ავსტრალია და თვითმფრინავზე დაგვიანებული გოგონას თავგადასავალი

  • Home
  • ბლოგები
  • ავსტრალია და თვითმფრინავზე დაგვიანებული გოგონას თავგადასავალი
ის-ის იყო, უნივერსიტეტს ვამთავრებდი. საბაკალავრო ნაშრომი მქონდა დასაწერი.
ჩემი ბიძაშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და შემომთავაზა, ჩამოდი, პოლონეთს დაგათვალიერებინებო. მოგზაურობის დაგეგმვა მას მივანდე და ისე დაემთხვა, რომ ზუსტად გამოცდისწინა დღეებში უნდა გავფრენილიყავი. არაუშავს, მოვასწრებ დაწერას-მეთქი და ბევრი არ მიფიქრია, ავიბარგე და წავედი ვილნიუსში. იქიდან ვარშავაში უნდა გადავსულიყავი.
თვითმფრინავში პირველად ვიჯექი. შეშინებული ვუყურებდი ღრუბლებს.
– პირველად ზიხარ თვითმფრინავში? – მკითხა გვერდით მჯდომმა ბიჭმა.
– დიახ – დავუქნიე თავი.
– და გეშინია?
– ცოტათი..
– იცი რა არის მთავარი? მოდუნდი და შეიგრძენი, როგორი სასიამოვნოა აქ ყოფნა.
ამ რჩევამ მიშველა! მართლაც, მოვდუნდი, დაძაბულობა მოვისროლე და ღრუბლების ზემოდან ყურების მთელი მშვენიერება შევიგრძენი.
ჩემმა ბიძაშვილმა მოგზაურობის გეგმა დეტალურად დამიწერა. სად, რომელ საათსა და რომელ წუთზე რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, არსად დავბნეულვარ. ვილნიუსში მატარებლის კიბეებზე ჩემი დიდი ჩანთის ათრევას ვცდილობდი და ვფიქრობდი – ალბათ, აქ თავს არავინ შეიწუხებს სხვისი გულისთვის-მეთქი. როგორ არა! ვიღაც ქალი თავის ბიჭუნას მიუტრიალდა და რაღაც უთხრა თავის ენაზე. ბიჭმა ჩემთან მოირბინა და ბარგი კიბეებზე ამატანინა. ესეც შენი ევროპა! რა კარგი ხალხი ყოფილან.
ვარშავაში ჩასულმა ყველაფერი მოვიარე. ძველ ნაწილში, ერთ-ერთ მოედანზე ხელოვნური დათვები იდგნენ და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მიხედვით იყვნენ მორთული. ქართველი დათვი წითელი იყო და ქართული ანბანი „ეცვა“. დავდიოდი, სურათებს ვიღებდი და ყველა ფოტოზე ბედნიერი ღიმილი მქონდა. საქართველოში ყოფნისას სურათებში ასე ფართოდ არ ვიღიმებოდი, მეგონა არ მიხდება-მეთქი. აქ კი, ისე ვხალისობდი, გაუღიმებლად გადაღება, უბრალოდ, არ შემეძლო.
– ჯერ სად ხარ, ტორუნიც უნდა გაჩვენო – მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა – იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია, პატარა და ლამაზი ქალაქი.
მანამდე კი, დავსეირნობდი ვარშავის ფართო ქუჩებში, ვიხიბლებოდი ტრამვაის განრიგის კომფორტულობით, კრიალა გზებით და დიდი, მწვანე ბაღებით. H&M პირველად ვარშავაში ვნახე. უზარმაზარ მაღაზიაში ვიხეტიალე და სიამაყით აღვსილმა ვიყიდე ტანსაცმელი. ვარდისფერი და მწვანე მაისური, ვარდისფერი კაბა და ჩემს ძმას – მწვანე მაისური. თან, ვცდილობდი გამომეცნო, მოერგებოდა თუ არა. საბედნიეროდ, მოერგო და ძალიანაც მოუხდა.
პოლონელების სილამაზემ გამაოცა. უმეტესობა ნავარჯიშევი და კარგად მოვლილი იყო.
ვარშავის შემდეგ, როგორც ვგეგმავდით, ტორუნში წავედით. ტორუნი პატარა, ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა, თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი – სასტუმრო იყო. ის პირდაპირ ძველ ციხე-კოშკში გაეხსნათ. კოშკში შესასვლელად დიდი თხრილზე გადებული ხიდი უნდა გადაგევლო. ქონგურებს მიღმა ცივ ტალანები იყო, გამოქვაბულის მსგავსი, დიდ ექოს გამოსცემდნენ და შიგნით ძალიან ციოდა. საძინებელს მაღალი ჭერი ჰქონდა, ფანჯარა კი – სადღაც, ზემოთ, ჭერთან. თავი შუა საუკუნეებში მეგონა და ეს საოცარი შეგრძნება იყო.
ულამაზესი ტორუნი და კოპერნიკის მუზეუმი, პოლონური ღვეზელები და ცისფერი ცა, უჩვეულო ქანდაკებები და ლურჯი მდინარე – თვალებსა და მოგონებებში ჩამრჩა.
ორშაბათ დილით, ვარშავაში დაბრუნებულმა დიდხანს ვიძინე. შუადღეზე გაღვიძებულს ჩემი ბიძაშვილი მეკითხება:
– დღეს რა დღეა?
– ორშაბათი – ვუპასუხე არხეინად.
– შენ დღეს არ უნდა გაფრენილიყავი?
აუჰ! წამოვხტი სასწრაფოდ, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა. ამ შაბათ-კვირის თუ რა ვიცი, რის გადამკიდეს, დღეები აგვერია. ჩემი თვითმფრინავი უკვე გაფრინდა. რა გვექნა. მივცვივდით ინტერნეტს და სასწრაფოდ ვიყიდეთ ხვალინდელი თვითმფრინავის ბილეთი. ჩვენი ეკონომიურად ნაყიდი ბილეთები სულ წყალში ჩაიყარა – ახალი ბილეთი 400 დოლარი ღირდა. მაგრამ, რას ვიზამდი.
– დღესვე უნდა წახვიდე ვილნიუსში და იქიდან – რიგაში. შენით მოგიწევს გზის გაკვალვა, სამწუხაროდ, ეს გეგმა არ გვაქვს შემუშავებული – მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა.
ავიბარგე და გავქანდი ვილნიუსში ავტობუსით. ამასობაში დაღამდა. ფანჯარაში ფართო სივრცეები და მსაზე ჩამოწოლილი სიბნელე ჩანდა. ვიჯექი ავტობუსში, ჩემთვის გარუკვეველ სივრცეში და ვფიქრობდი, რა უცნაური, მაგრამ მშვენიერია-მეთქი.
ვილნიუსში გამთენიისას ჩავედი. მსუბუქი ნისლი იდგა და მეძინებოდა. თან, ისე ძალიან, რომ ლამის ავტობუსიდან ჩამოსვლა გადავიფიქრე. ბოლოს, მოვიკრიბე მხნეობა და რიგაში წასასვლელი ავტობუსის ბილეთი ვიყიდე.
ავედი.
რატომღაც, არ მშიოდა. ერთი შოკოლადი მქონდა მხოლოდ.
გავხსენი ეს შოკოლადი და მიმოვიხედე. გვერდზე ქერა, ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. ვიფიქრე, რომ შოკოლადის მარტო სანსვლა უზრდელობა იქნებოდა და შევთავაზე. ისიც გამომელაპარაკა და მკითხა, საიდან ვიყავი.
– საქართველოდან – ვუპასუხე და ავუხსენი, სადაც იყო ჩემი ქვეყანა.
– მე წარმოშობით პოლონელი ვარ, თუმცა ავსტრალიაში ვცხოვრობ და ეხლა სამოგზაურო ტურით ვარ ევროპაში ჩამოსული. მოგწონს აქაურობა?
მე ამაყად განვუცხადე რასაც ვფიქრობდი:
– ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანა მაქვს და ამ ხრიოკ მინდვრებზე – თან, მეტი სიცხადისთვის ხელი გავიშვირე ფანჯრისკენ, საიდანაც მართლაც ტრიალი ველები მოჩანდა, – ბევრად ლამაზია.
სანამ სამოგზაუროდ წავიდოდი, მართლა მეგონა, რომ ძალიან ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობდი და საზღვარგარეთი – რაღაც საოცარი და ბევრად, ბევრად უკეთესი ადგილი იყო. მოგზაურობის მერე ასეთი დევიზი გამიჩნდა – საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა, უბრალოდ, მეტი მოვლა სჭირდება. და კიდევ, გამოჩნდა შეგრძნება, რომ მსოფლიო არც ისეთი დიდია და სახლი – ყველგან ახლოსაა.
ადამი – ასე ერქვა ჩემს ავსტრალიელ ნაცნობს. ისიც რიგაში მოდიოდა. მე ორიოდე საათით მქონდა დრო, სანამ თვითმფრინავზე ავიდოდი. ვიფიქრე, რიგას ცოტათი მაინც დავათვალიერებ ან ვისადილებ-მეთქი. ავტობუსიდან რომ ჩამოვედი, ადამმა არ დამტოვა და კაფეში დამპატიჟა. შენს ქვეყანაზე ისეთი აღტაცებით ყვებოდი, მოვიხიბლეო – მითხრა მერე.
კაფე რიგის ძველ ნაწილში იყო. იქაურობაც ლამაზი აღმოჩნდა. მაგიდაზე ყვავილები იდგა და გარეთ ღიმილიანი სახეებით მიმოდიოდნენ. ადამი მოგზაურობის ამბებს მიყვებოდა. ბევრი სირთულე გამოვიარე ცხოვრებაშიო, ჩიოდა.
– ყველაფერი კარგად იქნება – ვუთხარი მე.
ამის გაგონებაზე გული აუჩუყდა და მითხრა, რა კარგი და თბილი გოგო ხარო. მე კი, ვფიქრობდი, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. მერე ჩემი მეილი ჩაიწერა და თვითმფრინავამდეც გამაცილა.
თვითმფრინავზე ასვლის წინ, უცებ, ხელი ჩამჭიდა და გულაჩუყებული თვალებით მითხრა:
– რა მოხდება, რომ არ წახვიდე?
– ხუმრობ? – გამეცინა მე.
მაგრამ, როგორც ჩანს, ადამი სერიოზულად მოიხიბლა ჩემით. საქართველოში რომ დავბრუნდი, მეილებს მწერდა, თავისი მოგზაურობისას, პეტერბურგიდან საჩუქრები გამომიგზავნა, მერე – სახლში დაბრუნებულმა – ავსტრალიიდან.
საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა და მეც მეპატიჟებოდა ავსტრალიაში. აზრზე არ ვიყავი, როგორ უნდა დავხვედროდი მართლა რომ ჩამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მაინც ბავშვური და გულუბრყვილო ვიყავი. მერე აგვისტოს ომი დაიწყო. ადამი დაფრთხა. ჩემი პასიურობაც შენიშნა, წერილებიც გაიშვიათდა და მიმოწერა შევწყვიტეთ. მას მერე კი დამრჩა ჩუმი სურვილი, ვნახო ეს ქვეყანა, რომელიც მაშინ ასე შორეული და ეგზოტიკური მეჩვენებოდა.
საჩუქრად კი იყო – ლამაზი მატრიოშკები, ავსტრალიელი კენგურუსა და დედოფლის გამოსახულებიანი საიუბილეო მონეტა, მოოქროვილი თეფში სიდნეის ხედებით და ყველაზე გულისამაჩუყებელი საჩუქარი – წიგნი, რომელიც რიგაში მაჩვენა და რომლითაც ძალიან ამაყობდა – კარგი რამეაო.
„წავიდეთ ევროპაში“ – ასე ერქვა წიგნს, ინგლისურად.
ჰო, მართლა, უნივერსიტეტი კარგად დავამთავრე, თუმცა საბაკალავრო თემის დაწერა ძლივს მოვასწარი. გარეთ არ გავდიოდი, სახლში გამოვიკეტე და გაუჩერებლად ვწერდი და ვწერდი დილიდან საღამომდე. ორ საათში ერთხელ, სისტემატურად აივანზე გავდიოდი დასასვენებლად და ეს ძალიან მშველოდა. ყველას ვურჩევ, ასე მოიქცეს.
ნაწერის საბოლოო ვერსია ჩემი თემის ხელმძღვანელს ვერ გავაცანი. ვფიქრობდი, ალბათ, ძალიან ცუდად დავწერე-მეთქი და კომისიის წევრებისთვის, ნაშრომს ბოლოში მივაწერე:
„ვერ მოვასწარი, ჩემი ნაწერი ხელმძღვანელისთვის გამეცნო, ამიტომ, ბოდიშს გიხდით, რომ მასში ბევრი შეცდომაა“.
ჩემმა ხელმძღვანელმა მაინც მოასწრო, გადაიკითხა თემა, ბოლო ფურცელი ამოაძრო და მითხრა: გოგო, ძალიან კარგი თემაა, ეს ბოლო ფრაზა რაღა საჭიროა?!