მე, ერთი უბრალო ქართველი გოგონა ვარ, რომელსაც უამრავი ოცნებებით აქვს გული შემოსილი… ჩემი, ცხოვრების ლამაზი წლები ზღვის დალალებს შესციცინებდა, მაშინაც კი როცა ტკივილების რიგი გულში იკრიბებოდა, აწიოკებული სულით ზღვის სანაპიროზე გავრბოდი, რადგან ისე კარგად ვერავინ მიგებდა, როგორც ზღვის დალალები… ზღვის ნაპირზე ჩამომჯდარს კი ათასი ფიქრი შემომესეოდა, ხშირად ვფიქრობდი, როცა სხვა სამყაროში, ღმერთს მივუახლოვდები, რა ვუთხრა ჩემს ქვეყანაზე, როგორია, “ჩემი თვალით დანახული საქართველოთქო”… აქამდე, ზღვას ვუამბობდი ჩემს ფიქრებს, ახლა კი უფლება მეძლევა, ჩემი წერილით სხვას გადავუშალო გული… ბავშვობაში, არ ვმალავდი ოცნებებს, არ ვმალავდი, რადგან მეგონა არ მომპარავდნენ, თურმე არსებობენ ისეთებიც, მოგპარავენ და მეტიც, დაგიფშვნიან, გაგინადგურებენ, თვალებს დაგინამავენ და მაინც არ დაგინდობენ… იცით, ყოველი დაცემის შემდეგ, ჩემში უხილავ ძალას ვგრძნობდი, მე, ვგრძნობდი ჩემში ღმერთის არსებობას, რადგან ცრემლიან თვალებში ისევ მზის სხივები კაშკაშებდნენ… ალბათ იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, დიახ, რელიგიით, ქრისტიანული მართლმადიდებლური, აქ ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ ღვთის სიყვარულს, რომელიც კაცობრიობის ცოდვების გამო ჯვარს გაეკრო, რათა ბოროტებისაგან გადავერჩინეთ და მას, ვუწოდეთ, “მხსნელი”… მე კი ზღვისპირა ქალაქიდან ვარ, მაგრამ ჩემი ფესვები რაჭიდანაა, იქ ნამდვილად სამოთხეა, სულ მთლად სიმწვანეში ჩაფლული მთები ამაყად არის გარშემორტყმული სოფელს, იქვე მირაკრაკებს ნაზი ხან კი გაგიჟებული რიონი, იცით, ძალიან ბედნიერია რიონი, როცა რიჟრაჟზე თეთრ სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი ნისლი სტუმრობს… ბედნიერი რიონი სერენადას უღიღინებს, მისი ხმა კი ექოსავით გაისმის ზღაპრულ სოლფელში, თითქოს ორკესტრის ზეიმია… ამაყი მთები ცეკვას თავაზობს ნისლს, ნისლი კი მჭიდროდ გადაეხვევა, შემოეხვევა და მთელი გრძნობებით ეცეკვაბა ვალს… აი, ასეთია ჩემი საქართველო, ზღაპრული ბუნებით, როცა ჩემი რაჭის სილამაზეში ვიკარგები მიჭირს თავის დაღწევა… საქართველოს მთები მაბრძენებს, სხვადასხვანაირი ფერებით მიქარგავს გონებას… იქ შემიძლია გავფრინდე, ხანდახან ხელებს ვშლი და თვალებს ვხუჭავ, ვიყნოსავ საქართველოს სურნელს და ხმამაღლა ვყვირივარ, მთელი ემოციით, გულიდან ვიგლიჯავ ძაფზე აკინძულ უბედურებას… ამ დროს გულში ცისარტყელის ფერებით იქარგება “ბედნიერი ვარ”! ეს ჩემი საქართველოა, უღალატო ბუნებით… იცით, აქ ბუნების მსგავსი ადამიანებიც არსებობს, დედაჩემი ქართველი ქალია, ის ყოველთვის მეუბნებოდა, -“არ დანებდე, არ დანებდე! გახსოვდეს, ერთხელაც მიაღწევ დიად წარმატებას, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, წარმატებამდე რა გზა იარე, არ დაივიწყო ადამიანობა და ღირსება, სიკეთე და გულმოწყალება… რადგან დიდი ღმერთიც კი ადამიანის ხატად იყო შექმნილი”… დიახ, საქართველოს ღირსეული შვილებიც ყავს, ქართველი ქალი ოჯახის ბურჯია, მათ, სამშობლოსთვის არაერთი ღირსეული შვილი გაუზრდიათ, ასევე ქართველი ქალი გამოირჩევა, თავისი სიკეთით, ადათ-წესებით, კლდემამოსილებით და ოჯახის სიყვარულით…. ქართველი კაცი კი კლდესავით ძლიერია, რომელსაც შეგიძლია მიეყრდნო, მშრომელი და მზრუნველია, მათთვის ყოველი დღე ჯაფაა, რათა თავიანთ ოჯახებს არ მიაკლონ საკვები… თუმცა “ჩემი თვალით დანახული საქართველო” სევდიანია, ხან კი ცრემლიანია, ის იმდენ ტკივილებს იტევს რამდენ წვეთსაც ოკეანე… ჩემს სამშობლოს შავი სამოსი აცვია, ის დღესაც გლოვობს იმ ღირსეული ვაჟკაცების გარდაცვალებას, ვის სისხლზეც დგას საქართველო… იცით, კიდევ რა ტკივა? ყოველ კუთხეში ხელგაწვდილი ადამიანების ტკივილები… იმ, ახალგაზრდების ტკივილებიც, ტკივა, დაბინდული გონებით სწორ გზას, რომ აცდებიან… ჩემი საქართველო, ქართველი ერისთვის, მამა და დედაა, ძმა და დაა, ოჯახი და სახელმწიფოა და ის მაშინ არის ბედნიერი, როცა მისი შვილები სხვა ერისთვის სამაგალითოდ იქცევა, განსაკუთრებით მაშინ ამაყობს, როცა მისი შვილები საზღვრებს ფშვნიან და მაღალ მაშტაბებში, ქვეყნის ღირსება და კულტურა გააქვს… მე, როგორც საქართველოს შვილი, ერთხელაც ავდგები და საზღვრებს გარეთ ხმამაღლა ვისაუბრებ საქართველოს ისტორიაზე, მის შვილებზე, მის ცრემლიან მიწაზე… ავდგები და სიჩუმეზეც ვილაპარაკებ… ვილაპარაკებ ყორანივით შავ მიწას თუ როგორ დასცქერის ლურჯად მოელვარე ცის უკიდეგანო სივრცე, ცის სილამაზეს ხანდახან, რომ შავი ღრუბელი ჭამს და სხვადასხვა ფერებით ხატავს… ავლაპარაკდები და მერე ავღიღინდები, ტკივილების დროსაც ვიღიღინებ, ცრემლმორეულ მთებსაც კი გავაღიმებ, გავაბრწყინებ, შემდეგ კი ალბათ წვიმაც არ დააყოვნებს და მალევე წალეკავს ტკივილების გუდას… მიყვარხარ ჩემო მთებო! თუ ოდესღაც მკითხავენ, როგორი სიძლიერის გწამსო, პასუხს არ დავაყოვნებ და ვიტყვი, “საქართველოს მთებივით, გაუტყდომარი, დაუჩოქებელი სიძლიერის მწამსთქო”.