ლევან დავითაშვილის განცხადება მთავობის სხდომაზე დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით

  • Home
  • სამთავრობო უწყებები
  • ლევან დავითაშვილის განცხადება მთავობის სხდომაზე დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით
New bill, Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia, Protected places, Borjomi-Kharagauli National Park, Erusheti National Park

საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი. ეს კანონპროექტებია – „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: -„დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, მეორე მხრივ, განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები დაცული ტერიტორიების არეალების გარშემო. მათ შორის, განვავითაროთ ეკოტურიზმი, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია – ერუშეთის ეროვნული პარკი დაარსდება, რომლის ფართობი 11 385 ჰა-ს შეადგენს. ერუშეთის პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ სერვისებში.

რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, დაგეგმილია მისი  გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში. ტერიტორია მოიცავს 4 137 ჰა-ს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გაფართოების პროექტის მიზანი უპირველესად არის საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის, კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე. ეროვნული პარკის გაფართოება, ასევე, ხელს შეუწყობს კავკასიური არჩვის პოპულაციის ზრდას და ამ რეგიონის უნიკალური წიწვოვანი ტყეების დაცვას. დღეის მდგომარეობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 60 ათასი ჰექტარზეა. გაფართოების შემდეგ, დაახლოებით, 65 ათასი ჰექტარი გახდება.

დაცული ტერიტორიების გაფართოების/დაარსების  პროცესი ხელს უწყობს  საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
2019 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი, წინა წელთან შედარებით,  70144 ჰექტარით (10,5 % -ით) გაიზარდა და ქვეყნის 9,6 % შეადგინა.

2020 წელს  დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტარით გაფართოება იგეგმება.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Tags: