საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
შემოვლითი გზის მშენებლობის გარდა, ბაკურიანში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ასევე დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია.
წლების განმავლობაში ბაკურიანისა და გუდაურის კურორტების ქაოტური განაშენიანების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ ემსახურება დამსვენებელთა გაზრდილ რაოდენობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები სწორედ არსებული პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება.