ეს ქოხი სამყარომ მაჩუქა; შევალ და მის ფანჯრებთან დაველოდები შემოდგომას. იქნებ შენც მოხვიდე და ფრთხილად შემოაღო ჩემი სულის კარი. არ დავიღლები…ფინჯან ჩაის გავამზადებ, მოვიხვევ მხრებზე პლედს და დაგელოდები…და როდესაც ოქროსფერი ფოთლები დასცვივდებათ ხეებს, როდესაც დავინახავ, როგორი საოცარი სიზუსტით დამწკრივდებიან თბილ ქვეყნებში გასაფრენად ფრინველები, მივხვდები ყველაზე მთავარს. ახლა კი უცნაურად ვგრძნობ თავს. დავდივარ ნისლში, რომელიც ღმერთის სული მგონია.
აივანზე წიგნს ვკითხულობდი. განსაკუთრებული განცდებით ვივსებოდი. მოულოდნელად შევნიშნე, რომ ჩემი კოტეჯი, გარშემო სახლები, ხეები და ჩემი საყვარელი მთები სითეთრემ მოიცვა და რძისფერ ნისლში გაეხვია ბაკურიანი. რა თქმა უნდა, რეალობას მოვწყდი და უეცრად წარმოვიდგინე, რომ ღმერთი უახლოვდებოდა ჩვენს სახლებს. წიგნი მაგიდაზე დავდე და ვაკვირდებოდი ნისლსა და ბურუსს. შემდეგ იმ ადამიანებზე დავფიქრდი, ახლა ამ ნისლში რომ გაეხვევიან და ყველაფერს იგრძნობენ, მაგრამ გულში შეინახავენ ფიქრებს.
პატარები სასეირნოდ გავიყვანეთ და როდესაც წვიმა დაიწყო, ერთ-ერთ კაფეს შევაფარეთ თავი. ღია კაფეს ვერანდაზე დარჩნენ ადამიანები, რომელთაც უყვართ წვიმა. მათ საწვიმრები ეცვათ, სურათებსაც იღებდნენ, მაგრამ კითხულობდნენ წიგნებსაც. საოცრად ლამაზი იყო ეს სურათი დღეს. გარშემო მთები, სახლები, კოტეჯები ნისლშია ჩამალული, ადამიანები კი ასეთ პეიზაჟს კიდევ უფრო მეტად ალამაზებენ. შემდეგ გეახელით რამდენიმე ფინჯანი ჩაი, მოვიცვი ჯინსის ქურთუკი და წვიმაში, პატარებთან ერთად, გამოვიქეცი შინ. ახლა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, შუაღამეა. კვლავ ნისლში ვარ ჩაფლული, რამდენჯერმე მივდივარ ფანჯარასთან და ვცდილობ, ფურცლებს გავუზიარო იდუმალი წუთები.
დღეს რომ გენახეთ, რა მეცვა და როგორ დავდიოდი ჩემს საყვარელ ტყეში, თქვენც მოიხვევდით მხრებზე თბილ პლედს და ნისლიანი ცის ყურებაში გაატარებდით საღამოს. მეც ასე მოვიქეცი. ბაკურიანის ტყეებში ჩაფლული კოტეჯების მწკრივს გავუყევი ფეხით და ისე შემცივდა, მომენატრა ღუმელი და შეშის ტკაცუნის მოსმენა ძილის წინ. დამსვენებლებსაც თბილად ეცვათ. ციდან კი ცრიდა. ერთ-ერთ კაფეში ჩაი შევუკვეთე. ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და მივხვდი, შენ გარეშე ეს ყველაფერი არ არის სრულყოფილი და რომ ერთფეროვან დღეებს სიყვარული აძლევს ჯადოსნურ ძალას. ამის გაფიქრებისას სულში უაზრობის განცდა ქრება და ჩნდება ბედნიერება.
ბარი „ნალბო“ გზის პირას იდგა და ეზოში ნაძვის ტოტები წვიმის წვეთებით იყო დანამული. ფანჯრიდან ჩანდა ნისლში ჩაფლული რამდენიმე კოტეჯი. როგორც არასდროს, ისე მომინდა წერა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა. შორს, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი. ალბათ, ბუხრის პირას ისხდნენ ადამიანები და მიირთმევდნენ ცხელ ჩაის. ნისლი ჰგავდა ღმერთის სუნთქვას. ეზოში ცხენი ძოვდა ბალახს. სველდებოდა. ძალიან მომეწონა ასეთი სიმშვიდე. ბავშვობის თბილი დღეები გამახსენდა. ძალიან ცივა ბაკურიანში. დავდივარ ნაძვებით სავსე ქუჩებში, ფეხზე მაცვია „ბათინკები“ და ზაფხულის ცხელი დღეებიდან აქ მოსვლა ნიშნავს, რომ ოქროსფერი ფოთლები არ დაცვენილა ჩემს სახლთან ახლოს. ცივი ზამთრის პირველი დილის სუსხი ტრიალებს ჰაერში. გული ყელში მებჯინება. ბარში, მე რომ არ ვუსმენ ხოლმე, ისეთ მუსიკას უსმენენ, მაგრამ სითბო და სიმყუდროვე, რომელიც აქ მხვდება, სახლის სითბოს ჰგავს. ბარი უბრალო ხის ფიცრებისაგან არის შეკრული. მე ფანჯარასთან ვზივარ და შორს ვიყურები. უკვე ბინდში არის ჩამალული
სახლები. ათი საათია. მიუნხენში გატარებული დღეები მახსენდება, რადგან მაშინაც ამგვარ ბარში ვსვამდი ლუდს, მაგრამ სახლები ახლა უფრო მეტ სითბოს ტოვებენ გულში. მხატვრებზე ვფიქრობ. რა საოცარია, როდესაც შეგიძლია ასეთი ნისლში გახვეული სახლები იგრძნო და გადაიტანო ფურცლებზე. მე ასეთი რამ არ შემიძლია. რასაც ვგრძნობ, ვერ გადმოვცემ. თუმცა ვიცი, რომ მარტო არა ვარ. მეგობარი, ვისთან ერთადაც აქ ვიმყოფები, ფანჯრიდან იყურება და ჩვენი განცდები ღრუბლებში იმალება.
***
რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილი ვიყავი. ყველაფერს მერჩია, პლედი მომეხვია მხრებზე, გავსულიყავი აივანზე და ჩემი სახლის აივანზე მოფრენილი ჩიტების მიმართ გამომეხატა ყურადღება. შემდეგ კი იქვე, აივნის ჰამაკში, ტკბილ ძილს მივცემოდი, მაგრამ ჩავიცვი და გავემზადე. არც ექიმებთან შეხვედრის სურვილი მქონდა, წერაც კი არ შემეძლო, ამიტომ ყველაფერზე უარი ვთქვი და სასტუმროდან გამოვედი, ალბათ, უკვე მეათედ, მაგრამ ასეთი განწყობით პირველად. დღეს ივლისის შვიდია. ცხელა, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ქარი, ასე საამოდ რომ ქრის, იმაზე მეტია ახლა ჩემთვის, ვიდრე ზაფხულის ქარი – ის მოგონებებს ინახავს და შემოდგომის ფოთლებს აფრიალებს ჰაერში….მე ამას ვგრძნობ. ნეტავ რას გრძნობენ ადამიანები, როცა ავად არიან? ალბათ, საყვარელ ადამიანებზე დარდობენ… რამდენი რამე უნდა დავწერო, რამდენი რამე უნდა მოვასწრო? ალბათ, რასაც ვწერ ყველაფერს ექნება სახელი და გზა. ახლა არც გზა ჩანს და არც უსასრულობა. მხოლოდ მკითხველებს ესმით ჩემი შინაარსი. დანარჩენი ადამიანები – მწერლები, პოეტები და მეგობრები, რომელთაც შეუძლიათ თბილი სიტყვით იმედი მომცენ, ჩუმად არიან. მხოლოდ მკითხველები დგანან ჩემ გვერდით –– მადლობა უფალს. ეს წერილი არ არის გამოსამშვიდობებელი წერილი, მე უფლება მაქვს ვიყო მრავალმხრივი, მაგრამ გული მწყდება ძალიან. ზოგი ადამიანი მარტო ფიქრისთვის არის შექმნილი. ზოგი ადამიანი მთელი სამყაროს ნაცვლადაც კი ფიქრობს. ზოგი ადამიანი სულს ამძიმებს, ზოგი – პირიქით. ზოგს საერთოდ ვივიწყებთ. ზოგს – პირიქით, გულით ვატარებთ. კაცმა არ იცის, რატომ.
ისევ წვიმდა. ისევ ნისლიანი და ცივი ამინდი იყო. მე ის უნდა დამეწერა, რაც გულში მქონდა. რთული აღმოჩნდა სიტყვების პოვნა. ამიტომ მივედი ჩემს საყვარელ მთასთან და დავასრულეთ ერთი წიგნი. ახალი სამკურნალო ბალახები ჩავიწყვე ჩანთაში და გზა განვაგრძე. არ ვიცი, სადამდე მივაღწევ. ტყეებში, ყველგან, საოცარი პატარა კოტეჯებია მიმობნეული. გული მიჩქარდება. გამოვხატავ ჩემს აზრებს მათ შესახებ და მდინარეებში ვეძებ ჩემს სახეს. ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანი გაგრძნობინებს შენი სულის სილამაზეს. გაგიცნობს და აღფრთოვანდება შენით, ახლობლები კი პირიქით, მხოლოდ ნაკლოვანებებს ეძებენ ჩვენში. რამოდენა ტკივილია, მაგრამ რა დიდი სიხარულიცაა, როდესაც უბრალო ხარ და უცნობი გეტყვის, რომ გული გაუთბე შენი ღიმილით. ჩვენ ერთმანეთი გვბეზრდება, ერთმანეთის სულის სარკმლები არ გვაინტერესებს და ვცვდებით და ვქრებით…ნეტავ თავზე გადავუსვათ ერთმანეთს ხელი…ნეტავ…ვერ ვიძინებ. ბუხარში ცეცხლს ვუკეთებ. ჩვენთან კვლავ ცივა. „ბათინკებს“ ვიცვამ და გარეთ გავდივარ…ვფიქრობ. მინდა, არასდროს დასრულდეს ჩემი ფიქრები. დღეს მარტოსულს ვგავარ. გაძლება მიჭირს…გადავივლი ტყის ბოლოს დაცვარულ ნაძვებს, დანამულ ბალახს და შენს სახლთან მოვალ. შუქი რომ არ ანთია და არც საკვამურიდან ამოდის კვამლი – ეს უკვე ათასჯერ მესიზმრება. დამიფარე განსაცდელისაგან უფალო… დღეს დიდველზე ვიყავი. ღრუბლებთან ვიყავი. ღმერთის სახლიც დავინახე, ისიც ოქროსფერი მთა ყოფილა. ღრუბლებს სული შევუბერე. სული
შემიბერეს მთებმაც. შეიძლება გაგვეცინოს, მაგრამ ღრუბლები მეც ბავშვივით მივამგვანე ბამბის ქულებს, რომლებიც ბამბუკებად იქცნენ, წელში გაიშალნენ და გადაცურეს ჩემი ცის ნაწილი. არ მწყენია. საბაგიროდან ვაკვირდებოდი მთებს. მათ სუნთქვად ვიქეცი. პაწაწინა ლურჯი და ჟოლოსფერი ყვავილებიც შევნიშნე საბაგიროს ფანჯრიდან. ფრინველების ბუდეებშიც ჩავიხედე და საღამოს სახლში უბრალოდ დავასრულე დღე ფინჯანი ჩაით….ზოგჯერ როგორი საოცარია ჩვენი დღეები.
აქ რაც ჩამოვედი, ზუსტად რისი დაწერაც მინდა, იმის გადმოცემას ვერ ვახერხებ. ძირითადად ღამით ვწერ, როდესაც ყველას ბუხარში ცეცხლი ქრება და ძილის სამყაროში გადავდივარ. მივიწევ ფრთხილად, ყვავილები ძირს არ დამიცვივდეს. ალბათ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ გამომეცადა, რასაც ახლა განვიცდი. მაგრამ გონებამ უნდა გაუძლოს ყველაფერს. დღეს, ბაკურიანში, როდესაც კაფეში ჩაი შევუკვეთე, მითხრეს რომ დადუნა ვარ და ჩემი გადახდილია. ისე გამიხარდა, თითქოს მთელი სამყარო ეჩუქებინოთ ჩემთვის. მთის ყვავილების სურნელი ჰქონდა ხილის ჩაის, გავბედნიერდი. შვეიცარიაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს მთები უფრო მყუდროა ჩემთვის. ახლა სასტუმროში ვარ, ტერასაზე ლარნაკში გვირილები და შროშანები მიწყვია, ვუყურებ ლურჯ ცაზე გამოსახულ ღრუბელს, რომელსაც ნავის ფორმა აქვს და თითქოს მივფრინავ.
—
ახლა ბაკურიანის დღიურების ბოლო ფურცელს ვწერ. რთული ყოფილა. სასტუმროს კაფეში ჩავდივარ და ყავას ვუკვეთ. მიმტანი მცნობს და ყავაზე მპატიჟებს. მე დღიურს ვშლი და წერას განვაგრძობ. როგორი რთულია…. ცხელი, სასიამოვნო დღეა. შემოდგომამდე რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა. მეხსიერება ლამაზ მოგონებებს მახსენებს. სულის სიმშვიდე ყველაფერზე მნიშვნელოვანია…შემიყვარდა აქაურობა…ფანჯრიდან შემჩნეული ოქროსფერი მთვარე….
დადუნა ნადარაია