მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოში (კასუმლოს თემის საკრებულო), ადგილობრივი მოსახლის მახრიზა ნაბიევას კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრე შუა საუკუნეების ქვაყუთი გამოვლინდა. პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე ახლადგამოვლენილი ობიექტი სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ სიღრმეშია განთავსებული. მისი ზომების სიგრძე გარე პერიმეტრზე 210 სმ-ს, სიგანე 78 სმ-ს, ხოლო სიღრმე 41 სმ-ს შეადგენს. სამარხის ქვების სისქე 11-12 სანტიმეტრია. ქვაყუთი კარგად დამუშავებული ქვიშაქვის დიდი ქვებითაა აგებული იყო და მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულ ოთხ და გადახურვის ორი ქვას მოიცავს. სამარხის ძირს კირხსნარით მოლესილი მიწა წარმოადგენს.
აღმოჩენილია სამარხში ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები. თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით კი ქალის ნეშტია. სამარხში დაფიქსირებული კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მიხვეტილი. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია, რომელიც სამარხში ჩრდილოეთით დაფიქსირებული მიცვალებული ქალის მუხლებთან აღმოჩნდა. მეოთხე მიცვალწბულის ძვლების ნაშთები კი სავარაუდოდ ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა.
სამარხში დროთა განმავლობაში ჩამდინარე გრუნტის წყლის გამო ძვლოვანი მასალა ცუდ მდგომარეობაში, სანახევროდ დაშლილი იყო ისე, რომ ჩონჩხების ალაგება ვერ მოხერხდა. სამარხის გახსნის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ სამარხის ფილები და კირხსნარი წყალს არ ატარებდა, ძვლოვანი მასალა სანახევროდ ჩაფლული იყო წყლის და ტალახის ნაზავში. საბოლოოდ, ფოტო და გრაფიკული ფიქსაციის შემდეგ ძვლოვანი მასალა სამარხში დარჩა, მიწით ამოივსო და დაიხურა. სამარხი აბსოლუტურად უინვენტარო აღმოჩნდა.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის გულდასმით დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტრაქტორის მუშაობისას შემთხვევით განადგურდა კიდევ ერთი სამარხი (პირობითად სამარხი N2). ადგილზე დაფიქსირდა სამარხის ქვებისა და მკვეთრად დაზიანებული ძვლოვანი ნაშთები.
სამარხის გამოვლენისას, მეპატრონემ მყისიერად შეწყვიტა სასოფლო სამეურნეო სამუშაოები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ფაქტის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოს აცნობა.