ბროწეულის ქალაქი

სავიზიტო ბარათი – დიდი, ლამაზი, თბილი მეწამული ბროწეულების ქანდაკებები ქალაქის ძველ ნაწილში მუდმივ ასოცირებას რომ გამოიწვევს მოგონებებთან, რომლებით დატოვა რა ლამაზი კვალი, სითბოდ ჩაილექა შენს გულში.
იანვრის მზითა და ახლადაღმოჩენილი ქალაქის სითბოთი სავსე ქუჩას მივუყვებით. მივადექით ქვაფენილით მოკირწყლულ აღმართს ქალწულის კოშკისკენ მიხვეულ-მოხვეული გზებით რომ მინარნარებს. იქვე პატარა art gallery დავინახე და გული როგორ მომითმენდა.

-მოდი, ჯერ აქ შევიდეთ…სანახავი კი ბევრია.

წინ ახალი ემოციები, ჩვენთვის ახალი აღმოჩენები, ახალი, შეუცნობელი კულტურა და ამით გამოწვეული მოლოდინის სიხარული. კიდევ ერთხელ ახალ ადამიანად დაბადება, ენდორფინების ახალი ტალღა. შევაბიჯეთ ფეხი და… ორ თუ სამ მოსამსახურე პერსონალთან მოსაუბრე საშუალო ასაკის ელეგანტური მამაკაცი მოგვიბრუნდა – თქვენ ქართველები ხართ?

-დიახ, საიდან მიხვდით?

-,,მიმინო” გექნებათ ნანახი, დანელიას შესანიშნავი ფილმი.

თბილად გეღიმება, ინტერესით უყურებ.

-გახსოვთ ალბათ, იქ ასეთი სცენაა – ბუბა კიკაბიძე უცნობის სახლს მიადგება საბურავით ხელში და ზარს რეკავს. კარებს რომ უღებენ, პატარა ბიჭუნა ოთახისკენ მირბის და მამას უძახის – მამა, შენთან ქართველია. გახსოვთ?

-რა თქმა უნდა – ღიმილით პასუხობ.

-იმ ბავშვს არასოდეს ჰყავდა ქართველი ნანახი. მან იგრძნო, რომ ეს ადამიანი ქართველი იყო. რითი? ქართველებს განსაკუთრებული ხიბლი და განუმეორებლობა აქვთ. ქართველი ყოველთვის დახვეწილი და უზადოა. აი ამიტომ, თქვენც შემოხვედით თუ არა, შემოიტანეთ ქართული დახვეწილობა, ქართული ხიბლი…

თბილად მოვინუსხე.

ეს იყო პირველი შეხება ცოცხალ ბაქოსთან.

ის წუთები უკვე მოგონებად დარჩა. სამუდამო, უთბილეს მოგონებად. დიდხანს რომ წამყვება სიხარულად, აღმაფრენად.

სინანული ცოტა ხნის შემდეგ – გეკითხა ვინ იყო…

რა მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანი ჩემთვის თბილი ქალაქის გულია, ქალაქის, რომელიც ასე მოულოდნელად თბილად შემოიჭრა ჩემში და ენდორფინებით ამავსო…

კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი – ულამაზესი მიწისქვეშა გადასასვლელები – მარმარილოებით მოპირკეთებული, აღმოსავლური ნახატებით გაფორმებულები მარმარილოსვე ჩარჩოებში. აღმოსავლური სიმდიდრის და, ამავდროულად, გემოვნების შერწყმა.

ბულვარზე ჭადრაკის ფიგურებიანი დაფით და იქვე, მოწყენილად ჩამომჯდარი ფეხსაცმელების მწმენდავის ბრინჯაოსფერი ქანდაკებით.

და…ჰეიდარ ალიევის ცენტრი – ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბაქოს მონახულებისა – მიახლება ლეგენდარულ ზაჰა ჰადიდთან, მისი სულის ლაბირინთებში წვდომის სურვილი. და, აქედან გამომდინარე

ფიქრები ჰეიდარ ალიევის ცენტრში

სისადავე და სიღრმე… ახალ სამყაროში შებიჯება. ბოლომდე ვერ გაცნობიერება… ბევრი, უსაშველოდ ბევრი ინფორმაციაა ერთი ჯერისთვის. მისი თითოეული ნაფიქრის აღქმას, თითოეულ სწორად გათვლილ წერტილად რომ დევს მის პროექტებსა თუ უკვე განხორციელებულ ნაგებობებში, მის შენეულად გადაქცევას, მის ბოლომდე მიღებასა და შეცნობას ერთი თვალის შევლება არ ეყოფა. ერთი დღეც არ ეყოფა. ეს სიამოვნება დღეებად და თვეებად უნდა გამოიზოგო.
აღმაფრენა მოდის. სიდიდის. ბუმბერაზობის…
დააბიჯებ საოცრად ფაქიზი, ნატიფი ქალბატონის სამყაროში და ხვდები-დიდხანს არ გეყოფა სიტყვები იმ გრძნობების, იმ სისავსის გადმოსაცემად, რაც ასე უცბად შემოიჭრა შენში… მაშინ ხვდები შენი ლექსიკური მარაგის სიმწირეს, ბრაზდები (ალბათ ასე საფუძვლიანად პირველად) რომ არ გყოფნის სიტყვები იმ შთაბეჭდილების სხვებისთვის გადასაცემად მისი დიდებული (the greatest) არქიტექტურის, მისი უზადოდ გათვლილი თითოეული ხვეულის, მისი სულის თითოეული გაცოცხლებული სიმის ნახვითა და ხელის შეხებით რომ მიიღე.
კრძალვით, მოწიწებით, კივილამდე მისული აღტაცებით, აღმაფრენით სავსე დადიხარ მისი სულის ლაბირინთებში და არ გინდა გააცნობიერო, რომ ლეგენდა, რომელსაც სახელად ზაჰა ჰადიდი ჰქვია, თავის საკუთარ პლანეტაზე გადასახლდა სამუდამოდ, პლანეტაზე საიდანაც წამის ერთი გაელვების წინ მოევლინა დედამიწას, რათა ადამიანის შესაძლებლობების სადიდებელი ჰიმნი
ემღერა…
მისი თითოეული შტრიხი, თითოეული ხვეულა თავისუფალი სულის გამოხატულებაა ყველანაირჩარჩოგამორღვეულ-გამონგრეული და ამაღლებული.
თავისუფლება…სიმსუბუქე…სილაღე…
დადიხარ ამ უზარმაზარ თეთრ სინამდვილეში და გრძნობ როგორ გესხმება აღტაცების, აღმაფრენის ფრთები და სადაცაა სიმსუბუქეში, სილაღეში აფრინდები…
ფიქრები გეწმინდება, ლაღდება. შენც მაღლდები, მაღლდები საკუთარ სხეულზე, მიილტვი ზეციურისკენ ამა სოფლის საზრუნავისგან თავისუფალი.
პირველი საოცარი გრძნობა, რომელიც ამ უდიდესი ქალბატონის ქმნილების აღქმის შემდეგ გეუფლება – თავისუფლებაა.
ღვთისგან ბოძებული, ღვთით მონიჭებული, თავისუფლება მოლივლივე, ნაზი, ნარნარი.