენ. ისე ბუნებრივად , ისე ორგანულად ამოზრდილიყო მიწიდან, ხელთუქმნელი გეგონებოდათ. ციხის კედლებიდან გადმოსახედია . ამ ღვთიური ხელით მოქარგულ პანორამას თვალი რომ გავუსწორე, მისი დიდებულებისაგან ენა ჩამივარდა, აღარ მესმოდა თანატოლთა ჟრიამული , უკვე ვეღარ ვარჩევდი, რა იყო ცისა და – რა მიწისა, რა – ღვთიური და რა – კაცის ხელით შექმნილი. ასე შენება , ასე ხატვა , ასე შექმნა ხომ მხოლოდ ღმერთკაცსა და უკვდავებასთან ნაზიარებ ხელოვანს შეუძლია! დაბლა ხელისგულზე გაშლილივით მოსჩანდა საჩხერე , ველები , სოფლები, ტყის მასივები… მზის სხივებში ბანაობდა არაემარე და ყვირილას დენა – ლაპლაპიც თვალს იტაცებდა. ისევ ციხეს შევავლე თვალი , თითქოს ძველი დარაჯების საჭურველის ხმაც მესმოდა , მშვენიერ ბანოვანთა მანდილმაც სადღაც , ქონგურს იქით გაიფრიალა და მათი ხატაური აბრეშუმი შრიალით სიოს მოჰქონდა … არა , ეს მიწიერი სამოთხის ციცქნა ნაწილი აუცილებლად უნდა ნახო , უნდა შეიგრძნო , უნდა შეიყვარო . ჩემი თვალით დანახული პატარა საქართველო ახლა დიდია, ვრცელია , დიდებულია , მომხიბვლელი და წარმტაცი წალკოტია. ეს შთაბეჭდილება კი – დაუვიწყარი და ამაღელვებელი …