ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

  • Home
  • მთავარი
  • ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა და პანდემიის მიუხედავად ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე წელსაც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ბათუმს კონკურენციას უწევდნენ, ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), ბიდგოშჩი (პოლონეთი) და მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც, როგორც საქართველოს წამყვანმა ეროვნულმა პარკმა მიიღო, ამავე ღონისძიებაზე ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ნომინირებული იყო ბათუმის ბულვარიც, რომელსაც კონკურენციას უწევდნენ ეიფელის კოშკი, კოლიზეუმი, ბუკინგემის სასახლე, საგრადა ფამილია, ირლანდიის ემიგრაციის მუზეუმი და აკროპოლისი, წარმოდგენილ ნომინაციაზე გამარჯვება ირლანდიის ემიგრაციის მუზეუმმა მოიპოვა.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, ხოლო გასულ წელს მას პორტუგალიამ უმასპინძლა.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.  დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Tags: