არაჩვეულებრივი მალტა

ერთხელ მე და ჩემი და ბერლინიდან ვბუნდებოდით თბილისში და თვითმრინავში ავარიულ გასასვლელთან მოგვიწია ჯდომა. გამეხარდა, თუმცა სიხარული ხანმოკლე არმოჩნდა. შევიკარი რა ე.წ. ღვედი, მომღიმარი ბორტგამცილებელი დამადგა თავზე და სრული სერიოზულობით შეუდგეა იმ მოვალეობათა ჩამოთვლას, რომლებიც კატასტროფის შემთხვევაში, მგზავრების გადასარჩენად საკუთარ თავზე უნდა ამეღო.  გულწრფელმა პასუხმა, რომ ინგლისური ენის აზრზე არ ვარ, ბორტგამცილებელთა საყოველთაო ღელვა გამოიწვია. ინგლისური ენის არ ცოდნა, ჩემს ყოველ დღიურ ყოფას მრავალი წელია ამძიმებს და აი ახლაც, სიკვდილის წინ ამას მაყვედრიდა განგება! შეიძლება სწორედ ამიტომ მომეჩვენა სიმბოლურად,  როდესაც ჩემი დამსაქმებლის მოთხოვნითა და ხელშეწყობით მთელი ორი კვირით ინგლისური ენის შესასწავლად მივემგზავრებოდი მალტაზე და ისევ ავარიულ გასასვლელში მქონდა ადგილი. . .

როგორც აღმოჩნდა, ავარიულ გასასვლელთან ჯდომა, კარგად მქონია დაცდილი, კატასტროფა არც ამჯერად მოხდა და მალტაზე სრულიად უვნებელი ჩავედი. ახლა როდესაც მალტა უკვე წარსულია და მძაფრი მოგონებები თუ ემოციები დრომ დაამშვიდა, მე მოგიყვებით ხმელთა შუა ზღვის სრულიად არაჩვეულებრივი და ზღაპრული კუნძულის- ,,ჩემი მალტის“ შესახებ. პირველი თვალისმომჭრელი შთბეჭდილება მალტის არქიტექტურამ მოახდინა. ევროპული და არაბული სტილი ისევე ჰარმონიულად ერწყმის აქ ერთმანეთს, როგოც ყვითელნარევი კრემისფერი შენობები და ფერადი – უმეტესად მწვანე და ცისფერი დარაბები. ადგილობრივი მოსახლეობა ლაღი და ბედნიერია, აქ ყველა ქალაქს, ხოლო ქალაქის შიგნით ყველა უბანს თავისი წმინდანი ჰყავს, შესაბამისად, ყოველ დღე რომელიმეს ხსენების დღე უწევს და მალტელებიც დიდი სიხარულით მიაგებენ პატივს, ქალაქი ჭრელი ყვავილების გირლიანდებით ირთვება, ქუჩის მუსიკოსებიც ომახიანად აყვირებენ საყვირებს და ცაზე აბრჭყვიალებულ ფოიერვერკსაც არასოდროს უჩანს დასასრული.

 

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ჩემზე კომინოს მზის ჩასვლის ტურმა მოახდინა. კომინო და ლაგუნა ბლუ კლდოვანი კუნძლია ხმელთაშუა ზღვაში. ერთ მხარეს კომინოა, გამჭირვალე, არამქვეყნიური ცისფერი ფერის კამკამა წყლით, ლაგუნა ბლუ კლდოვანი მხარეა, სადაც წყალი მართლა ,,ბლუა“, ნამდვილი ლურჯი!  საოცარია, როგორ მუქდება წყალი კომინოდან ბლუ ლაგუნამდე. ორ კლდეს შუა პატარა არხია, რომელიც საბოლოოდ ბლუ ლაგუნის მოერე მხარეს გადის, კლდოვანი ნაწილს შორის ცურვისას ცა არ ჩანს, მხოლოდ ქვები, ცოტა მისტიური, ცოტა საშიში და რაც მთავარია ისეთი, რაც არასოდეს და არსად გინახავს! არ ვიცი გამომივა თუ არა იმის მოყოლა, რაც კომინსკენ მგზავრობისას განვიცადე: ორი კატერი, 40 ადამიანი და ისეთი სისწრაფე, როგორიც აქამდე არასოდეს და არსად განმიცდია, ტალღებზე ვხუტანვდით, ზღვა გვეშხეფებოდა, ვიდექით და თავს ძლივს ვიკავებდით, გარშემო წყალი და კრემისფერი ლოდები, კლდეეები, საოცრებაა მალტა! მაგრამ ყველაზე არაჩვეულებრივი მზის ჩასვლის დროს დაიწყო. ხშირად ადამიანები იმაზე ვწუწუნებთ, რომ რუტინაა ჩვენი ცხორება, ერთი და იგივეს კეთება. მზის ჩასვლაც მზის რუტინაა, რამდენიმე მილიარდი წელია მზეც ყოველ დღე ამას აკეთებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც თავად უყურებ როგორ ეშვება გავარვარებული წითელი ბურთი ზღვაში, როგორ აფერადებს გარშემო ცას და ღრუბლებს, ფიქრობ, რომ ასეთი არასოდეს არაფერი გინახავს, მე ნამდვილად არასოდეს არაფერი მინახავს კომინოში მზის ჩასვლის მსგავსი!.

  

მოგონებებისა და ემოციების სკივრი ყოველ დღე ივსებოდა, ეს სრულიად შეუქცევადი პროცესი ზუსტად ორი კვირა, 14 არაჩვეულებრივი დღე და 14 არაჩველებრივი ღამე გაგრძელდა. დავკარგე დროის შეგრძნება და ცხოვრებაში ყველაზე ნაკლები დრო დავუთმე ძილს. მალტაზე ყველა ქალაქი თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ვალეტას, მალტის დედაქალაქს მაინც არაფერი შეედრება. წვრილი ფერადი ქუჩები, წითელი დარაბები, უსაზღვრო და უკიდეგანო ხედები, ზღვის სურნელი და მოლოდინი იმისა, რომ სადღაც აქ იდუმალი კარავაჯოა. მალტაზე გამგზავრების წინ, ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია, ,,მკაცრად“ გამაფრთხილა, მალტიდან ისე არ წამოხვიდე, ვალეტაში კარავაჯო არ ნახოო. არც თქვენ წამოხვიდეთ მალტიდან კარავაჯოს უნახავად. ყველაზე ჯადოსნური მოგონებები რა თქმა უნდა ემდინაში მაბრუნებს.

  

პატარა ზღაპრულ ქალაქს, საღამო ხანს, ტურისტული აჟიოტაჟისგან დაცარიელებულს ვესტუმრე. აქ არაბულ არქიტექტურას როკო-ბაროკოს სტილი აქვს შეთვისებული, ამიტომ ის თვითმყოფადი და განსხვავებულია. წვრილ ქუჩებს ძველებური შავი ლამპიონები ანათებს, ყველა პატარა ქუჩა საბოლოოდ ჩიხით მთავრდება, ყველა სახლს თავისი ფერის აივანი და კარი აქვს. უცნაური ყვავილები ყვითელი შუქის ფონზე ბრწყინავს, სიჩუმე და შენი ნაბიჯების ხმა გაფიქრებინებს, რომ ზღაპრის გმირი ხარ, შუა საუკუნეების ზღაპროს გმირი.

 

  

თავგადასავლების მაძიებლებისთვის გოზო არაჩვეულებრივი ადგილია. მართალია, გიდი საათნახევარი ყვებოდა ამ კუნძულის ისტორიას, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთავარ ქალაქვს ვიქტორია ჰქვია. რთულია წარმოიდგინო გოზო, რთულია ჩაწვდე ხმელთაშუა ზღვის კლდეების საიდუმლოს, მაშინაც კი როდესაც ნავით მიუყვები მათ მისადგომებს და ცდილობ გიდის მიერ მოხსენიებული ფიგურები ამოიცნო. სხვათაშორის გოზო კიდევ იმით არის ცნობილი, რომ სწორედ აქ არის გადაღებული ,,გეიმ ოფ ტრონს”-ის რომელიღაცა სეზონის რომელიღაცა სერიები.

 

  

არ ვიცი, შეიძლება ვინმე მალტაზე მართლა ინგლისური ენის შესასწავლად ჩამოდის და ალბათ გარკვეული პროგრესი ჩემმა ბუნდოვანმა ინგლისურმაც განიცადა, ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყოველ დღე ახალი შთაბეჭდილებით, ახალი ადამიანებით, გემოებითა და სურნელით იყო სავსე. ყოველი ახალი დღე ახალ პეიზაჟს შლიდა ჩემ წინ და მორიგი თავგადასავლის მთავარ პერსონაჟად მაგრძნობინებდა თვას. ,,მოსკოვს ცრემლების არ ჯერა”, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. როდესაც პირველად ვანხე, ალბათ სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ ფრაზა ,,ვ სოროკ ლეტ ჟიზნ ტოლკა ნაჩინაეტსა”, საერთოდ უმნიშვნელო იყო ჩემთვის. დღეს, როდესაც მალე  39 წლის გავხდები და ის ერთი წელიც უცებ გაივლის, როდესაც ციფრი 40 ჩემს წლოვანებას აღნიშნავს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა. შეიძლება 40 წლის ასაკში ცხოვრება არ იწყება, მაგრამ 40 წლის ასაკშიც შეგიძლია სრულიად წარმოუდგენელი და არაჩვეულებრივი ემოციები გამოცადო. მსოფლიოში ბევრი ადგილია, რომელიც არ მინახავს, მათ უმეტესობას ვერ, მაგრამ გარკვეულ ნაწილს ალბათ კიდევ ვნახავ, მალტაც შეიძლებოდა რომ მენახა, ან არ მენახა, მაგრამ აქ მთავარი მალტა არ არის. ორი კვირა სკოლაში ვსწავლობდი, როგორც ბევრი წლის წინ, შესვენებაზე კაფეტერიაში ყავის დასალევად შევირბენდი, სკოლის დასრულების შემდეგ, გოგოებთან ერთად ვსადილობდი, ან ზღვაზე მივდიოდი, ჩემი ცხოვრება ორი კვირით რადიკალურად შეიცვალა, სხვა რეალობა, სხვა ვალდებულებები, სხვა ემოციები, თან მალტაზე ბევრი ისეთი რამ ვნახე და გამოვცადე, რაც არასოდეს მენახა. მთელი გზა სასტუმროდან აეროპორტამდე ვტიროდი, ვცდილობდი არავის დაენახა, მაგრამ ცრემლების შეუჩერებელ და სრულიად უმართავ ნაკადს ვერაფერი მოვუხერხე. ვტიროდი  ყველა მოგონების და ემოციის გამო, ყველა არაჩვეულებრივი დღის და ღამის გამო, მალტის განუმეორებელი ზღაპროს დასასრულის გამო.

პ.ს. უაკანა გზაზე ავარიულ გასასვლეში თავისუფალი ადგილი არ მერგო და რადგან მგზავრების გადარჩენის პასუხისმგებლობა სრულიად უცხო მგზავრმა აიღო თავზე, ბოლომდე მოგონებებისა და შეგრძნებების მორევში ჩავიძირე.

 

Tags: