არატურისტული ზღაპარი

ბოლო დროს ვამჩნევ, რომ საქართველოზე საუბარი დემაგოგიას ემსგავსება. `ქალის პატივისცემა”, `ქართული სტუმართმასპინძლობა”, `ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა”… ეს განსაზღვრებები უკვე ისე გაიცვითა, რომ აუტანლად პათეტიკურად ჟღერს. მით უფრო, რომ ყოველდღიურად ისმენ, როგორ პანტა-პუნტით ხოცავენ ქალებს ყოფილი ქმრები, შეყვარებულები, მამამთილები… როგორ ფრცქვნიან ტურისტებს ტაქსისტები, თუ სარესტორნო ობიექტები, როგორ იქცა რელიგია ისეთი კომერციის წყაროდ, რომ მალე ალბათ კაზინოების ბიზნესსაც გაუსწრებს… ასეთ დროს იმაზე საუბარი, თუ როგორი მრავალსაუკუნოვანი კულტურა მოგვდგამს, საამაყო კი არა, სამარცხვინო ლაყბობაა, რადგან ისეთ ადამიანებს ამოგვდის პირიდან, რომლებიც წინაპრების ნაოფლარით ვიკვებებით და მისი შენარჩუნების ნაცვლად ნაგავს ვყრით ამ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებთან.
ჯერ-ჯერობით, რაც რეალურად შევინარჩუნეთ, ეს ალბათ სუფრის კულტურაა, რომელმაც თავისებური ინტერპრეტაცია განიცადა და კოლექტიური წუწუნის ტრადიციად იქცა. წარსულზე ტირილი და მომავლის ძაგება ხომ ქართული მენტალიტეტისთვის დღეს ისე ორგანული გახდა, რომ სუფრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტებშიც კი გადაინაცვლა.
საერთოდ, მომავლის და მით უფრო მომავალი თაობის ლანძღვას ალბათ ვერც ერთი საუკუნის უფროსი თაობა ვერ მოიშლის, თუნდაც ამ ახალ თაობაში მეორე ილია ჭავჭავაძე დაიბადოს. ალბათ სწორედ ის იყო პირველი, ვინც `მამებს” შეეპასუხა, საკუთარი ცოდვები გაახსენა და დაანახა, რომ სიახლისა და მოძრაობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება ჭაობად იქცევა, ვერ განვითარდება.

Mიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ახალ თაობას (მათ შორის დღევანდელსაც) ჰყავდა და ჰყავს ახალგაზრდები, რომელთაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების და სხვა სფეროებშიც ასახელეს თავისი ქვეყანა მის ფარგლებში, თუ გარეთ, მოსკოვში ორ მანეთად გაფრენაზე მეოცნებე უფროსი თაობის დიდი ნაწილი მხოლოდ მათ ტატუ-პირსინგებს ხედავს და ამას ქვეყნის ღალატად მიიჩნევს.
ასეთ რეალობაში ცხოვრებისას ძნელია ადგე და ყოველდგვარი ქება-დიდების გარეშე, რეალურად დაწერო როგორია შენი თვალით დანახული საქართველო, რადგან შედეგმა შეიძლება შენც გაგაკვირვოს, თუმცა ისევ და ისევ ილია, წარსულში მოღვაწე ეს მომავლის ადამიანი გაგამხნევებს და დაგაჯერებს, რომ საკუთარი თავისა და ქვეყნის კრიტიკა სიძულვილით კი არა, სიყვარულითაა ნაკარნახევი.

მეც ეს სიყვარული მაბედვინებს სათქმელი ბოლომდე ვთქვა.

საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა. რამდენიც არ უნდა ვიქოთ თავი, რომ ქალი მეფე გვყავდა, ჩემთვის ეს უფრო იმის დადასტურებაა, რომ ქართულ საზოგადოებას ერცხვინებოდა, რომ საქართველო უძლიერესი სამეფო მაშინ გახდა, როცა მას ქალი მართავდა და ამიტომაც გაამამაკაცურეს მისი სახე, `მეფე” უწოდეს. ქართულ ქვეცნობიერში მტკიცედ დევს რწმენა, რომ ყველაფერი საუკეთესოს შემოქმედი მამაკაცია. რომ სიძლიერე კაცური თვისებაა.

ჰო, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ქალები ხმლითაც ისე ხშირად იბრძობდნენ, როგორც მატყლს ჩეჩდნენ, თუმცა ლიტერატურაში ძირითადად მაინც  მამაკაცის `სამკაულად” რჩებოდნენ.

ჩვენ ის ქვეყანა ვართ სადაც ქალის პატივისცემა მისი სიწმინდესთან, უბიწოებასთან გაიგივებაა, რის მიღმაც ნათლად ჩანს ქვენა აზრი, რომ მან წმინდანივით თავი უნდა გაწიროს და ადამიანური არაფერი ეპატიება. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც ქალმა გააქრისტიანა, მაგრამ რელიგიურ რიტუალებში ქალს უკანასკნელი ადგილი უკავია, ან საერთოდ არ მონაწილეობს, როცა ე.წ -`უწმინდურია”.
და ბოლოს, ეს ის ქვეყანაა, რომელიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ გადახვეწილმა დედებმა, დებმა და ბებიებმა ზურგით მოიტანეს დღევანდელ დღემდე. რომელთა ქმრებმა და შვილებმა მათი გამოგზავნილი ფულით მოიწყვეს ცხოვრება და ახლა სამშობლოს მოღალატეებს ეძახიან ქალებს, რომელთაც საზღვარგარეთ შექმნეს ოჯახები. ასეთი თვალით დანახული ქვეყანა ნამდვილი არატურისტული რეალობაა და მას ვერ მოუყვები ალაზნის ველით აღფრთოვანებულ ტურისტს კახური ღვინით ხელში. ვერც შვილებს მოუყვები ძილის წინ ზღაპარივით და შეიძლება არც აღარავინ დაგიჯეროს, რომ მაინც გიყვარს შენი ასეთი საქართველო, როცა ამას მხოლოდ მთებში, ჭიუხებსა თუ ტბებზე, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში წანწალით გამოხატავ და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებ.
რატომ ვწერ ამ ტექსტს? ალბათ იმიტომ, რომ რომ მე თვითონაც ხშირად წავიკითხო და თუნდაც არასოდეს დამეზაროს ნაგვის ყუთამდე მისვლა.  ახლის შექმნა თუ ვერ შევძელი, რაც მაქვს, იმის შენარჩუნებაზე მაინც ვიზრუნო. იმიტომ, რომ როცა დავბერდები, ლანძღვის მაგიერ ჩემი ცოდნა გადავცე ახალ თაობას და რაც მთავარია, გამიხარდეს, თუ ისინი ჩემზე უკეთესები იქნებიან.
თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ვარ, რომელიც ჯერ არ მოუკლავთ, არც საზღვარგარეთ გადახვეწილა, მაგრამ ასეთები ირგვლივ ათეულობით ჰყავს და `ბუტაფორიადაც” არაერთხელ უგრძვნია თავი საზოგადოებაში.

და ბოლოს,რაც მთავარია, მახსოვდეს, რომ მე თვითონ ვარ ერთ-ერთი რგოლი იმ უზარმაზარი ჯაჭვისა, რომელსაც ჩემი ქვეყანა ჰქვია და რომ სწორედ მე ვქმნი მას.