ჩემი საქართველო

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, ალბათ იმ დროიდან, როცა 4-5 წლის პატარა გოგო აივანზე გავცუნცულდებოდი, ნიკაპს ფანჯრის რაფას ჩამოვაყრდნობდი და ფართოდ გახელილი მეოცნებე თვალებით დიდ ლივლივა მთვარეს შევცქეროდი…

ყოველთვის, როცა კლდეებიდან სავსე მთვარე ამობრწყინდებოდა თავისი მედიდური გარეგნობით, ვუყურებდი და ჩემი ბავშვური წარმოსახვით მასზე საქართველოს ანარეკლს ვხედავდი, რომელიც ზუსტად იმავე ფორმის იყო, როგორიც მამაჩემის მიერ გაკრულ დიდ გეოგრაფიულ რუკაზე.

სწორედ აქედან დაიწყო პირველი აღქმა საქართველოსი და პირველი ემოციები შესაბამისად იმ ადგილ უკავშირდება სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ხოდა ჩემს შემთხვევაში საქართველო ჭიათურიდან დაიწყო.

გინახავთ ქალაქი რომელიც ოთხვივე მხრიდან კლდეების ტყვეობაშია მოქცეული? შორიდან თუ შეხედავთ, განსაკუთრებით ზამთრში, როდესაც კლდეებს სევდიანი ნაცრისფერი ელფერი დაჰკრავთ, გეგონებათ მარტო დარჩენის შეშინებიათო რუხ გოლიათებს, გაუშლიათ ხელები და პატარა ქალაქი გულში ჩუკრავთ, აღარსად გაუშვიათ, ახლა კი დაჰყურებენ ზემოდან სიამაყით, სითბოთი სავსე მზერით. ცდილობენ დაიცვან ყოველგვარი ცუდისგან და ცივ ნიავს არ აკარებენ.

იცით ჭიათურის ცაზე რამდენი ვარსკვლავია??? როგორი ლამაზია მისი ცა??? შეძლებთ წარმოიდგინოთ რა შეგრძნებაა, როდესაც ქუჩაში დგახართ ოთხივე მხრიდან ბუმბერაზი კლდეები გიცავენ და თავზე უამრავი ვარსკვლავით მოჭედილი ცა დაგყურებთ??? გეუფლება შეგრძნება, რომ ფრენა შეგიძლია და უსასრულობაში იკარგები, თუმცა შეიძლება უცბად შიშის და მარტოობის შეგრძნებაც კი დაგეუფლოთ.

ასეთი მასიური კლდეები უცხო არაა საქართველოსთვის, თუმცა პირველ რიგში დარიალის ხეობა მახსენდება, მაგრამ ის კლდეები სხვანაირები არიან, მკაცრები, წარბშეკრულები და მედიდურები. მკერდშემართულები დგანან ქვეყნის სადარაჯოზე და აოცებენ ყველას თავისი სიდიადით, ეს მრავალჭირგადატანილი მესაზღვრეები. გეუფლება შეგრძნება, რომ რაღაც უხილავი ძალა იცავს და მფარველობს მათ, თუმცა ეს ხომ ასეცაა… გახედავთ და ჰორიზონტზე ღრუბლებიდან გერგეტის სამების სილუეტი ისახება. ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული მადლიანი თვალით დასცქერის საქართველოს და ლოცვით აძლიერებს მის შვილებს. დგას მყარად და უშფოთველად, რატომაც არა, ზურგს ხომ კავკასიონი უმაგრებს.

გერგეტის სამებიდან ექოდ გაისმის ზარების რეკვის ხმა და მთელს საქართველოს ეფინება, განსაკუთრებული გუგუნით კი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აძლევს ბანს.

თბილისი და თბილისური გარემო, ხომ ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს. აქ ტრადიციები და თანამედროვეობა ერთადაა თავმოყრილი. ძველი თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა და მგზნებარე ახალგაზრდული ცხოვრების რიტმი ერწყმის ერთმანეთს, ავსებს და აქაურობას უფრო საინტერესოს ხდის ნებისმიერი თაობის ადამიანისათვის. კულტურული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები, ოპერა, კინო-თეატრები, ბარ-რესტორნები, ღამის კლუბები – მხოლოდ მცირედი შემადგენელი ნაწილია თბილისური ცხოვრებისა.

დედაქალაქის რიტმს ტოლს არ უდებენ ზღვსპირა ქალაქები, განსაკუთრებით ზაფხულობით, როდესაც აქაურობა ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებით ივსება. შავი ზღვის სანაპირო, აჭარის ულამაზესი ბუნება, უამრავი ფესტივალი და ღონისძიება ყველა ერის წარმომადგენელს ერთნაირად ხიბლავს.

თუმცა მინდა საქართველოს კიდევ ერთი ულამაზესი ზღვისპირა კუთხეც გავიხსენო, რომლის ამბები მხოლოდ ზღაპრულად მსმენია.

აფხაზეთი, რომელიც ჩვენი დიდი ტკივილი, ძალიან ტკბილი მოგონება და ამასთანავე მომავლის დიდი იმედიცაა. სოხუმი დედაჩემის მოყოლილი სტუდენტობის დროინდელი ისტორიებიდან და ძველ ღია ბარათებზე დაბეჭდილი ფერადი ფოტოებიდან მაქვს გონებაში წარმოდგენილი. მინდა რომ რეალურადაც ყველამ მალე ვიხილოთ ასეთი სოხუმი… ფერადი, მხიარული, სიცოცხლით აღსავსე, მწვანეში ჩაფლული, საოცარი ნაპირით და რა თქმა უნდა, ისევ საქართველოდ წოდებული.

საქართველო კონტრასტებით სავსე ქვეყანაა, მისი ბუნება განსაკუთრებული და უნიკალურია, გამორჩეული როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებით.

მთის საოცარი ბუნება, მისი ხალხის კულტურა, ცხოვრება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ყველას იზიდავს და აინტერესებს, ამიტომაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ეწყობა ტურები თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთისა და რაჭის მიმართულებით. თუ ეს ადგილები ჯერ კიდევ არ მოგინახულებიათ, ჩათვალეთ, რომ საქართველო არ გინახავთ.

მოგისმენიათ ლეგენდები მთის ცხოვრებაზე??? იცით რომ შატილში სიკვდილი სიმღერით დაუშინებიათ??? გაგიგიათ როგორ დაერქვა რაჭას სახელი??? გსმენიათ ისტორია მირანგულას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ? ან მისი სვანური კოშკი თუ გინახავთ??? ამ ამბების მოსმენა ყველაზე ტკბილად და საინტერესოდ ადგილობრივი მოხუცებისგანაა შესაძლებელი. ჯოხზე დაყრდნობილები, კუთხური კილოკავით, მთელი ემოციით რომ გიყვებიან წინაპრებისგან გაგონილ ისტორიებს და იმ ადგილებისკენ მიგითითებენ აცახცახებული თითებით სადაც ესა თუ ის ამბავი მოხდა. მთაში კი ასეთი ადგილი ბევრია, აქ ხომ ყველა კოშკს, სახლს, ხევს, ჭიუხს და ქარაფს თავისი ისტორია აქვს… ვაჟკაცური, ამაყი და უმეტესწილად ტრაგიკული.

ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია საქართველოსი…

განა შეიძლება გული არ გაგითბოს იმერულმა სტუმარ-მასპინძლობამ და იმერეთის ულამაზესმა ღირსშესანიშნაობებმა??? გარდა კაცხისა, სხვაგან სად შეხვდებით 40 მეტრის სიმაღლის სვეტს, რომელზეც სალოცავია აშენებული?

როგორ არ უნდა მოგხიბლოს სამეგრელოს დიდებულმა სასახლეებმა და კანიონებმა??? თითქოს აქ დაუბერტყავს ბუნებას თავისი მადლი, რაც ხალხსაც დაუფასებია, უზრუნია და შეუნარჩუნებია…

აქვეა გურიაც, თავისი ,,კალანდობით“, ლელოთი და  ყოველწლიური ტრადიციული დოღით.

შეიძლება საქართველოზე საუბრობდე და მეღვინეობის უდიდესი კერა, კახეთი არ გაგახსენდეს??? თავისი ვენახებით და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით??? მართლმადიდებლურ სამყაროში ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიის ნახვაც ხომ სწორედ კახეთშია შესაძლებელი.

ბევრი, ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო საქართველოზე, მაგრამ ეს თემა ამოუწურავია. რთულია ჩამოთვალო ყველა კუთხე, მისი სანახაობა და ის სიმდიდრე რაც ჩვენს ქვეყანას ამშვენებს, მაგრამ მინდა პატარა ლექსი მივუძღვნა ასე სახელდახელოდ. გაგეღიმათ? იფიქრეთ შეეძლო ,,ექსპრომტი“ დაეწერაო? დიახ, შემეძლო, მაგრამ ეს ხომ საქართველოა და ჩვენი ენაც ხომ ჩვენი კულტურული განვითარების მთავარი ბერკეტია!

 

ჩვენი სამშობლოს შვილობა

მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,

თუმცა არ მესმის ქართველნი,

ხშირად ბედს რატომ ჰყვედრიან.

 

უცხო ქვეყნების მიბაძვა

მთავარი საქმე ჰგონიათ,

თუმცა არ ახსოვთ – ევროპელთ,

სახლი დმანისში ჰქონიათ.

 

ქვაში ნაკვეთი ქალაქი

ყველა ერს კი არ ჰქონია,

და დამწერლობა ქართული

კულტურულ ძეგლთა სწორია.

 

ცნობილი ოქროს საწმისი

თვით საბერძნეთშიც სდომიათ,

პირველად სელის დართვა, კი…

ჭიათურაში სცოდნიათ.

 

დინოზავრების კოლონას

ქვეყნის ღრმა გულში უვლია,

მათი ძლიერი ნაჭდევი

დროს და ჟამს ვერ წაუშლია.

 

მთის ქვეშ ზღვა არის კამკამა,

ზღვასთან ტყე ხარობს ხშირია,

კლიმატის შერწყმა ასეთი

ქვეყნად ძალიან მწირია.

 

ბუნება ახლაც ბევრს გვჩუქნის

შარშან ერთი ტბაც უშვია,

მეწყრის ტბა უწოდებიათ

და მისგან წყალიც უსვიათ.

 

ყველა ერსა აქვს პრობლემა,

არავინ არის უნაკლო,

ჩვენს ხელში არის სადავე

მომავლის ბედი – უმანკო.

 

საქართველოზე დიადი

განა ქვეყანა ბევრია?

თუ ჩვენ ვიზრუნებთ ერთურთზე

კვლავ გაბრწყინდება ერია!

აი ასეთია ჩემი საქართველო! უფლისგან კურთხეული და ბუნებისგან მადლმოსილი, თავისი უამრავი ადამიანური პრობლემითა თუ საზრუნავით…