ავტოსტოპი (ნოველა)

“არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ შეხვედრია.” /ხორხე ლუის ბორხესი/

ჭირსაც წაუღია სხვა ყველაფერი-თქო-,ვიტყოდი… მაგრამ არ მინდა, სულაც არ მსურს ყველაფრის ჯანდაბაში გაშვება. დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა და არ მსურს ეს უკანასკნელი ჩანაწერი წყევლით დავიწყო… ღმერთმა ისეთი საჩუქარი, ისეთი არნახული თავისუფალი არჩევანი მომაჩეჩა ხელში, სხვებს რომ არც დასიზმრებიათ. არ ვიცი, რით დავიმსახურე, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, როგორ გამოვიყენებ მას.

რომელი წელია, თვე, რიცხვი… არაფერი აღარ მახსოვს და არც აქვს მნიშვნელობა. წინათგრძნობა მკარნახობს, რომ პარასკევია და მეც ვეთანხმები, რადგან პარასკეობით ყოველთვის ხდება რაღაც უცნაური და მნიშვნელოვანი. შენზეა დამოკიდებული – ან გაატარებ, ან ცხოვრების ფურცლებში ჩაწერ.

მთელი ცხოვრება ჩემოდნებზე მაქვს გატარებული. არ ვთვლი, რომ ასაკში ვარ, მაგრამ შარშან, 69-ე დაბადებისდღეს, კილიმანჯაროზე ამავალ გზად, ტყეში, ჩემი შავკანიანი გამცილებლები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ასაკის მდედრობითი სქესის ტურისტი არასოდეს აუყვანიათ მწვერვალზე. რათქმაუნდა, არ მწყენია, თუმცა არც სიამაყე მიგრძვნია და როცა უკანასკნელი აღმართის ბოლოს აღჭურვილობა და ჩანთები ძირს დავყარეთ და გახარებულები ვუმღეროდით მწვერვალს “ჯამბო ბვანა”-ს, მხოლოდ მაშინ განვიცადე, რომ მორიგი, კიდევ ერთი ცხოვრება დავასრულე. საერთოდ, ყოველი ახალი მოგზაურობის დასრულება, ჩემთვის ყოველ ჯერზე ახალი ცხოვრების დახურვაა და ყოველი გზის დასაწყისში თავიდან ვიბადები. არ ვიცი, რამდენი ცხოვრებით მაქვს ნაცხოვრები, მაგრამ რიგით 70-ეს, გადავწყვიტე ბეთლემის ქოხში შევხვედროდი. გამიგონია, რომ ამ გზაზე ადამიანი გამოიცდება და მისთვის ცოტახნით დრო ჩერდება. ჰოდა, მაინტერესებდა, მეც თუ მექნებოდა დროის გაჩერების და წარსულისა თუ მომავლის შეცვლის ბედნიერება.

გამთენიისას გამოვედი სახლიდან. ვფიქრობდი-გზაჯვარედინამდე ავალ და მერე ყაზბეგისკენ მიმავალს ვინმეს გავაჩერებ-მეთქი…ყოველთვის ავტოსტოპით ვმოგზაურობ და ჯერ პრობლემები არ შემქმნია. თუ მძღოლი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა-შესანიშნავი იქნება, თუ- “მუდო”, ჩანაწერებს გავაკეთებ გზაში. ორივე შემთხვევაში მოგებული ვრჩები. მანიაკი, ავადმყოფი რომ შემხვდეს? არ ვიცი, ჯერ არ შემხვედრია, თუმცა ვფიქრობ, მასთანაც საინტერესო იქნება საუბარი. მოწყენით ნამდვილად არ მომაწყენს… ჰა-ჰა!

ასე ვფიქრობდი ტრადიციულად, ჩვეულებისამებრ, სახალისო მოლოდინებით…მაგრამ იმ დღეს, იმ პარასკევ დღეს ისეთ ადამიანს დავემგზავრე…ისეთ ადამიანებს დავემგზავრე, რომელთაც ეს ჩემი მოგზაურობა, ჩემი ახალი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ და უკანასკნელ ცხოვრებად აქციეს…

 

* *

 

გიჟივით დავამუხრუჭე და რამდენიმე მეტრი გვერდულად, დრიფტით ვიარე, რომ გვერდი ამექცია კრეტინი ლაწირაკისთვის, რომელმაც წინ გადამირბინა. საბურავების სუნმა სალონშიც შემოაღწია. ერთი მწარედ შევიგინე და გაჩერებული, აალებული მანქანიდან გადმოვხტი. წრე შემომიხაზავს. მკვეთრი მოტრიალების გამო ხელზე ძველი ნაჭრილობევი ამეწვა.

-შენი გამზრ…-, კინაღამ დავასრულე, სანამ შევნიშნავდი, რომ ჩემი პოტენციური მკვლელი,თუ თვითმკვლელი მანქანის იქით, ზედ შუა ტრასაზე იჯდა. ინტერესით და თან მთელი ჯავრის ამონთხევის მიზნით დავიძარი მისკენ.

-პატრონი არ გყავს? მანქანაში მიხტებოდი, თუ რას აკეთებდი?

პასუხად სლუკუნი მოისმა. კიდევ უფრო მივუახლოვდი და მის ბეჭებზე დაყრილმა, პერეკისით შეღებილმა ჩალისფერმა კულულებმა მომჭრა თვალი. მხრები უცახცახებდა. დახეული ჯინსი და იისფერი თხელი ტოპი ეცვა, მარჯვენა მაჯაზე კი(რომლითაც მიწას ეყრდნობოდა) სულ ახალთახალი, ჯერკიდევ სისხლშეუმშრალი იარა ეტყობოდა.

-რა გაღრიალებს, რა გჭირს?-, მხარზე შევეხე და შემოვაბრუნე.

ნამტირალევმა, გაბუტულმა თაფლისფერმა თვალებმა ამომხედეს. ჩალისფერი თმა, ჰაეროვნად რომ ეყარა მხრებზე, საფეთქლებთან ორივე მხარეს აპარსული ჰქონდა და შავი რეზინები ეკეთა. ცხვირზე პატარა საყურე იწონებდა თავს და ოდნავ ღია ბაგეებიდან კურდღლის კბილებივით მოუჩანდა ორი წინა კბილი. შუბლზე გამონაყარი ემჩნეოდა. ტიპიური თინეიჯერი იყო.

ვიცანი…

კინაღამ ინფარქტმა “მხია”… სულ სხვანაირი მახსოვდა. მისმა დანახვამ საშინელ ხასიათზე დამაყენა. ხელი გავუშვი. ცხვირის ქსუტუნით წამოდგა და შარვალი დაიფერთხა. მერე ჯიბეების და ბიუსტჰალტერის ქექვაც კი დაიწყო. გამეცინა და სანამ ჩემკენ შემობრუნდებოდა და პირს გააღებდა, მანამ ამოვიღე ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და გავუწოდე:

-მაქვს. რამდენიც გინდა აიღე. ერთი არ გეყოფა!

გაკვირვებით და ცოტა შიშით შემომხედა, გაუბედავად ამოაძვრინა ორი ღერი, ერთი ისევ ბიუსტჰალტერში ჩაიდო, მეორეს კი მოუკიდა და თან წარბაწეულმა ინტერესით ჩამათვალიერა. მივხვდი რომ არ მოვეწონე.

-წამო, გავისეირნოთ-, ვუთხარი, რადგანაც ვგრძნობდი, რომ საოცარი, ენით აუწერელი განცდა მეღვრებოდა სულში. საშინლად მსურდა მასთან საუბარი. არაფერი უკითხავს “სად მივდივართ, ვინ ხარ.”, უბრალოდ გამოაღო კარი და წინ დაჯდა. მეც დავჯექი საჭესთან და ადგილს მოვწყდით.

ჰორიზონტზე, ლარივით გაწელილმა მზემ და მწვანე პეიზაჟმა ცოტა დაამშვიდა და ამოოხვრით თქვა:

-მეტი აღარ შემეძლო და…

-არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა!-, შევაწყვეტინე: _რამდენი წლის ხარ?

-14ის.

– ეგრეც ვიფიქრე. დაიმახსოვრე, რომ ეგ ყველაფერი, რის გამოც თავს იკლავ, კიდევ წლები გაგრძელდება, მაგრამ მაინც არაფერია იმასთან შედარებით რაც წინ გელის. მე 35-ის ვარ, ოჯახი არ მაქვს. არც შვილების გაჩენას ვაპირებ. გოგოს გაჩენის მეშინია, ბიჭის გაჩენა კი არ მინდა. არც მოგელანდება, ისეთი პრობლემები მქონია, მაგრამ ყველაფერს გავუძელი და იცოდე, რომ შენც გაუძლებ.

საშინელი თავლებით შემომხედა და ხველება აუვარდა. სიგარეტი თითის კვრით გადააგდო და გაბრაზებულმა მითხრა:

-თქვენ რა იცით, მე რა დღეში ვარ?აზრზეც არ ხართ და არც უფლება გაქვთ გამკიცხოთ.

-მშვენივრად ვიცი საყვარელო და მაგის უფლებაც მე თუ არა, აბა ვის აქვს? ძალიან კარგადაც გიცნობ, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე შენ საკუთარ თავს. შენ უბრალოდ გარტყმაშიც არ ხარ, როგორი ხარ და გგონია, ყველაფერს აკონტროლებ, გგონია, სამყარო შენს გარშემო ბრუნავს და შეგიძლია თვითმკვლელობით ყველაზე შური იძიო, მაგრამ დამიჯერე, ცდები. რაც ნახლებად დაიტანჯავ თავს და რაც უფრო მალე შეიყვარებ, მით უფრო მალე იგრძნობ შვებას და აღარ შეგრცხვება არც შენი თავის და არც სიმართლის. ვიცი აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს, მაინც დაიკიდებ, რადგანაც შენთვის არავინაა ამქვეყნად ავტორიტეტი შენი საკუთარი თავის გარდა. ეს ამპარტავნება ბევრ სისულელეს ჩაგადენინებს და შენი სიჯიუტით ბევრ დროს დაკარგავ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომელსაც მაგრად კიდიხარ და ისეთ ადამიანებსაც დაკარგავ, ვისაც უყვარხარ. ძალიან ბევრ ძალისხმევას დახარჯავ იმის გასაგებად, რეალურად რა გინდა და როცა ამას მიხვდები, მაშინ დალაგდება შენი ცხოვრებაც.

-თავი რომ მოვიკლა?-, გამომწვევად, გამარჯვებულის ტონით მითხრა:- აი ახლა, რომ გავაღო კარი და გადავხტე?

-ვერ გაბედავ. ორივემ ვიცით, რომ არ გაქვს ის მზაობა, ეს გააკეთო. წლების შემდეგ ისეთ ამბებთან მოგიწევს შეჯახება, სხვა გამოსავალს მართლა რომ ვერ დაინახავ და მაშინაც კი გაუძლებ და გადალახავ. ძალიან ძლიერი ხარ, უბრალოდ არ იცი ჯერ.

– და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ…-, ააწყო ფეხები მანქანის კარზე: – წინასწარმეტყველი?

-ზუსტად ის ვარ, შენ რომ ვერასდროს მიხვდები. ყოველშემთხვევაში, მაგ გოიმურ ასაკში…-, გესლიანად გავუცინე და დავამუხრუჭე: -ეხლა კი ფეხები ჩამოიღე, უზრდელო.

 

* *

ხომ შეიძლებოდა დედის მუცელში მოვმკვდარიყავი? აი, ასე, უბრალოდ არ დავბადებულიყავი…გავწყალებულიყავი, ან მოვმწყდარიყავი… ამას მაინც ხომ აჯობებდა, რაც დღეს ხდება. მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ბედნიერი წუთი რომ აიღო ერთად და აწონო, მაინც ეს უბედურება გადაწონის. მე კი ისიც არ შემიძლია, რომ ეს ქირურგის დანა ავიღო და სიცოცხლე მოვისწრაფო. ერთი ყელში გამოსმაც ეყოფა ჩემს დაჩაჩანაკებულ ძარღვებს და დასრულდება ყველაფერი. ყველას დავასვენებ. ბავშვები იტირებენ, იდარდებენ, მაგრამ გულში მაინც მადლობას ეტყვიან ღმერთს, რომ ტანჯვისგან გამათავისუფლა. იციან, ყველამ მშვენივრად იციან, რომ სიკვდილი მიჯობს ამ მდგომარეობას, მაგრამ ხელს როგორ აღმართავენ მშობელზე, ბებიაზე? მე კი არ მემორჩილება ეს გასახმობი ხელები და აღარც ენა, რომ შევეხვეწო, მომკლან.

Aრადა რამდენჯერ შემეძლო ეს? ჯერ კიდევ მოზარდი არ ვიყავი, მანქანას რომ ვუვარდებოდი? და გადავრჩი… რისთვის? ის საშინელება რომ დამმართოდა? ეგეც ხომ გადავიტანე და მაინც ვიცოცხლე. ჰოდა, რისთვის? იმისთვის, რომ 40წლის შემდეგ, ჩემს თვალწინ იმ მეტეოროლოგიურ ჯიხურთან ჩემსავით გაეუბედურებინათ სხვა გოგო? ამ ყველაფრის გამძლე, ბოლოს ასე ცოცხალი ლეშივით გამოვკიდებოდი სიცოცხლეს, რომელსაც დასასრული აღარ აქვს? რისთვის, რა ოხრობისთვის?

რომ მცოდნოდა, რამდენი არანორმალურობის ატანა მომიწევდა… რომ მცოდნოდა სიკვდილი ასე დაიგვიანებდა… ნეტა რას ვიზამდი? რაღა აზრი აქვს ამაზე ფიქრს, არჩევანი არ გაქვს, თორემ ადამიანმა მანამდე უნდა იცხოვრო, სანამ საკუთარი თავის მოვლა შეგიძლია და სხვისი ტვირთი არ გამხდარხარ.

ჯერ დედები უვლიან შვილებს, მერე შვილები-დედას, მაგრამ არ მემეტებიან ჩემები ამ კოშმარისთვის. ყველაფერი გაყიდეს, უსახლკაროდ დარჩნენ და მაინც ვერ მშველიან… მხრავს ეს საზიზღარი ავადმყოფობა და ვერა და ვერ შემჭამა. რომ მცოდნოდა…

ის გოგო… თავიდან არ ამომდის ის პატარა გოგო… იქნებ ეგაა ჩემი სასჯელიც, რომ ვერ გადავარჩინე. იქნებ იმ სიმხდალისთვის ვისჯები ზუსტად… სულ ერთია, ახლა უკვე არაფერს აღარ აქვს აზრი…

* *

-მაშ, ბეთლემის ქოხში უნდა ახვიდეთ?-, ინტერესით მკითხა მოკლედ თმაშეკრეჭილმა შავგვრემანმა ქალმა და გვერდით მჯდომ, მანქანის კარზე ფეხებაპლაკულ ლაწირაკს ერთი ხელის დარტყმით ჩამოაწევინა ფეხები, რომლებიც რამდენიმე წამში ახლა უკვე სარკეზე გაჩნდნენ. ასე 30-31 წლის იქნებოდა, შავი თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი და მის გარეგნობაში ქალური არაფერი იყო, რასაც ვერ ვიტყოდი თინეიჯერზე, რომლის საშინლად მოკლე კაბამ და ლამის გადმოყრილმა ძუძუებმა ჩემნაირი თავისუფალი მენტალიტეტის მქონე ქალიც კი გამაღიზიანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვიცანი, ორივე ვიცანი…

-ჰო,-, გაოცებით ვუპასუხე და ჩემი თვალები ხან ერთის სახეზე შტერდებოდა, ხან-მეორის. მუცელში ელვამ დამიარა და გულიც შემეკუმშა.

-უკან დაბრძანდით-, ღიმილით მიმითითა ქალმა და ცერად გახედა გვერდით მჯდომს: _ წინ უკვე ბუდე გაიკეთეს.

თინეიჯერმა უდარდელად გახეთქა საღეჭი რეზინის ბუშტი და სარკეს შეაბოლა. მე გული გავიმაგრე, ბარგი ჯიპის საბარგულში მოვათავსე და რამდენიმე წამში უკვე ტრასაზე ვიყავით. ჩემი ახალი ცხოვრება იწყებოდა, მაგრამ ძალიან უცნაურად, წარსულთან შეხვედრით. ცოტაოდენი საუბრის შემდეგ თანამგზავრები ჩემი გეგმით დავაინტერესე.

-მაგარი ბებო ხართ-, გულწრფელად მითხრა გოგომ: _ თან ჩემი სეხნია. მე პრინციპში, არც ვისურვებდი თქვენს ასაკამდე მეცოცხლა, მაგრამ, თუ გავქაჩავდი, მომინდებოდა, რომ თქვენსავით ჯანზე და “ხოდზე” ვყოფილიყავი. სახლში ყოფნას ვერ ვიტან და ბოდიალი მინდა სულ.

-მოასწრებ, ბევრ ბოდიალს მოასწრებ. -რა დღე მაქვს!-, გაეცინა გოგოს: _დღეს ყველა “ციგნის” ქალივით ჩემს ბედს მეუბნება.

სამივეს გაგვეცინა, მაგრამ ამ სამეულიდან მარტო მე ვიცოდი სრული სიმართლე. და გული მწყდებოდა, მტკიოდა.

უცებ მძღოლმა დაამუხრუჭა და ყველანი სკამებიდან წამოგვყარა.

-რა გეტაკა?!-, აღშფოთდა თინეიჯერი:- გული გამისკდა!

-რა ვიცი, ცოტახნის წინ, ვიღაც თვითონ მიხტებოდა საბურავებქვეშ და..-, წაკბინა ქალმა და წინ მდგომთ გახედა: _-ვერ ხედავთ, მანქანაა გაფუჭებული. იქნებ დავეხმაროთ.

ორივე გადავიდნენ და თანაბარი ნაბიჯით, ერთნაირი სიარულის მანერით გაემართნენ მანქანიკენ. მე ზურგიდან მივეპარე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გავიგონე:

“საწყალი ქალი… … 4წელია ამ დღეშია, აბა ამას რა ცოცხალი ეთქმის… თვეში ერთხელ მთაში დაჰყავთ, ცოტა შეღავათს აძლევსო… აბა, რა ცოდოა, მთელი ცხოვრება მთებში აქვს გატარებული და… ჰო, ინვალიდი აღარ ჰქვია ამას, ცოცხალი ლეშია…”

გულმა რეჩხი მიყო, მათ მხრებს ავაყოლე მზერა და საკაცეზე დაკრულ ავადმყოფს შევხედე.

მისმა თვალებმა კინაღამ მომკლა. მთხოვდა, მეხვეწებოდა- ხელი მკარი და ხრამში მაინც დამაგორეო. ორივემ ვიცანით ერთმანეთი.

-ბებო…-,უდარდელი ხმით მიმაძახა გოგომ:”-სისხლი მოგდის, ხელი გაიჭერი?…

ჰო, მე ვიცოდი, რომ ამ გზაზე წარსული, აწმყო და მომავალი ერთია. ეს დღე კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს მე ამქვეყნად არსებულ ყველა ადამიანზე დიდი თავისუფლება მაქვს და შემიძლია გადავარჩინო ყველა ეს მოხუციც, ეს ქალიც, და ეს ლაწირაკიც… მე ვაკეთებ ამ არჩევანს და…

დღეს ვიღაც უნდა მოკვდეს.

**

ღმერთო, რა გაუთავებელი გზაააააა! ნეტა რას დავთანხმდი ამ ბებერს, რას წამოვყევი, ტუტუცი ვარ რა. თბილად მაინც მეცვას, მაკანკალებს… რამდენი საათია ნეტა რაც მოვდივართ? “დიხანია” ვეღარ მიქაჩავს… “ბიჩოკებს” ვყრი. ეს ქალი სუფთა ჯიხვია, ეს ბებო კიდევ… ნერვებს მიშლის, “სეხნია” “სეხნია”-ს ძახილით. დაუჟინებია, დაღამებამდე უნდა ავიდეთ ქოხამდეო. ნეტა დაბლა ეკლესიასთან მაინც დავრჩენილიყავით. დედაჩემს ეხლა ჰქონია, ლიკუნასთან ვრჩები, მე კიდევ სად დავფორთხავ.. . . . . . . . . . . . . . . . . .

ფუ, ამისი პატრონი… დაგვაღამდა. უკვე ყელშია ამოსული ეს ბებო თავისი ბედნიერი ნატურით. რა უხარია, ორი პარასკევიღა აქვს წინ. ჩვენ ვართ კრეტინები, ასე რომ დაგვაგოიმა. მარტო ასვლა ეზარებოდა და გვიპოვა კიდეც ორი სულელი. თუმცა ამ ქალბატონს სულ არ ეტყობა დაღლა, არც სინანული-მანქანა რომ დაბლა დატოვა. თან თხელი “კურტკით” რომ მოძვრება… არა, “იმენა” ჩემზე ახალგაზრდაა ორივე რა… . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰალელუია! როგორც იქნა! მოვაღწიეთ ქოხამდე. ესეც შენი ყოფილი მეტეოსადგური, თუ რაღაც… ლამაზად მოხატულია. არიქა, დავეყარეთ ძიირს!… არა, მაგარი ადგილია. ბებო მხეცია! . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვაიმე რა ვქნა…არ იცოდა ქალბატონმა, აქ თუ ვინმე დახვდებოდა!.. თან… მთვრალები… ჩვენ კიდევ აქ უნდა დავრჩეთ. ერთი ნაბიჭვარი სულ მე მიყურებს და გული მერევა… რატო დავიბადე გოგოდ, მეზიზღებიან  კაცები… აუ რატო წამოვედი… ეს ქალი ისეთი არაქალურია, არავის მოეწონება, ბებო კიდევ ვის რად უნდა, ჰოდა მე მომშტერებიან. უკანა ჯიბეში დანას ვინახავ, რა დამაძინებს… აუუუუუ, რატო არ დავრჩი ლიკუნასთან, რატოოო… თუ შევძელი მოვკლავ, თუ არა და…

ნეტა მაქანას მაინც გავეტანე…. . . . . . . . .

მორჩა! არაფრის გახსენება აღარ მინდა! აღარაფერი მახსოვს! აღარ გავიხსენებ ღამეს, როცა მეგონა ყველას ჩაეძინა, მოსაწევად რომ გავედი და ის ტიპი როგორ მეტაკა უკნიდან. დაკივლებაც ვერ მოვასწარი, დანაც გამაგდებინა… ამას სიკვდილი მერჩივნა…როგორ მინდოდა მაშინ სიკვდილი, მანამდე სიკვდილი…სახეში ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და სანამ გული წამოვიდოდა, უცებ ვიღაც მესამე გაიჩითა სიბნელეში, რაღაც ჩაარტყა და მე ხელი მკრა, დამაგორა…

არ ვიცი, ვინ იყო… ზევიდან გინება მესმოდა და როგორ კი ადგომა შევძელი, არ მახსოვს სიბნელეში როგორ ჩამოვფორთხდი მთიდან… დილით ნახევრად გაყინული მიპოვეს ვიღაცეებმა და ვერტმფრენით წამიყვანეს. დაბლა მანქანა აღარ ჩანდა, ალბათ ბებო და ის ქალი ერთად წავიდნენ.

ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარი ღამე იყო ეს.ალბათ დამესიზმრა.

თუმცა ერთი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა ამ სიზმარს. მას შემდეგ თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარც გამკარებია. . . . . . . . . . .

**

შევცდი… არ ყოფილა ის ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარი ღამე. 2 დღეა სახლში ვარ და ეს ღამეა ყველაზე ცუდი ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე წუთის წინ ქრონიკაში გადმოსცეს, რომ ბეთლემის ქოხთან ქალის ცხედარი უპოვიათ… ცივი იარაღით მოკლული… ძალაგამოცლილი შევბრუნდი და ოთახში ჩავიკეტე, რომ არავის ენახა ჩემი ისტერიკა.

-სახლში რომ არ იყო, გული გამისკდებოდა-, ბუნდოვნად ჩამესმა დედაჩემის ხმა:-თუმცა, ხნიერი ქალი ყოფილა…”-,დაამატა მერე გულგრილად.

***

ნინო ორტიგა ჭინჭარაული