ჩემი იტალია – ჩაო ამორე !

ჩემი იტალიისადმი სიყვარული როდის დაიწყო არ ვიცი, ალბათ სადღაც ღრმა ბავშვობიდნ მომყვება, ყოველ შემთხვევაში რაც თავი მახსოვს – მიყვარს. ჩემი იქაური მეგობრები მეუბნებიან, რომ არც ის არის გამორიცხული, წინა ცხოვრებაში იტალიელი ვყოფილიყავი. თუმცა ამას არ აქვს აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ როდის და სად დაიწყო ჩემი ტრფობის ისტორია, მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევხვდით და მე ის უფრო მეტად შემიყვარდა, მგონი მასაც ვუყვარვარ 
იტალია… ასოციაციები რომელიც ამ ქვეყანასთან მომდის – ხელოვნება, ისტორია, ულამაზესი ენა, საოცარი ბუნება, გემრიელი სამზარეული და ყველაზე მნიშვნელოვანი -არაჩვეულებრივი ხალხი.
29 წელი ველოდი ამ დღეს.
შეუძლებელია სიტყვების პოვნა იტალიაში მოგზაურობის გადმოსაცემად, ეს ყველაფერი უნდა ნახო და შეიგრძნო, ყველა მხატვრული სიტყვა უბრალოდ დააკნინებს ამ სილამაზეს. ყველაზე დიდი პოეტიც კი ვერ აღწერს სრული სიზუსტით იმ საოცრებებს რაც იქ დაგხვდებათ.
არ დავიწყებ მოყოლას ცნობილ ტურისტულ ადგილებზე, ისინი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, იპოვოთ და შეიგრძნოთ, არც ალეგიერი და მიქელანჯელო შეგხვდებათ ჩემთან, მე უბრალოდ ჩემს იტალიაზე გესაუბრებით. ადგილებს კი იმ რიგითობით ჩამოგითვლით, როგორც მე მოვინახულე.
უნდა ვაღიარო – ფრენის ძალიან მეშინია და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მარტოს უნდა მეფრინა, თუმცა რეისზე თვითმფრინავში ყველა ადგილი დაკავებული იყო, ასე რომ მარტო არ მიფრენია. ბილეთი თბილისი-სტამბული-ბოლონიის რეისზე მქონდა აღებული. იმდენად დიდი იყო ჩემი იტალიაში წასვლის სურვილი და ისეთი ოცნება, რომ ტურბულენტურ ზონაშიც კი თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ერთადერთი დისკომფორტი დრო იყო, მინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი დანიშნულების ადგილას.
ბოლონიის აეროპორტშივე, პირველი ეფექტი და გაოცება გამოიწვია, როცა ასაფრენ ბილიკზე ლამბორჯინის მანქანებით მოსიარულე პოლიციელები (კარაბინერები) დავინახე. აეროპორტიდანვე, ვცდილობდი ყველა დეტალი დამემახსოვრებინა. ენის ცოდნაც ჩასვლისთანავე გამოვამჟღავნე, როცა დიდხანს ვუმტკიცე პასპორტკონტროლზე მესაზღვრე-პოლიციელს, რომ ვისთანაც მივდიოდი ჩემი მეგობარი იყო და ცოლად არ მივყვებოდი, ბოლოს ვუთხარი იტალიური არ ვიცი კარგად-მეთქი, გაეცინა და გამიშვა. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა: ბიომეტრული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა, თანხა 10 დღეზე, ჩემი იტალიელი მეგობრის პასპორტის ასლი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ყველაზე დიდი მადლობა მინდა სწორედ ჩემს მასპინძელს გადავუხადო, თბილი დახვედრისთვის და იტალიური, არა ტურისტული იტალიის ჩვენებისთვის.
პირველი ლოკაცია ბოლონიასთან ახლოს მდებარე დასახლება პადულე იყო, იგი წარმოადგენს ემილია-რომანას რეგიონის კომუნა სალა ბოლონეზეს ნაწილს, მყუდრო და ლამაზი ადგილია. პადულეში ჩემი მეგობრის მეგობართან დავიდე ბინა(რომელიც უკვე ჩემი მეგობარიც გახდა), სადაც უნდა გამეტარებინა 10 დღე, დახვედრა, რა თქმა უნდა, იტალიური იყო – მხიარული, ხმაურიანი, ბევრი ტრადიციული კერძით, სპრიცით და ღვინით.
პირველ დღეს სად მივდიოდით, არ გამიმხილა ჩემმა თანამგზავრმა, რომ ჩავალთ ნახავო. აღმოჩნდა, რომ იტალიაში ერთერთი ყველაზე კარგი, შედარებით იაფი, სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტი მატარებელი ყოფილა. ორი მატარებლის გამოცვლის შემდეგ (პადულედან ბოლონიამდე და ბოლონიიდან დანიშნულების ადგილას), სადგურიდან გამოვედით და ჩემთვის, ფოტოებიდან ნაცნობი ხედი – ვენეცია გადაიშალა. ვენეცია წელიწადის ყველა დროს ტურისტებით არის სავსე, მაგრამ ვიწრო ქუჩებში აუცილებლად მონახავ შენთვის გასავლელ ადგილს. იმ მარშუტების ჩამოთვლას აღარ მოვყვები, რაც ისედაც ყველამ იცით, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ – აუცილებლად დაიკარგეთ ვენეციის ისეთ ქუჩებში, სადაც ნაკლები ტურისტია, იქ იტალიური შეუფუთავი ცხოვრებაა.
ბოლონია თუ გინდათ ნახოთ აუცილებლად გაიარეთ რამდენიმე კილომეტრი ფეხით ცნობილი თაღების ქვეშ და ადით „მადონა დი სან ლუკას“ ტაძარში. ამ ეკლესიიდან საოცარი ხედი იშლება მთელს ბოლონიაზე და შეგიძლიათ მარშრუტიც ადვილად დაგეგმოთ – ზემოდან „მონიშნავთ“ მოსანახულებელ ადგილებს, რაც საკმაოდ ბევრია. „წითელ ქალაქში“ ცხოვრება ჩქეფს, ქუჩებში ძირითადად ახალგაზრდები გხვდებიან, ევროპის პირველი უნივერსიტეტი ხომ სწორედ აქ არის. ხმაურიანი ქალაქია, თუმცა არა დამღლელი. იქ მივხვდი, რომ ეს ის ადგილია სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
ტორე პედრერა, რიმინიდან 7 კილომეტრში მდებარე ზღვისპირა კურორტია. არასეზონურ დროს წყნარი ადგილია, ადრიატიკის სუფთა ზღვის ქვიშიანი, ნიჟარებით მოფენილი სანაპიროთი. ერთი სიამოვნებაა აქ კაფეში ჭიქა კაპუჩინოთი ღია ტერასაზე ჩამოჯდომა წიგნით ხელში, ან უბრალოდ სანაპიროზე საათობით სეირნობა.
რავენა დანტეს ქალაქი რომ არის, ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. წიგნის მაღაზიები „ღვთაებრივ კომედიაზე“ გთავაზობენ ფასდაკლებებს, მოზაიკებიც ყველგან გხვდებათ. აუცილებლად გაარკვიეთ მუზეუმების მუშაობის დღეები და საათები, მე სამწუხაროდ ყველა დაკეტილი დამხვდა.
რიმინი ავგუსტუსის თაღით გეგებებათ. აქ ფელინი ბევრგან იგრძნობა, წასვლამდე „ამარკორდის“ ნახვას გირჩევთ და ჩასვლისას „გრანდ ჰოტელშიც“ შეიჭყიტეთ. რიმინისთან ახლოს სანტარკანჯელო დი რომანია მდებარობს. ვიწრო იტალიური ქუჩების აღმართებს წმინდა მიქაელის ტაძართან აყავხართ. ღამით ამ ადგილებში სეირნობას ყველაზე არასენტიმენტალურ ადამიანსაც კი რომანტიკა შემოგაწვებათ.
სან მარინოს რესპუბლიკაში ყველაფერი იტალიურია და საოცარი ხედები იშლება გუაიტა ანუ პრიმა ტორედან.
ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ფლორენციაში კულტურული შოკი მივიღე. ფლორენციისთვის ერთი დღე მქონდა და ვფიქრობ, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი. მეორედ რომ დავბრუნდები მთელ დღეს დავუთმობ უფიცისა და დუომოს, მერე ისევ შევალ ბობოლის ბაღებში და ბელვედერედან გადმოვხედავ ამ საოცარ ქალაქს. ეს ქალაქი მთლიანად ხელოვნების ნიმუში და ერთი დიდი მუზეუმია.
ეს მოკლედ გადმოვეცი იმ ადგილების შესახებ სადაც ვიყავი, თუმცა დღესაც არ მჯერა, რომ მართლა ვიარე ამ ქუჩებში.
იტალიური სამზარეულო – ცალკე შედევრია, თითქმის ყველა კერძი ხორცით და ყველით არის, თუ ამ ყველაფერს ერთ ან რამდენიმე ჭიქა იტალიურ ღვინოსაც მიაყოლებთ უკეთესი იქნება. უმეტეს კვების ობიექტში „ვეკიო ამარო დელ კაპო“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ეს ბალახებზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელი საჭმლის გადამუშავებაში მოგეხმარებათ და სიმსუბუქის შეგრძნებასაც მოგგვრით. კაპუჩინოზე, პიცაზე, ნაყინზე და პასტაზე ხომ კომენტარიც ზედმეტია.
იტალიელი ხალხი იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მანამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი. მხიარული, ყურადღებიანი, მუდმივად მოღიმარი, გალანტური, თბილი – ეს ის თვისებებია, რომელიც მათ უმეტესობას ახასიათებს. მეზობლებმაც შემიპატიჟეს და გულთბილად მიიღეს. თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ ტრანსპორტში უმრავლესობა ძირითადად კითხულობს – წიგნს თუ არა, გაზეთს მაინც.
იტალიაში ყოფნის პერიოდში, დღიდან თვითმფრინავში ჩაჯდომისა, ჩემი იმდენი ხნის ოცნება ასრულდა, რომ მეგონა ეს ყველაფერი მხოლოდ მესიზმრებოდა. ახლაც არ მაქვს ბოლომდე გაცნობიერებული ეს ახდენილი ოცნება. იმდენად მომყვება ის ეიფორია და ემოცია, რომ გადმოცემაც კი მიჭირს იმ ყველაფრისა, რაც განვიცადე. იტალია არის ის ქვეყანა, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით, აუცილებლად დავბრუნდები. ზოგადად არ ვიღებ ცუდ ფოტოებს, თუმცა იტალიაში ყოფნისას გადაღებული ყველა ფოტო ან ასიმეტრიულია, ან მოჭრილი ან… ან…  ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ადგილას აუცილებლად უნდა დავბრუნდე, უკეთესი ფოტოების გადასაღებად და არა მარტო.. Ciao amore, ci vediamo in Italia -„ჩაო ამორე, ჩი ვედიამო ინ იტალია“ – შევხვდებით იტალიაში!
რა არის იტალია? ერთი დიდი მხიარული, თვალწარმტაცი მუზეუმი სახელმწიფო, სადაც გემრიელად მიირთმევთ, ყველაზე ცუდი სიტყვაც ლამაზად მოგეჩვენებათ, დროის დიდ ნაწილს მხარულად გაატარებთ და ღმილით გიმასპინძლებენ.
რჩევის სახით მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი საშუალება მოგეცემათ აუცილებლად ხშირად წადით იტალიაში, ეს ის ქვეყანაა რომელსაც ალბათ ვერსოდეს ამოწურავთ და ყოველთვის გაგაოცებთ სიახლით თუ სიძველით.
მოინახულეთ იტალია: ისეირნეთ, გაოცდით, ჭამეთ, დატკბით, იმხიარულეთ, გაიღიმეთ ბევრი, ილოცეთ და შეიყვარეთ.
ყველა იმ ადამიანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარა