ისტიკლალის ქუჩა. მერამდენედ მიუყვები ამ, უკვე შენად ქცეულ ქაჩას – მისეული, სიცოცხლით სავსე ცხოვრებით რომ გავსებს და აღმაფრენის შეგრძნება გეუფლება – მე ისევ აქ ვარ – მონატრებულ სტამბოლში და მონატრებულ ადგილებში დავხეტიალობ.
გალათასარაის ლიცეუმთან მარცხნივ პატარა ჩასახვევია – იენი ჩარშის ქუჩაზე. მისეირნობ ვიწრო, ძველებურ ქუჩაზე, ჩადიხარ დაღმართზე და რამდენიმე წუთში ჩუქურჯუმას ასახვევი გხვდება. თუმცა, მაინც არ ენდობი საკუთარ თავს და ყოველ მესამე გამვლელს ეკითხები სწორია თუ არა შენი მარშრუტი უმანკოების მუზეუმისკენ.
კიდევ ერთხელ, და მერამდენედ, გაოცებს სითბო. ამ ულამაზესი ქალაქისთვის დამახასიათებელი სითბო – რომელიც უპირველესად მისი მაცხოვრებლებისთვის საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამომხატველია და იმავდროულად ამ საოცარი ქალაქის კეთილგანწყობისა – თითოეული სტუმრისთვის უხვად გამეტებული. ხიბლი, რომელიც ისევ და ისევ გიზიდავს სტამბოლში დასაბრუნებლად.
ჩუქურჯუმას ქვაფენილიან, ვიწრო ქუჩაზე მიაბიჯებ და წინ თითქოს არაფრით და ამავე დროს ყველაფრით გამორჩეული თბილი წითელი ფერის სამსართულიანი შენობა გეგებება. შენობა, რომელმაც ჯერ კიდევ შენს წარმოსახვაში, ორჰან ფამუქის ,,უმანკოების მუზეუმის” წაკითხვის შემდეგ ეს უბანი თავის დიდებულ პატრონთან ერთად სტამბოლი შენს საყვარელ ქალაქად აქცია.
შედიხარ ამ საოცარ შენობაში და… ყველაფერი, რაც შენს ცნობიერებაში უკვე ცხოვრობს და აქ არის მოთავსებული, გამოფენილი უკვე სასიამოვნო ნაცნობად გეგებება. გადაჰყავხარ და ერთხელ კიდევ გამოგზაურებს ორი ადამიანის სამყაროში, რომლებიც ასეთი ახლობლები გამხდარან შენთვის. ეს – ნანახის, აღქმის სიმძაფრეა. ივსები საოცრად თბილი, სევდაშერეული მონატრების ფერებით და სინანულგანცდილი სიხარული ჩნდება- სიხარული იმისა, რომ შენი წარმოსახვა, აღქმული და
განცდილი სამყარო თვალწინ გადაგეშალა… ფოტოგადაღებები დაშვებულია. მადლობა. და დამატებით ფოტოებთან ერთად, თითოეული სტენდის, თითოეული ნივთის – ძველებური საწოლია ეს თავისი უბრალო გადასაფარებლით და მყუდრო აბაჟურით, სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლეებით, საჭმლის იმიტირებით, უბრალო და მოსახერხებელი ძველებური – ვინტაჟად ქცეული ტანსაცმლით – მეხსიერებაში აღბეჭდვა… რაც შეიძლება დიდხანს – ლამაზ მოგონებად რომ ამოგიტივტივდეს პერიოდულად…
უკან სხვანაირი, აღქმის სიმძაფრით დამუხტული ამოუყვები ვიწრო ქუჩებს. იყნოსავ ძველი ქალაქის სუნს პატარა, ძველებური, საყვარელი, გემრიელი მაღაზიებით, უამრავი უჩვეულო ნივთით სავსეს და ცდილობ რაღაც მაინც წამოიღო სახსოვრად. ამჯერად პაწაწინა “ბრელოკს” ირჩევ – ძველებურ ფოტოაპარატს – საყვარელს, განსხვავებულს – შენი ოთახის კედელზე რომ მიუჩენ ბინას.
იქვე გალერეაა თურქი მხატვრების. პატარა, მყუდრო – თანამედროვეობის საოცარი შერწყმა წარსულთან. გეგონა “ისტანბულ მოდერნ არტის” შემდეგ აღარაფერი გაგაოცებდა. აქ სხვა სამყაროა – თბილი, მყუდრო ბინის. თბილი და მოყვარული. ისეთივეა, როგორიც სტამბოლი – თავისი ნისლიანი, ადრეული გაზაფხულის დღეებით, ბოსფორის სრუტეზე ჩამოწოლილი ნისლის ქვეშ მოფარფატე თოლიებით, ტაქსიმის მოედანზე მოჟღურტულე მტრედებით, პრინცების ულამაზესი კუნძულით – დედამიწაზე სამოთხეში რომ გაგრძნობინებს თავს – სადაც გგონია, რომ დრო გაჩერდა შენი აღმაფრენისა და სიმშვიდისთვის – სულში სასიამოვნოდ ჩაღვრილი სითბოს უკეთ აღსაქმელად, სადაც წმინდა გიორგი გეფერება ულამაზესი ხატებიდან, სადაც ყველანაირი პრობლემა ქრება და მოდის შეგრძნება, რომ მარადისობაში გადახვედი საცხოვრებლად…