ღამის 10 საათი იყო, როცა მთვარის შუქზე, ჩვენს წინ, 500 მეტრში რეინჯერთა თავშესაფარი გამოჩნა – აქ უნდა გავჩერდეთ. ქვემოთ იგივე დაშორებით მწყემსების ბინაა. ჩვენი შუქის დანახვისთანავე ბინის კარი გაიღო და მბჟუტავი სინათლე სწრაფად ამოუყვა ჩვენსკენ მომავალ აღმართს. 5 წუთში მოვიდა. მანძილი ზუსტად ჰქონდა გათვლილი, ისე ურბენია, ალბათ 50 მეტრით შორს სული აღარ მიყვებოდა. კარლო ნახა – ჩვენი მეგზური რეინჯერი, შემდეგ გადაგვკოცნა, გაგვეცნო, ბარის ამბები გვკითხა. 10 წუთში უკან დაეშვა, ჩვენ კი პირდაპირ რინჯერთა თავშესაფრისკენ გადავყევით. შევედით, ჩანთები დავდეთ და ისიც უკან მოგვყვა, 5 ლიტრიანით წყალი ამოგვიტანა – ზურგჩანთების თავშესაფარში მოტანის შემდეგ ვაპირებდით წყალზე ჩასვლას და გაუგონია…
23 წლის არის, დედ-მამა არ ჰყავს – ავარიაში დაიღუპნენ. ნათესვამა შეიფარა იმ დღიდან და წლებია პატრონობს. ისიც მას შემდეგ ყოველ ზაფხულს მთაში ხვდება, ეხმარება „მერაბიის“.
ალპურ საძოვრებზე მაისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რჩებიან. 150 სულამდე საქონელი ჰყავთ, აქედან 50 სული ძროხაა. სულ ოთხნი არიან, მოვალეობები გადანაწილებული აქვთ. ის ძროხის წველას არ სწავლობს, მერე ვეღარ დაიძვრენს ამ საქმისგან თავს. კარგად იცის, 50 ძროხის დღეში ორჯერ მოწველა, ღია ცის ქვეშ, ხშირ შემთვევაში წვიმაში, სეტყვაში ან ღამით კვარის და სანთლის შუქზე არ არის მარტივი საქმე. არც ყოველ დილით 150 სულის საძოვარზე გარეკვა, პატრონობა და საღამოს სადგომში უკლებლივ, უდანაკარგოდ მოდენა ჩამოუვარდება სირთულით – ეს მისი კომპეტენციის სფეროა…
წამოდი ხვალ ჩვენთან ერთად, გოგოებია ბაღდათში ჩამოსული და აარჩიეო გაეხუმრა კარლო. ის უარზეა. რამდენიმე დღის წინ ახალციხიდან ამოსული კაცი შეპირდა, სუფრაზე, ერთი კარგი, მშრომელი, შენი მოსაწონი გოგო უნდა შეგირჩიო ახალციხეში, გაგირიგო და აქვე, მთაში უნდა შეგრთოო – „კაცური ხელი ჩამომართვა“ არ მომატყუებსო გვითხრა – თვითონ ზუსტად და კარგად იცის „კაცური ხელის ფასი“…
არ დალია. სწრაფად საუბრობდა, რომ მცირე დროში ბევი სათქმელი ჩაეტია. სწრაფადვე წავიდა, ამაღამ სულგუნი ყავთ ამოსაყვანი. კარიდან გასული შემობრუნდა და დაგვიბარა, დილით უჩემოდ არ წახვიდეთ, ზურგჩანთების გადატანაში უნდა მოგეხმაროთო. ჩვენ 8 საათისთვის ვაპირებთ გასვლას, სხვა ბინებზეც მისასვლელი ვართ. ამ დროისთვის საქონელი უკვე მოწველილი და საძოვარზე გადენილი ჰყავთ.
გამოგვაცილა. კიდევ ერთხელ გამოგვკითა ბარის ამბები. გზაში კარლო იმ მობილურის და მანქანის ნომრებს ეკითხებოდა რომლებიც ერთხელ მაინც უნახავს. ყველა ახსოვდა უკლებლივ! დაგვემშვიდობა, ბინაზე დაბრუნდა. მე მისი სახელიც დამავიწყდა, სურათის გადაღებაც…
ლამაზია ბაღდათის მთები. ლამაზი, თუმცა რთული. ბაღდათის მთებში მოხვედრილ ცხენს ყველაზე მეტი ჯაფა და ცუდი ბედი აქვსო, ხუმრობით გვითრხეს ბარში…