ჩემი ოცნებების მიღმა სითბოა…

მშობლიური ბორჯომის ტბები, ბუნება და ბილიკები იყო ის, რაც ნამდვილად მათბობდა. ბორჯომი გახდა სათავე ჩემი მოგზაურობებისა. ბორჯომში გავიგე და გავაცნობიერე თუ რამდენად დიდი იყო ჩემი სიახლოვე ბუნებათან.

19 წლის მანძილზე, სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს არ გავცელილვარ, თუმცა, აქტიურად ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი სამშობლოს უნიკალურობაში.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ოცნებად მქონდა ქცეული ხევსურეთისა და აბუდელაურის ტბების  ნახვა. უნივერსიტეტელ მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა.ჩემი სურვილების ახდენაც მათთან ერთად დავიწყე. პირველი ნაბიჯი იყო ხადას ხეობა, თრუსოს ხეობა, რაჭა, ყაზბედი და ასე შემდეგ… გასული წლის ზაფხულში სურვილი  ავისრულე და აბუდელაურის ტბების ლეგენდა ლურჯი ტბის პირას  მოვისმინე… თვალწინ დამიდგა ღმერთკაცებისა და დევების შერკინებები, რომლებიც საბოლოოდ კეთილის გამარჯვებით დასრულდა.

არ აქვს მნიშვნელობა ლაშქრობისას მზიანი დღე იქნება თუ ცივი და წვიმიანი. ჩემში მაინც რჩება წარუშლელი კვალი.როცა ხანგრძლივი გზის შემდეგ მივალ დანიშნულების ადგილას და ვიწყებთ დაბანაკებას ჩემთვის ეს ბედნიერებაა. უცნაური კმაყოფილების გრძნობა მეუფლეა. თითქოს ის დღე არ დამიკარგავს, ფუჭად არ ჩაუვლია.

ჩემთვის ყოველი მოგზაურობა წაკითხული წიგნივითაა, კარგი წიგნივით. ყოველი ახალი ნაბიჯი გაახლოვებს ფინალთან და არ იცი როგორი იქნება ფინალი, თუმცა ის კი იცი, რომ იმედგაცრუებული არ დარჩები და მორიგი დაუვიწყარი, წარუშლელი შთაბეჭდილება შეემატება შენს ცხოვრებას. ალბათ ყველას უგრძვნია ასეთი რამ…

თბილი დღეების დადგომას ველოდები, რომ ისევ ავიკიდო ჩანთა და გავუდგე გზას მთებისაკენ. ეს დღეები კი მაშინ დგება, როცა ჩემი პატარა ძმა სკოლიდან მოდის და ყინვისგან აწითლებული ლოყები კოცნისას თბილი აქვს ხოლმე. როგორც კი შევძლებ თითოოროლა მეგობართან ერთად  ბედნიერ  წუთებს ვატარებ ბუნებაში.

რატომ უნდა ვიმოგზაურო? მე სულ ვეკითხები ამას ჩემს თავს. პასუხსაც ყოველი ლაშქრობისას ახლებურად ვცემ საკუთარ თავს.

ყოველი ახალი მოფგზაურობა სიახლის ძების ახალი ასპარეზია. მე ჩემს საკუთარ თავს ვუახლოვდებიდა და უკეთ ვგრძნობ ბუნებრივ გარემოში,სადაც არი არის ხმაური, დაძაბულობა, ინტერნეტი, ტელეფონი, ყალბი ურთიერთობები და ბევრი სხვა რამ… იქ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. მოგზაურობაში შეძენილი მეგობარი ნამდვილად უანგარო და წრფელი იქნება…

ყველას ვეტყოდი აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და რაც გაბედნიერებთ. ცხოვრება გადის, წლები და პასუხისმგებლობა გვემატება. ახალგაზრდობა ხელიდან გვეცლება და როცა სიბერეში უკან გავიხედავთ არ უნდა ვინანოთ, რომ ცხოვრებაში რაღაც ვერ მოვასწარით და რაღაც არ გაგვიკეთებია… ყველაზე ძნელია იმის გაცნობიერება, როცა ხვდები შენს ერთად ერთ ცხოვრებას ფუჭად ჩაუვლია… არაფერი ჯობს ტკბილი მოგონებების გახსენებას… ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და ჩვენი სახელი დავტოვოთ…