ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას შშმ პირებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში. დღევანდელი საღამოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეულ შშმ პირს აუცილებელია ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა იგრძნოს თავი საზოგადოებაში ჩართულად და იყოს ინტეგრირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავნერგოთ ის სიახლეები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის შესრულებას. ეს პირველ რიგში გულისხმობს მასწავლებლების, ინსტრუქტორების გადამზადებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები შშმ პირებთან მუშაობისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის და ამ კუთხით მართლაც უფრო მეტია გასაკეთებელი. მინდა გისურვოთ წარმატებები და ასევე მოგცეთ პირობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საჯარო სივრცეები ვაქციოთ ადაპტირებულ გარემოდ“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
დღეს გამართული პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამომავლო პროექტები, გაიმართა დისკუსია.
შშმ პირების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსდა, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.
„ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ.
წყარო: აჭარის მთავრობა