ჩემი მიწა და ჩემი წყალი

მოგზაურობა, ჩემი აზრით, უფრო დიდი მნიშვნელობის ცნებაა, ვიდრე გადაადგილების ფორმა. მოგზაურობას ადამიანი იმ წუთიდან იწყებს, როცა პირველად ახელს თვალს. სამყაროს შეცნობა ხომ მისი თავლის მოძრაობით იწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. თავდაპირველად დედასთან დამაკავშირებელ ძაფს ქსოვს, ებღაუჭება და გზას იკვლევს მისი გულისაკენ. რაკი დედა იპოვა მისი მოგზაურობა გრძელდება, ჯერ პატარა თვალებით ოთახის სილუეტებში მოგზაურობს, შემდეგ ეზო-მიდამოს იპყრობს, უფრო მოგვიანებით კი ქვეყნისა და სამყაროს შეცნობასაც კი იწყებს. არადა ამ დალოცვილ სამყაროში ნამდვილად ღირს მოგზაურობა. უკიდეგანო სამყარო, რომელიც არსებობის 13,7 მილიარდ წელს ითვლის , სავსეა საოცრებებით, ფერთა სიუხვით: ზღვებით, ტბებით , ოკეანეებით, ულამაზესი ლანდშაფტით , მდიდარი ფლორითა და ფაუნით, ისტორიებით, სიძველეებით, კულტურით, არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული ძეგლებით.
მოგზაურობის სურვილს ყოველი მიმართულებით დავიკმაყოფილებ, მაგრამ მე ოცნებით თუ ცხადით, რეალობით თუ ზმანებით, ფეხით თუ ტრანსპორტით, ფოტომასალით თუ ინტერნეტით, პირველ რიგში ჩემი ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს მოვივლი. მინდა შევიგრძნო წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწის სურნელი. ჩავისუნთქო ცისა და ზღვის ნაზავით გაჯერებული ჰაერი,
ფეხშიშველმა ვირბინო ცვრიან ბალახზე,მდინარის ფსკერზე დაძირულმა დავინახო ცის კაბადონი, მყინვარის სიდიადით ვიამაყო, რძისა მფრქვევ ჩანჩქრებს თვალი შევავლო, მზის მოსვლას შევეგებო ალიონზე, ტოროლას ხმას ყური მივიგდო, ჩამავალი მზესავით ჩავიძირო მზის ტალღებში , ხელი შევახო ფრესკებს, “ცად ატყორცნილებს და ცაშივე გაყინულებს სამარადჟამოდ”,ხნულში სიკეთის მარცვალი მოვაბნიო, მოწმე გავხდე ქორწინების, მინდა საკუთარი ლექსით მოვიარო საქართველო.
 საქართველოს
გული ამიტირდა რუკას რომ დავხედე , შიგ ვეღარ ვიპოვე არტანუჯი.
მტერთან ვერას გახდა საქართველო , ქართველი გახდა გურჯი.
მაგრამ საქართველო არ დაცემულა ამაყად დგას ფეხზე , ამიტომ არ ვიღლები, სირბილით ავდივარ სერზე.
მიკვირს როგორ ააშენეს გარეჯი და გრემი,
 მიუვალი ციხეები საქარა და ქსანი.
 მწამს რომ არ გადაშენდება საქართველოს ერი,
 ქრისტიანი მუდამ იყო იქნება და არის !
საქართველოს ყოველ კუნჭულს მოვეფერო მინდა.
შავ ზღვაში ვიბანაო გადავცურო რიწა.
იალაღზე წავიყვანო გიშერა და ნიშა
აფხაზეთში ჩავირბინო , ვეამბორო ტკივილიან მიწას.
სადაც წავედ ყველგან გამყვა მე თბილისის ხატება .
მეტეხის და ქართლის დედის სიცხადეში ზმანება
ფრთები მასხა მთაწმინდიდან მონაბერმა ქარებმა,
ძალა მომცა სამებაში მოგუგუნე ზარებმა.
და ამიტომ სიამაყით მოვიარე ქართლი,
სამეგრელო, მთიულეთი ოსეთი და სარფი.
გურულების კრიმანჭული მოვისმინე ბარში
ალაზანში ვითევზავე , ავირბინე ფშავში.
ღმერთო, მუდამ მიძლიერე საქართველოს მიწა
ღმერთო, შენით ვდგავართ ფეხზე , შენ ხომ მუდამ გვიცავ!