ავსტრალიაში აუცილებლად დავბრუნდები

  • Home
  • ბლოგები
  • ავსტრალიაში აუცილებლად დავბრუნდები

ბავშვობაში ინგლისურს რომ ვსწავლობდი, სამი წიგნი მქონდა: ამერიკული ინგლისური, ბრიტანული ინგლისური და ავსტრალიური ინგლისური. ეს ბოლო გადავათვალიერე, აბორიგენების სურათები, კენგურუები, ულურუ…არც მიფიქრია, თუ ოდესმე ავსტრალიის კონტინენტზე აღმოვჩნდებოდი. საქართველოდან ხომ ძალიან შორია, როგორც ამბობენ „bloody long way”, თუმცა შეუძლებელი არაფერია!


ავსტრალიაში მოგზაურობა დავგეგმე ჩემი დაბადების დღისთვის, თან მარტომ, ვიფიქრე ამაზე უკეთ ვერ გავატარებდი იმ დღეს, რომელიც დიდად არ მიყვარს, რაც ასაკი მემატება. თუმცა ერთი რამ ვერ გავითვალისწინე, მაშინ, როცა ჩვენთვის მაისის თვე ზაფხულის მოსვლას მოასწავებს, ავსტრალიაში ზამთარი იწყება, ამიტომ ჩემი დაბადების დღე ცხოვრებაში პირველად თბილ ქურთუკში გახვეულმა გავატარე.

ავსტრალიამდე უამრავი საათი ვიფრინე, მარტო წავედი სამოგზაუროდ, ამიტომ ვერავის ვუზიარებდი ემოციებს, მხოლოდ ჩემს დღიურს და ერთ ავსტრალიელს, რომელიც გზაზე გავიცანი, ის სახლში ბრუნდებოდა, კონტაქტი გავცვალეთ. სიდნეის აეროპორტში რომ ჩავედი და ავსტრალიური დოლარი ვიყიდე, თავი საშინლად ღარიბად ვიგრძენი. მაშინ, როცა 100 ამერიკულ დოლარში მილიონზე მეტი ინდონეზიური რუპია მომცეს ინდონეზიაში, ავსტრალიაში კურსი თითქმის 1-1-ზე იყო.

წავედი ჰოსტელში, ჩემდა ბედად, კარგი გარემო დამხვდა. როცა ჰოსტელში კარგ გარემოზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვგულისხმობ მეგობრულ ხალხს, რადგან მარტო მოგზაურობისას ეს განსაკუთრებით აუცილებელია. დავბინავდი ოთახში, შემდეგ ერთი გერმანელი ბიჭი გავიცანი, სიდნეიში მუშაობდა და ჰოსტელში ცხოვრობდა, შემომთავაზა ქალაქის დათვალიერებაში დახმარება და მოვიარეთ ერთად სიდნეის ცენტრი.

საოცარი ქალაქია, ბრიტანული აურა აქვს, გასაკვირი არც არის ისტორიიდან გამომდინარე. ისეთი ლურჯი ცა იყო, შემეძლო საათები მეყურა და მიუხედავად იმისა, რომ მაისი ზამთარია ავსტრალიისთვის, მაინც საოცრად სასიამოვნო დღე იყო – თბილი. სანაპიროსთან თოლიები იყვნენ, განსაკუთრებულად მიყვარს თოლიებიანი ქალაქები, თოლიები ხომ იქ არიან, სადაც წყალია, ხოდა წყლიანი ქალაქებიც მიყვარს.

სიდნეიმ გადამრია. არა მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზი არქიტექტურა აქვს, არამედ მისმა სულმა. მგონია, რომ ყველა ქალაქს თავისი სული აქვს, რაც არქიტექტურით არ გამოიხატება, ეს სული უნდა იგრძნოს ადამიანმა, მე ვიგრძენი და შემიყვარდა.

დღეები გავიდა ქალაქში ხეტიალში, ავსტრალიელი კენგურუების ფერებაში ზოოპარკში და სასაცილო კოალას ყურებაში, რომელიც თან ჭამდა თან ეძინა, საღამოები კი სიდნეის ოპერის სახლთან განათებების შოუს ყურებაში. თეთრი ოპერის სახლი, რომელიც ზღვის ტალღის იდეით დაამზადეს, ღამით უცნაური ფორმისა და ფერების შუქების სცენად გადაიქცა.

ერთ-ერთ დღეს ის ადგილობრივი ავსტრალიელიც ვნახე, თვითმფრინავში რომ გავიცანი. შემომთავაზა სანაპიროზე წაყვანა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მოგზაურობისას უნდა დაივიწყო ადამიანმა ბავშვობაში ნასწავლი „უცხოს მანქანაში არ ჩაუჯდე“ და ყველანაირად ღია იყო თავგადასავლებისთვის. ოღონდ, ცხადია, უკვე უნდა შეგეძლოს ცუდისა და კარგის გარჩევა და ყველაფერი კარგად იქნება. წავედით ბონდზე, საშინლად ციოდა უკვე, მაგრამ ავსტრალიელი სერფერები მაინც ებრძოდნენ წყალს ბონდის სანაპიროზე. ბევრი ვისაუბრეთ, გამიზიარა თავისი ცხოვრება და გამოცდილებები.

ავსტრალიაში აუცილებლად დავბრუნდები!