ასხის მთა

იმერეთი როგორიაო, რომ მკითხონ, პირველად ალბათ ხონის რაიონი გამახსენდება. იქაურობასთან მოგონებების გარდა არაფერი მაკავშირებს_არც წარმომავლობა, არც ნათესაობა. მხოლოდ და მხოლოდ მოგონებები ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე.
ქუთაისიდან ხონამდე , სოფლების გავლით და ხონიდან კინჩხამდე ტყეების პეიზაჟით ერთი დიდი გზა მიდის. გზაზე მომენტალურად იცვლება სურათები_ჯერ სოფლებს შეხვდებით, დიდი ეზოებით, ღობეებიდან გადმოზიდული გადაყვითლებული, მუშმალამსხმოიარე ხეებით, ფოთლები მქრქალი მწვანე მტვრით რომ დაფარვიათ, რკინის რიკულებს  ყურძნის მტევნებივით გადმოკიდებული იისფერი გლიცინიები შემოხვევია. ხონის შემდეგ პეიზაჟი იცვლება_გზა მაღლა ადის, ირგვლივ ხეებია, ასფალტზე კლდეებიდან გადოხეთქილი ნაკადულები გამოდიან, მანქანას თხები და ძროხები სისწრაფეში ეჯიბრებიან. სამანქანო გზა თავდება და იწყება გორდი. გორდის იქეთ კი ჩემი პირადი ზღაპარი მელოდება_კინჩხა და ასხის მთა.

კინჩხა პატარა იმერული სოფელია თავისი საღებავგადაცლილი, ოდესღაც ცისფერი ოდებით, მწვანე ეზოებში ჩაფლული აივნებით. ეზოებსმიღმა, სახლებზე გადმოწოლილი კლდე გიყურებს ზემოდან, ჩანჩქერის ზათქი გესმის კანიონში და კამკამა წყარო გიკლავს წყურვილს. თითო-ოროლა მოხუცშერჩენილი ორღობებეები გიყვებიან ამბავს გასულ ზაფხულზე, ღობეებს იქეთ შრიალებს დაკოჟრილი ხელებით ძლივს მოყვანილი სიმინდი. წინ ტალახიან გზაზე გაჭიმული ცხენების რემა მითქრიალებს და გზაც ასხის მთისკენ უხვევს. გზაზე შემხვედრი , მთის ჰაერით და არყით შებრუებული მწყემსები, მისალმებისთანავე რძის, კვეთისა და დაობებული თამბაქოს სუნს შემოგაფეთებენ. წინ ძენძებშემოხვეული ხეებია, პაწაწინა ყვავილები,ფერადი ნაკადულებამოხეთქილი სალაშქრო ბილიკი, ჭიანჭველების ბუდედ ქცეული, ტანგაძარცვული, წაქცეული ასწლოვანი ხეები, ბუნებრივ ხიდებს ქმნიან ბალახისა და შმორის სუნადენილ გზაზე. ხეებშემოჯარული დანის პირივით ციცაბო აღმართი, დაფლეთილი ღრუბლებიდან თავამოყოფილი მთვარე და მარადიული ნისლების ხეობა, თეთრი, მილიონწლიანი ქვები, გამომშრალი ქვაბულები მტვრად ქცეული სტალაქტიდებით, ქარის მოტანილი ნაკელის, რძისა და დეკის სუნი, მოლაშქრეებს ადევნებული ბომბორა ძაღლები, ნახირის ერთგული მცველები_საუკუნეა თავიანთი პატრონების გარდა ადამიანი რომ არ უნდავთ_ესაა ჩემთვის ასხის მთა, კინჩხა, იმერეთისა და სამეგრელოს საზღვარი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ..

Tags: