” ჩემი თვალით დანახული საქართველო”

ყაზბეგი

იმ დღეს ფეხი ძალიან მტკიოდა. თითქოს პატარა გველი შემომხვეოდა ფეხზე  და მთელი ძალით ცდილობდა ჩეთან დარჩენას. ყველაფრის მიუხედავად მაინც დავიყოლიე ჩემი თავი და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. დილა იყო. აივნიდან ვიხედებოდა. ისეთი ნისლი შემოხვეოდა მთებს, რომ ბუნებას უფრო საშიშ და ამავდროულად ულამაზეს შეხედულებას აძლევდა. ნისლი ქვევითაც ჩამოსულიყო, თითქოს მიწაზე იყო, მაგრამ მიახლოებისთანავე იფანტებოდა. გადავწყვიტე ცოტახანი დამეძინა და იქვე ფანჯარასთან დავწექი. თავში ფიქრების კოლოსალური რაოდენობა მეხმარებოდა გონების დაკარგვაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყაზბეგის იმ ღირშესანიშნაობებს მიხატავდა, რომლებიც ჩემს ნახვას და აღფრთოვანებას ელოდებოდა. ყველაფერი გერგეთის სამებიდან დაიწყო. მასზე ფიქრისას თვალიწინ ულამაზესი ხედი გადამეშალა, რომელმაც მისი აშენების პერიოდში , მეთხუთმეტე საუკუნეში დამაბრუნა. შემდეგი გაჩერება გერგეთის მყინვარი იყო. თვალწინ ამაყი მთები , ალპური მდელოები და გერგეთის მარტოსული მყინვარი წარმომიდგა. ვიცოდი, კიდევ ბევრი მქონდა წარმოსადგენი. ამაზე ფიქრისას ყაზბეგის მდუმარე მთებმა გადამთელეს და მეც ჩამეძინა. სულ რამდენიმე საათი თუ გავიდოდა, როცა მზის სხივებმა შემაწუხა. თვალები გავახილე. სადღა იყო ნისლი, სულ გაფანტულა. როგორციქნა დავინახე დიდი ძლიერი, შიშისმომგვრელი მთები, ისინი ერთმანეთს ეჭიდებოდნენ . აივანზე გავედი, ციოდა, მაგრამ სულ არ მეცალა ამაზე ფიქრისთვის . თითქოს დრო გაჩერდა. მელოდებოდა. ამ დროს მხოლოდ მე და ის მთა ვიყავით, ჩემ წინ , რომ იდგა და უხმოდ გადმომყურებდა. ჰაერიც სხვანაირი იყო, უფრო მსუყე , მაგრამ მსუბუქი.

ეგზალტაცია სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტერმინია. ყველა ადამიანი ყოფილა ამ მდგომარეობაში ერთხელ მაინც.  მარტივად , რომ ვთქვათ ეგზალტაცია უკიდურესად აღფრთოვანებული მდგომარეობაა. ბევრს უკითხავს მთა გირჩევნია თუ ზღვაო. აკტუალური კითხვაა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გკითხავდათ ვინმე. ყაზბეგში ყოფნამდე სულ ზღვას ვპასუხობდი, მაშინ ეგზალტაციაც არ ვიცოდი რა იყო და არც ყაზბეგის სიმწვანე წარმომედგინა ზევიდან არწივის თვალებით.

თბილი ბრიზი, ჰარმონიული მზის ჩასვლა. ემოციებისგან გცლის , გამშვიდებს და რაღაც კომფორტის ისეთ მდგომარეობაში გაგდებს, რომ სანამ ვინმე არ დაგირღვევთ ურთიერთობას შენ და ზღვას, იქ ხარ. ყაზბეგში, მთაზე კი ყველაფერი სხვანაირადაა. ადიხარ და თითები გეყინება, გეწვის,  სადღა გცალია თითებისთვის,  გცხელა, ჯერ მხოლოდ ფიზიკურად. ჰაერი უჩვეულოდ მსუბუქი გეჩვენება. გაყინულ ჰაერს ჩისუნთქავ და მაინც არ გყოფნის. გსიამოვნებს, თითქოს ფილტვები დიდიხნის ძილის შემდეგ გაცოცხლდნენ და ახლა ბედნიერებისგან სულ უფრო ხშირად, სულ უფრო მეტს გთხოვენ. როგორციქნა მიხვედი. შენც შეუდრეკელი მთების ნაწილი ხდები. მისი თითოეული წახნაგი იცი და ყაზბეგი შენი ხასიათის ნაწილი ხდება . თვალებს მაგრად ხუჭავ. ასეთი სილამაზე არარეალური გგონია. გეშინია თვალების გახელისას ეს ყველაფერი არ გაქრეს.  თვალებს ახელ, უნებურად გეღიმება. ბედნიერება შეუმჩნევლად მოგეპარა. ისეთი აღფრთოვაანებული ხარ , რომ გეგონება ვარსკვლავზე ზიხარ და იქიდან იხედები. სიხარულს, ბედნიერებას , აღფრთოვანებას და კიდევ უამრავ შეგრძნებას გული და გონება ვეღარ იტევს. ხვდები, რომ აქამდე კომფორტის მონა იყავი და ეგზალტაციის მონა ხდები.

 

Tags: