ხევსურეთში პირველად 2001 წელს წავედი, ოქტომბრის ბოლო იყო და ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად საქველმოქმედო ტურივით გავაკეთეთ და შატილი, მუცო, ანატორი და ბოლოს არდოტის ხეობა ვნახეთ.
ხევსურეთი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია მრავალფეროვანი საქართველოსთვისაც კი, ჩემთვის კი ეს მხარე ორმაგად საყვარელია იქაურების რაღაცნაირად დინჯად პირქუში ხასიათის გამო. ხევსურებმა ყველაზე მეტად შეინახეს თვითმყოფადობა და ავთენტურობა და ამის მიზეზი იქნებ ისიცაა, რომ აქაურობას ძირითადად მხოლოდ ლაშქრობის და კარვების მოყვარული ხალხი სტუმრობს.
ცუდ გზას, ტურისტების (სხვა რეგიონებთან შედარებით) სიხალვათეს და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობას ადამიანური ურთიერთობების ის ნაწილი შემოუნახავს, ალბათ საუკუნის წინაც რომ ჰქონდათ აქაურებს. სტუმრის (ტურისტის) დახვედრა ხომ ხევსურეთში განსაკუთრებულად იციან დღესაც.
და მაინც, ეს სიუცხოვე, სიძველე და განსაკუთრებულობა საინტერესო და მიმზიდველი ჩვენთვისაა, დიდ ქალაქებში, პატარაშიც, იქნებ სოფლებში საკუთარ ოთახებში მოკალათებულებისათვის, ათ წელში ერთხელ რომ დავხედავთ შატილიონებს, ცოცხლები არიან თუ არა.
ისინი კი ცოცხლობენ, ხევსურეთში ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენლად რთული და საშიშია და საამისოდ მხოლოდ თბილი ჭერისა და მეზობლების ყოლა არაა აუცილებელი.
შატილში ბოლოს 2015 წელს ვიყავი. ისევ ოქტომბრის ბოლოს, მზიან დღეს გადავედით დათვიჯვარზე და ისე მოგვითოვა, უკან დაბრუნება სათუო გახდა. შატილიონების აღდგენილ სკოლაში ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი გავიცანი, მეორე წელი იყო ადგილობრივებს უცხო ენას ასწავლიდა. თავის ამბები მომიყვა, როგორ აღმოჩნდა აქეთ და როგორ ცხოვრობდა. დედა ჰყოლია წარმოშობით ხევსური და მასწავლებელთა პროგრამაში ჩართულს შატილი აურჩევია. პირველივე ზამთარს კბილი ამტკივდაო. კბილის ტკივილი ციურიხშიც და ტოკიოშიც კბილის ტკივილია, მაგრამ სულ სხვანაირი ტკივილი სცოდნია უმწეობის შეგრძნებასო, მიხსნიდა. აქ, ხან კვირაობით იკეტება საჰაერო გზაც, სახმელეთო ხომ ადვილი დასაძლევი ისეც არაა. კბილის ტკივილს აპენდიციტის, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის წარმოსახული ტკივილი დაემატა და სანამ ვერტმფრენმა შატილამდე ჩააღწია, ჩვენმა მასწავლებელმა თავისებური სულიერი კათარზისი განიცადა და კბილის ტკივილიდან ხევსურობამდე არც თუ ისე ადვილი გზაც გაიარა.
საქართველოს სხვა უმშვენიერესი კუთხეებისგან განსხვავებით, უცხოელები ხევსურეთს მაინც სულ სხვანაირად აგემოვნებენ – აქაური არქიტექტურული და ადამიანური ღირებულებების სიძველე ხუთმაგად საინტერესოა ურბანიზმით დაავადებული ადამიანებისთვის.
ის, რომ როშკიონის სამზარეულოს ძროხების სადგომთან საერთო კედელი აქვს, ეგზოტიკის მოყვარულისთვის საოცრება, ხევსურისთვის ყოველდღიურობა, ქალაქის მტვერს მიჯაჭვული ადამიანისთვის კი გლობალური კატასტროფაა.
და მაინც, ხევსურეთი ფანტასტიკურია თავისი პირველქმნილობით, ადგილობრივების უნარით ადვილად გაოცდნენ და გააოცონ სხვაც, უზარმაზარი მისტიკური ენერგეტიკით და ყოველდღიური სასწაულებით, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია სამყაროში, სადაც საოცრებები აღარ ხდება.
2001 წელს, არდოტში წასულმა პორტატიული რადიო წავიღე (არც ვიცოდი სად მივდიოდი, თორემ რად მინდოდა?), რომელიც ადგილობრივ 14 წლის ბიჭს ვაჩუქე (მას კიდევ უფრო არაფერში ჭირდებოდა). მახსოვს, როცა ეს, ორივესთვის უსარგებლო ნივთი ვაჩვენე, გაკვირვებულმა მკითხა რა არისო. რადიო, ვუპასუხე სრულიად ბუნებრივად, მან კი ასევე ბუნებრივად მკითხა: რადიო რა არის?
რადიო ეს ყოვლად უსარგებლო ნივთია, რომელიც ხევსურეთში ალბათ მალე დაიჭერს, 14 წლის ბიჭებიც აღარ გაოცდებიან მათი ჩუქებით, ურბანული „ცივილიზაცია“ უკანმოუხედავად შედის ასეთ ადგილებშიც, ამიტომ დროა გადაწყვიტო, დროა ხევსურეთის ნახვა მოასწრო სანამ ხევსურეთი ხევსურეთია.