აქედან გორი შორია (ნიუ-იორკის ტურისტული Guide)

  • Home
  • ბლოგები
  • აქედან გორი შორია (ნიუ-იორკის ტურისტული Guide)

New York თან ნაცნობობა სუნით იწყება. ეს კაცისა და ქალის გაცნობას ჰგავს – ან ეგრევე გიზიდავს მისი სუნი ან არა. მერე რა თუ ცუდად აცვია, ან უშნო გეჩვენება, ან ძალიან ლამაზი ჩანს და უცნაურად უინტერესო. მთავარი აქ სუნია.
NY-ში საღამოს ჩავფრინდი. ახლა აქ ასეა: ქვეყანაში პირველად შემსვლელები სხვანაირ პროცედურებს გადიან, დანარჩენები სხვანაირს.

ტაქსი სჯობს ყვითელი აიყვანო, უფრო სანდოა.

მე კერძო კომპანიის მომსახურეობას მტენის ვიღაც აფროამერიკელმა პიჯაკიანმა ქვითარმომარჯვებული კაცი და ყვითელი ტაქსის მაგივრად NY-ში Suburban-ის Luxury მანქანით შევდივარ.

კარგად რომ გაერკვეთ სად რომელი მხარეა, ამისთვის რამდენიმე დღე ან კარგი გეოგრაფიული ალღოა საჭირო. მე არც ერთი მაქვს, ამიტომ საათნახვერიან მარშრუტს მოლაქლაქე ტაქსისტთან დიალოგში ვატარებ.

მან ცხადია არ იცის სადაა საქართველო, არ იცის თამარ მეფე, კოსტა ხეთაგუროვი და არც მედეა, მედიცინის დამფუძნებელი, სტალინზე კიდევ სმენია და ვახარებ, ე მაგის ქვეყნიდან ვარ-მეთქი.

Russians?-გვეკითხება. “ნწ, Грузин!” – ვპასუხობ და სანამ ქალაქზე ვკითხავ რამეს, მიტრიალდება: “ჩვენი ახალი პრეზიდენტი როგორ მოგწონთ?”

მე ვიცი რომ ამერიკელებთან მათ პრეზიდენტზე, მათ დროშაზე, მათ ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ძალიანაც არ ღირს, ამიტომ მოზომილად რბილი ვარ. ჩვენთან ხელისუფლება რომ შეიცვალა, იქაც მილიარდელი მოვიდა სათავეში-მეთქი. კარგს არაფერს ამბობს თავის პრეზიდენტზე, ეგო, ძირითადად არანიუიორკელებმა აირჩიესო, თვითონაც ვეჯავრებით, არადა აგერ იმ უბანშია გაზრდილიო, ხელს იშვერს სადღაც მარჯვნივ, ხიდს მიღმა.
ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ჩემზე მეტსაც კი, ვერც კი ვაკვეხებ სიტყვებს და ქეთი ობამაზე ეკითხება, ის ხომ კაი გყავდათო.
“Obama? Yes he was quite good guy, but he allowed Gay marriage” (ობამა კი კაი ტიპი იყო, მარა გეების ქორწინება დააკანონა) – ამბობს ტაქსისტი.

და სანამ ამერიკულ ადამიანის უფლებებსა და სხვა კონსტიტუციურ  რამეებზე ხმას ამოვიღებ, ამატებს “ერთ დღეს არიან გასაწყვეტები ეგენი. აქამდე თავისთვის მაინც აკეთებდნენ მაგ სიბინძურეს, ახლა ოფიციალურად შეუძლიათ ქორწინება, Man, წარმოგიდგენია? ასე რომ Obama-ს ეს მაგრად შეეშალა, ხომ გესმის?”

რაღაც ხიდებს გადავდივართ. მძღოლს ვეკითხები ესაა ბრუკლინის ხიდი? ეს, თუ ეს?
ცხადია არც ერთი.
მთავარ გზაზე ხელმარცხნივ ებრაელების უზარმაზარი სასაფლაოა. მძღოლი ამბობს, რომ ტრამპის სიძე (ცოლის შვილის ქმარი) ებრაელია და ამიტომ გახდა პრეზიდენტიო. შეთქმულების თეორიები აქაც მაგრად მუშაობს, სინამდვილეში კი ყველამ იცის ტრამპი რატომაც გახდა პრეზიდენტი – მისი კონკურენტი ტყუილებში შემჩნეული ჰილარი იყო.

მანჰეტენზე ბინის იაფად შოვნა ადვილი ამბავი არაა, ჩვენ ვახერხებთ, მაგრამ ტაქსის მძღოლი ხომ ავლაბარშიც და 15 ქუჩაზეც ერთნაირია – ორმაგ თანხას გვართმევს.

გვიან ქუჩაში გავდივარ. ყველგან ის სუნია, უცნაურად მიმზიდველი სუნი, რომელიც კანალიზაციის არხებიდან, შენობებიდან ერთნაირად გამოდის. ეს სუნი იდგა ტაქსში და ოთახში, რომელშიც გავჩერდით.
ირგვლივ ბევრი შავი ნაგვის პარკია. ტურისტული ზონისთვის უცნაურად ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნიუ იორკის დამახასიათებელი ამბავია.
ღამის 2 საათია და ქუჩები სავსეა ხალხით, კაფეები მუშაობს და გადავსებულია, ყველა ჭამს, ჭამს, ჭამს.

 

 

(მეტრო)

 

იშვიათად მეგულება ადამიანი ნიუ იორკის მეტროს პირველ ნახვაზე ცხვირი არ აიბზუოს, სიბინძურით დამფრთხალმა და შეშინებულმა მიწისზევით ასვლა არ მოინდომოს და ციფრების კორიანტელით დაბნეულმა არ გადაწყვიტოს – ისევ ტაქსით ვივლიო.

და მაინც, ჩემი აზრით NY-ს მთავარი, უალტერნატივო და გასაოცარი Must See არის მეტრო.

Subway, როგორც მას ამერიკელები უწოდებენ თავად New York-ს ჰგავს. ერთი შეხედვით ძალიან ბინძური და ამავე დროს უცნაურად სუფთა, გაუგებარი დაგეგმარების და საოცრად ლოგიკური, პატარა, პატარა ჩასასვლელებით და უზარმაზარი. ესაა ქალაქი ქალაქის ქვეშ და მის სანახავად 1 მთლიანი დღის დახარჯვა არ უნდა დაგენანოთ.

მეტროში მეორე დღესვე ჩავდივარ. 1 კვირიანი Pass (ბილეთი) აქ 32 დოლარი ღირს. თავიდან მეძვირება, მერე ვხვდები, რომ ყველაზე კომფორტული და იაფი რაც ამ ქალაქში მინახავს და მიყიდია, ეს ბილეთია.
New York-ულ მეტროში ათასი ჯურის ხალხი დადის, გააჩნია ქალაქის რომელი მიმართულებით მიდიხარ, ამის მიხედვით მეტად შეგხვდება აფროამერიკელი, ჩინელი, მექსიკელი ან რუსი.

ბაქნებთან დიდი ყვითელი ზოლია, რომელიც გაფრთხილებს, რომ ამის იქით საშიშია და რომ გასულ წელს 179 ადამიანი (“Got in contact with”) გახდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი და რომ 50 მათგანი გარდაიცვალა.

მეტროში ძალიან ცოტა ნარკომანია. ისინი ძირითადად დიდ სადგურებში მხვდებიან ან ღამე, რადგან ნამდვილად, ნამდვილად ამ ქალაქში არის დღის ცხოვრება და ღამის ცხოვრება.

ვაგონები პროპაგანდისტული მოწოდებებითაა აჭრელებული “See something, say something” (ხედავ რამე საჭვოს? გვითხარი!”). იქვეა ვინმე Melissa-ს, Juanito-ს, John-ისა და სხვების ფოტო და ტექსტები, როგორ ეგონათ, რომ ტყუილად აწუხებდნენ უსაფრთხოების სამსახურს და როგორ დაეხმარნენ სახელმწიფოს სავარაუდო ტერაქტის აღკვეთაში. მოკლედ, პოლიცია რომ აქ მესამეხარისხოვანი სამსახური არაა, მეტროშიც მიხვდებით.

ნიუ იორკის Subway ძალიან მაგარია ფაზლების მოყვარული ადამიანებისთვის. ნურასოდეს იფიქრებ, რომ თბილისივით ჩაჯდები მეტრო ღრმაღელესთან და ვარკეთილამდე მისვლას წინ არაფერი უდგას. აქაური ფერები, ციფრები, Local  და Express ხაზები თქვენ მუდმივ ყურადღებას ითხოვს, რომ Madison-ის მაგივრად მე-8 ქუჩაზე არ ამოყოთ თავი, ან მთლად უარესი, ჰუძონის ქვეშ გავარდნილმა Express-მა ბრუკლინში არ ამოგაყოფინოთ თავი.

აქაურ მეტროში საჭმელი არ იყიდება. გაზეთებიც მხოლოდ უფასო დევს და მოზრდილ სადგურებზე ნიჭიერ ან ნაკლებად ნიჭიერ მუსიკოსებს ნახავ, რომელთან ერთად ხალხიც ცეკვავს და მღერის.

სტერეოტიპი, რომ გაჭირვებაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აღარ ვიღიმით, აქაურ მეტროში დაინგრევა. ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკულ მეტროში ძირითადად დაბალი და საშუალო სოციალური ფენა მგზავრობს (ჩაცმულობაზეც მიხვდები. ზოგს კი ისე ცუდად აცვია, ვერ დაიჯერებ, რომ მეორადი ტანსაცმელი ამერიკიდან საქართველოში ჩამოდის). ხალხი ერთმანეთს უღიმის და საკმარისია კითხვა დაუსვა გამვლელს, ის აუცილებლად გაჩერდება და გულდასმით მოგისმენს, დაგაკვალიანებს.

კონდიცირება NY-ს Subway-ს ფანტასტიკური აქვს, ან ხალხი დადის მოწესრიგებული – მე იქ ცუდი სუნი არ მიგრძვნია.

თბილისივით, New York-ის მეტროშიც ძალიან ცოტა ადამიანი კითხულობს, მაგრამ ყველა მუსიკას უსმენს ან სარგებლობს უფასო Wi-Fi-ით, რომელიც ძალიან მოსახერხებელია (თუმცა საკმარისია სიხშირეს დააჯდე, რომ მოგდის გაფრთხილება – ამერიკის უსაფრთხოების სამსახურს აძლევ ნებართვას მიიღოს წვდომა შენი სოციალური ქსელის და ინტერნეტის სხვა პარამეტრებიდან). ცრურწმენა, თითქოს დასაჯდომ ადგილზე დიდი ტაციობაა და ამერიკელი სულს უფრო დათმობს, ვიდრე ტრანსპორტში ადგილს, პროპაგანდის ნაწილია. აქ თავაზიანობა ისეთივე გემრიელი ხილია, როგორც ქართულ სუფრაზე ალავერდი.

23- ქუჩასთან ვსხდებით და ქეთი სკამზე ჯდება, მე ფეხზე ვდგავარ. ადგილები არის, მაგრამ ალაგ-ალაგ. უზარმაზარი, ასე 130 კილოიანი აფროამერიკელი ფეხზე დგება და მანიშნებს დაჯექიო. მე ვუარობ. “Guys, you are together” (ერთად ხართ და ერთად დასხედით), გვიცინის და ფეხზე დგება. და სწორედ იმ წამს ვხვდები რა აქვს ამ ქალაქს მიმზიდველი – ადამიანები, აქ ყველა შენი შინაურია.

 

(მე რომ ბრონქსში გავისეირნე)

bronx

ბრონქსის ზოოპარკი რომ ბრონქსში არ იყოს, რეკომენდაციას არ გავუწევდი, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ძალიან კარგადაა შერჩეული (დამთვალიერებელს შეგრძნება უჩნდება, რომ უშუალო კონტაქტში შედის გარეულ ცხოველებთან, რადგან არსად გვხვდება გალია და უზარმაზარი ღობეები, ზამთრის ვოლიერებში კი უზარმაზარი შუშის მიღმა განთავსებულ ცხოველებს ერთი ხელის გაწვდენაზე ხედავ) და Bronx Zoo-ც New York-ის Must See კატეგორიის მთავარ ათეულშია შესული.

ბრონქსამდე მეტროთი მივდივართ. როცა ვამბობ რომ ზოოპარკის ნახვა მინდა და უფრო მეტად ბრონქსისა და ჰარლემის ნახვა, ჩემი ამერიკელი მასპინძელიც კი ხელებს ასავსავებს. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული საშიშროება აქ არაა, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, 90-იანი წლების ზედა ლოტკინის დასახლება. მე იქაც მივლია და ბრონქსის დათვალიერება ძალიან მაინტერესებს.

ქუჩები ბინძურია. მანჰეტენის მერე აქაურობა უფრო ჭუჭყიანიც მეჩვენება. განწყობაც სხვანაირია, სუნიც სხვანაირი. მეტროს ამოსასვლელი მეშლება ორი სადგურით ადრე ამოვდივარ. ამერიკულ ბლოკბასტერებში რომ მრუმე ქუჩებია, ნარკოდილერებითა და მეძავებით სავსე, ქუჩაში რომ ურნებიდან კვამლი ამოდის და ეს-ესაა დანაშაული უნდა მოხდეს, აი ეგეთი ადგილია. ძირითადად აფროამერიკელებს ვხედავ მეტროშიც ნახევრად ცარიელ ქუჩაშიც.

თუ მანჰეტენზე ზომიერი თავისუფლებაა, აქ მეტი სილაღე იგრძნობა. აგერ ბაქანზე ვიღაც ბიჭი ხმამაღლა მღერის, მოხუცი ქალი კი თავისთვის ჩხუბობს. 2 პოლიციელს 3 ახალგაზრდა ყავთ გაჩერებული და საბუთებს უმოწმებენ, სიარულითაც სხვანაირად დადიან აქ, ბრონქსში.

დილის 9 საათი ამერიკისთვის გახურებული სამუშაო დროა, მაგრამ ეს აქაურობას არ ეტყობა. თბილისი მახსენდება. ქალაქი რომ ახლა იწყებს გაღვიძებას და ქუჩაც ნელ-ნელა ბზუის.

შუახნის ქალი გვირჩევს ზოოპარკისკენ ისევ მეტროთი წავიდეთ, რადგან 2 კვარტლის იქით ვართ წასასვლელი და სასიარულო მერეც ბევრია.

ზამთარი ის დრო ნამდვილად არაა, ზოოპარკის დათვალიერება რომ ღირდეს. ბუნებაც რაღაცნაირად მობუზულია. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულ ვოლიერებში ცხოველების პოვნაც ჭირს. 4 D კინოთეატრი ბავშვებისთვის, შიდა რესტორნები და სხვა არ მუშაობს, ბილეთი კი მაინც 25 დოლარი ღირს.

სტანდარტულად აქაურობის დათვალიერებას 4 საათი სჭირდება, მაგრამ მინუს 1 ტემპერატურაზე ბევრი ხეტიალი გვიჭირს. Shuttle ებიც არ ქირავდება და გინდა არ გინდა ფეხითაა სასიარულო. სიცივეს თავს შიდა ვოლიერებს და რამდენიმე სუვენირების მაღაზიას ვაფარებთ. ყველაზე შთამბეჭდავი ჟირაფების ახლოდან ნახვაა. ლომების ვოლიერი კი ისეა დაგეგმარებული, ჩვენთან ერთად მოსეირნე დედა შვილს ხელში იყვანს და გულზე იხუტებს – თითქოს ეს-ესაა 20 სანტიმეტრი სიმაღლის ხის ღობიდან ხვადი შემოგვახტება.

 

ნაშუადღევს ისევ ქუჩაში გავდივართ. ვერც კაფეებს ვპოულობთ და ვერც გარე კვების ობიექტებს. 1 საათი მოცდა მოგვიწევს სანამ ქალაქის ცენტრში საჭმელად გავალთ.

ქუჩა ისევ ნახევრად ცარიელია. რაღაცნაირი განწყობა ტრიალებს, აქ ყველაფერზე წამსვლელები არიან, დოჩანაშვილის კამორა და შუა ქალაქი მახსენდება, არადა ვისაც გინდა ჰკითხე, პასუხი თავაზიანია „Yes Sir, No Mem”. სახელის ამბავია, თორემ თბილისელ კაცს რა გაგაკვირვებს?

და მაინც, მგონია, რომ ღამით აქ დიდი ამბები ტრიალებს, დიდი თავგადასავლები.

 

(შეუხედავი ქალი თავისუფლების კუნძულიდან)

 

 

უსარგებლო ნივთების უდროო დროს ყიდვის დიდოსტატი ვარ, ერთხელ სტრასბურგში, გამოფრენამდე ქანჩი ვიყიდე და ძალიან ვცდილობდი აეროპორტში ხელბარგით გამოტანას.

თავისუფლების ქანდაკებამდე მისასვლელად მეტრო საუკეთესო საშუალებაა, South Ferry-ზე ამოდიხარ და 200 მეტრში  სალაროებია. მეტროს ამოსასვლელთან აფროამერიკელები დაგხვდებიან და ბილეთებს გთავაზობენ „უფრო იაფად“, სჯობს გვერდი ჩაუარო და 2 წუთიან რიგში ჩადგე, ნაკლების გადახდა მოგიწევს 18 $ ღირს კაცი.

თავისუფლების ქანდაკებას სანამ ვნახავთ, აფთიაქში შევდივარ, რაღაც წამალს ვკითხულობ და გამყიდველი, რატომღაც რუსულად მელაპარაკება. არ ვიცი რა გარეგნობა მაქვს ასეთი, რომ გერმანიაში თურქი ვგონებივარ, ნიუ-იორკის აეროპორტში ინგლისელი (ბრიტანული აქცენტი გაქვსო), თბილისში ხორვატი და ერთმა სერბმა ნაცნობმა მითხრა ტიპური ყირგიზი ხარ, ჩემ წარმოსახვაშიო. პასუხს ჯერ რუსულად, მერე კი ინგლისურად ვცემ ქალს, რომელიც აშკარად პოსტსაბჭოთა ქვეყნიდანაა და ყვრიმალებზე ეტყობა, ნოვოსიბირსკელი ემიგრანტია. წამამლს ვერ ვყიდულობ, მაგრამ ვყიდულობ ზურგის დამჭერს, რომელიც შაჰიდის ქამარს უფრო გავს, ვიდრე სამკურნალო საშუალებას.

არ ვიმჩნევ, რომ შენაძენს ვნანობ და თავს ვიმხნევებ, ნამდვილად გამომადგება-მეთქი.

Ellis Island-ს მიმართულებით ბარჟა ნახევარ საათში ერთხელ გადის. გემბანზე 300 კაცი მაინც ეტევა და იმხელა რიგია, რომ 25 წუთი ლოდინი მაინც გიწევს. ახალი რეგულაციებია და აეროპორტის მსგავსი შემოწმებაა, თავის ფეხზე გახდებით და მეტალოდეტექტორებით.

არ ვიცი, იყვირებს თუ არა ჩემი ხერხემლის დამჭერი ქამარი, რადგან რკინეულობა იმაშიც ბლომად ურევია. გარეთ გასვლა აღარ გამოვა, პასპორტის შემოწმება გავიარე და იძულებული ვარ მოვიხსნა, საამისოდ კი ჯემპრეს გახდა მომიწევს, მაგრამ სჯობს დეტექტორამდე მოვიხსნა, ვიდრე აყვირებულზე.

იქვე მდგომ პოლიციელ ქალს ვანიშნებ ტანზე უნდა გავიხადო-მეთქი. გაკვირვებული კი მიყურებს, მაგრამ არ ვაცდი და ჯემპრს ვიხდი. კინოსთვის გამოდგება ისეთი კადრია, რიგშ ჩოჩქოლია და ჩემ უკან მდგომი ასაკოვანი კაცს, ბანანს რომ ჭამდა, ანტიტერორისტული ჯგუფის ლიდერის რეაქცია აქვს. ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვცდილობ „ვითომცაქარაფერია“ სახით ქეთის ველაპარაკო. სამი ოფიცერი თვალს არ მაშორებს და ნამდვილი რიგის თეთრი ყვავი ვარ.

ბორანი თხუთმეტ წუთში მიდის ქანდაკებამდე. არც ისეთი დიდია, როგორც ჩვენ წარმოსახვაშია, ან ნიუ იორკის მაღალმა შენობებმა „დაადაბლეს“. კუნძული სავსეა ტურისტებით და თოლიებით. ყველგან ფოტოს იღებენ. აქედან ნიუ იორკის ხედი განსაკუთრებულად ლამაზია.

ვფიქრობ, რა უცნაურია, რომ 11 სექტემბერს რომელიმე თვითმფრინავი სწორედ ამ ქანდაკებას არ შეასკდა, ეს ხომ გაცილებით დიდი დაცინვა იქნებოდა ამერიკის ხალხის – ამერიკის სიმბოლოს გაცამტვერება! მე რომ ტერორისტი ვიყო, სამიზნედ სწორედ ამ ფირფიტებისა და ხისგან აშენებულ ქალბატონს შევერკინებოდი.

სახუმარო ვიდეოს ვწერ თავისუფლების ქანდაკებასთან და ბორანში ვბრუნდებით.

გზაში ვფიქრობ, რომ ამერიკას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც არ აქვს არც ერთ ქვეყანას, აქამდე რომ მინახავს – მიდიხარ, ნახულობ მათ სიმბოლოს, ერთი შეხევდით არაფერია, გამობრუნდები და ამის მერე იწყებს შენზე მოქმედებას. ეს შეგრძნება, რომ რასაც ათვალიერებ ახალია, ლამის „შენი ასაკის“, თითქმის იმდროინდელი აი, კინომ სიცოცხლე რომ დაიწყო და მაინც ძალიან ძველია, როგორც იდეა ან როგორც სურვილი ან როგორც ემოცია, რომელიც ყოველთვის არსებობდა, შენამდეც და შენს მერეც იარსებებს.

როდესაც გემბანიდან ნაპირზე გადადიხარ, ყოველ მეტრში სპეციალური სამსახურის ფორმიანი ადამიანები დგანან, იღიმიან და ჩახვეულებივით იმეორებენ “Watch your step, Sir”, “Step out Mem”, “Be careful while moving!” (ძირს იყურეთ, ბატონო. ფეხი გადმოაბიჯეთ, ქალბატონო. ფრთხილად მოძრაობისას). ეს მათი საქმეა, ცხადია და ამაში ფულს უხდიან, მაგრამ მაოცებს სიხალისე, როგორც გვიმეორებენ, ღიმილით და ენთუზიზმით, არ ბეზრდებათ რასაც აკეთებენ.

მეტროს ჩასასვლელთან აფროამერიკელი შუახანს გადაცილებული კაცი დგას. სუვენირებს, ქუდებს და სხვა რამეებს ყიდის. ამერიკის დროშა შარფს და ქუდს ვყიდულობ, იშვიათად დახვეწილი მანერები აქვს და ძალიან მოკრძალებული ემსახურება ყველას, უცნაური სიდინჯით. ერთი ასეთი მამაკაცი ვნახეთ Central Station-შიც მე, მარიკამ და ქეთიმ. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს იმ თაობის ადამიანი შეიძლება იყოს, მოსამსახურედ რომ აქვს ნამუშევარი რომელიმე მდიდარი თეთრკანიანის სახლში, შეიძლება ავტობუსში „ზანგების ადგილასაც“ მჯდარა, მაგრამ რაღაცნაირი ღირსება იგრძნობა მისი საუბრის მანერიდან.

მეხუთე ავენიუმდე მისვლამდე 15 სადგური მაინც უნდა გავიარო. გზაში უკვე მეფიქრება თავისუფლების ქანდაკებაზე და იდეაზე, რომელიც ამ შეუხედავ ქალშია.
ამერიკა, თავისი ხშირად ძალიან არადემოკრატიული სახით, მსოფლიო პოლიციელის როლით (რომელიც მას მოარგეს), საკუთარი ხალხის მუჭში ჭერით და პროპაგანდისტული მეთოდებით, ტრამპითა თუ ჯორჯ ბუში უმცროსით, პოლიციური მმართველობის სტილით და კაპიტალიზმის სულით, ნამდვილად არის თავისუფლების სიმბოლო.

ჩემი მისვლაც თავისუფლების ქანდაკებასთან ერთგვარი ხელიმოწერის აქტია – რომ ადამიანის თავისუფლება, უმაღლესი ღირებულებაა დედამიწაზე.

(იტალიელები)

little-italy
მარგალ რექ? – ვეკითხები. ის, ცხადია არც იოცებს და იტალიურად მპასუხობს: “Abbiamo uno chef da Milano”. ქეთის ვეუბნები, შეხედე, ნამდვილი კოლხია, მგონი მხოლოდ ბასკები კი არა, იტალიელებიც კოლხური ფესვების არიან და ზოგადად, ტრაკზე გვაკოცონ ევროკავშირში, აქეთ მივიღებთ უკან, ნამდვილ ევროპაში!ქეთის ყოველთვის რცხვენია, როცა მე უხამსად ვლაპარაკობ ხალხში, უხერხულად უღიმის იტალიელს და მხარს მკრავს. უკიდურესად პატარა რესტორანია მანჰეტენზე, „Little Italy“-ში, დაახლოებით „ხრუშოვკის“ მისაღების ოდენა. დგას 13 მაგიდა და სავსეა ისე, რომ მეზობლის სუნთქვა ყურთან გესმის. გარდა იმისა, რომ ადგილი არ აქვთ, ჩვენამდე კიდევ 1 წყვილი ბავშვით ელოდება რიგს. დიახ, რესტორანში რიგია.მენეჯერი იტალიელია, მზარეულიც იტალიელი, მილანელები არიან და ახერხებენ ფანტასტიკური კონკურენციის პირობებში, რიგი დააყენონ რესტორანთან.მე ინტერესის გამო ვრჩები, თორემ გვერდით სამი იტალიური რესტორანია თავისუფალი ადგილებით, არა, მე ამ კოლხთან მინდა გავჩერდე.მენეჯერი, სილვიო ნერვიულია. ერთი წამით არ ჩერდება, შემოდის რესტორანშ, გადის, მიმტანებს ემოციურად შენიშვნას აძლევს, ისინიც ასევე უბრუნებენ, ჩინელ ბავშვს მიეფერება, მაგრამ თან თვალებით ხვრიტავს, რადგან ბავშვი ტირის, სილვიო კი ნერვიულია.მე რესტორნის 2 კვადრატულ მოსაცდელში ვზივარ, საკუთარ რიგს ველოდები და სულ არ მინდა რავიოლისა თუ ლაზანიის, მინესტრონესა თუ ფეტუჩინის დაგემოვნება, მე სივლიო მაინტერესებს.რესტორანი ჩვენ „ლეილას“ გავს, პატარაა, კოხტა, ძველი სკამებით. მართალია ლეილაში ლამაზი და მხიარული გოგოები გემსახურებიან, La Bella Vita”-ში კი უჟმურსახიანი მიმტანები, მაინც საოცარი გარემოა და თბილისი მახსენდება.მოსაცდელი მისაღების კედელზე ფოტო კიდია კინოფილმ „ნათლიმამადან“, ჩემ შემდეგ მოსულ, ასევე რიგის მომლოდინე პერუელებს სილვიო უხსნის, რომ ცხონებულ Vito-ს აი, იქ უყვარდა ჯ დომაო, ხელს იშვერს ჩემი მაგიდისკენ. თავი როლში მგონია და აპერეტივად მოტანილ ზეთში ჩაწობილ უგემრიელეს პურს ხელს ვუშვებ და მკაცრად ვახველებ.სილვიომ წყვილი „დაკერა“, ისინი აღარ აინტერესებს, ახალ ობიექტს ეძებს და გარეთ გადის.ტელევიზორში მილანი რომას მატჩი გადის და ჩემ მეტი არავინ უყურებს.იტალიელები ნიუ იორკის „ბუნებრივი გადარჩევის“ სისტემაში, მეორე რგოლს დაიკავებდნენ. პირველი, ცხადია ებრაელებისაა, ამიტომაც ნიუ იორკელები საკუთარ ქალაქს Jew York-ს უწოდებენ. ყველა მთავარი ფინანსური რგოლი ამ ერისაა, ყველა მთავარი სავაჭრო ობიექტის შენობა მათ ეკუთვნით, საბროკერო და სამაკლერო განცხადებებში კი მხოლოდ გვარებს „Brackman”, “Goldman”, “Kurtzer” ამოიკითხავთ. ეს ის რგოლია, რომლებიც სიბერით კვდებიან და მტაცებლები ვერას აკლებენ, მეორე რგოლი, ჩემი გადმოსახედიდან, იტალიელებისაა. ისინი ლომების პრაიდს გვანან, იციან რომ მათ ზევით სპილოები და მარტორქები არიან, მაგრამ ქვევით გაჭაჭანების უფლებას არავის აძლევენ. მარიკა მამალაძე მეუბნება, მაგალითად ნაგვის ბიზნესი იტალიელებისაა, სახანძროში მათ გარეშე ვერ იმუშავებ და ადვოკატებიც, თუ ებრაელმა პოზიცია დათმო, იტალიელისააო. მარიკა წიგნს წერს ნიუ იორკზე და ვიცი, ესენი კარგად აქვს „მოთელილი“, ამიტომ მჯერა.სილვიო ნერვიულად მიდი-მოდის. არ ჩერდება. ჩინელ ბავშვს ისევ უბღვერს და მუშტს უღერებს დედის ზურგს უკან, მშობლის დასანახად კი თმებს უჩეჩავს და „ქალბატონისთვის“ ესპრესოს ითხოვს „რესტორნის ხარჯზე“. ლაზანია გემრიელია. ცოტა უკეთესი ვჭამე მანამდე, სხვა იტალიურ რესტორანში, მაგრამ მე ხომ აქ ლაზანიისთვის არც შემოვსულვარ? რავიოლი მემსუყება და უკვე ვნერვიულობ, ტირამისუ და ნიუ იორკული ჩიზქეიქი უპატრონოდ რომ უნდა დამრჩეს. ყავაც დასალევი მაქვს, ამ Starbucks ის ქალაქში, იტალიური და კოლუმბიური ყავის დალევა FIJI-ს მერე ბორჯომის გემოთი ტკბობის ტოლფასია, მირჩევნია რავიოლი დავტოვო და ყავაზე უარს არ ვიტყვი.ნიუ იორკში, რესტორანში „ჩაის ფულად“ ოფიციანტს მთლიანი თანხის 15 % უნდა დაუტოვო, ეს ისეთივე კანონია, როგორც რომ საქართველოში, რესტორანში 1 ხინკალი თუ არ დარჩა სუფრასთან, ის სუფრა დაწყევლილად ითვლება. რადგან იტალიელებთან ვართ, მგონია, რომ ცოტა მეტი უნდა დავუტოვოთ, თორემ ზურგს უკან მომაგინებენ, ვიცი. მეცინება იმის დანახვაზე, როგორ ნერვიულობს სილვიო ორ შვედ გოგონაზე, ესპრესოს რომ სვამენ ბოლო 15 წუთია.ემოციური იტალიელი შმორბის, გარბის. მუჭს მუჭში ურტყამს და ისევ ააცილაო ამბობს მატჩზე, რომელსაც არ უყურებს და თან თვალებით შვედებს ჭამს.სანამ გემრიელად ვსადილობთ, შუა რესტორანში მზარეულის დამხმარე იტალიელ ბიჭებს ნახარში წყალი გააქვთ დალუქული კონტეინერებით. სულ კაცები არიან. რესტორნის ყველა მომსახურე კაცია. წარმოვიდგენ, რომ ამათი ცოლები სადმე ახლოს უბანში სხედან, ბავშვებს ზრდიან და მთელი დღე ჭორაობენ, განიცდიან ქმრების ამბავს, ეჭვიანობენ „მახინჯ“ ამერიკელ ქალებზე, სევდიანად ახსენებენ „საწყალ“ ფილიპოს, ბერნარდოს, ბარტოლოს, სულ არაფრის გამო ციხეში რომ ამოყვეს თავი, ცრემლიანად იგონებენ გვიდოს, რინიერისა და დონინოს რომელიმე „საზიზღარმა“ ღორმა (ნიუ იორკელები პოლიციელებს ღორებს ეძახიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ძაღლი კარგი ცხოველია საიმისოდ, რომ პოლიციელს უწოდო) ან კრიმინალმა (იტალიელი თავს კრიმინალს მაშინაც არ უწოდებს, 3 ახალშობილი გაგუდული და ფულის გამო მოკლული ჰყავდეს ათობით ადამიანი) შეიწირა.იტალიელები თავისებური ხალხია, მაგრამ ისინი განსაკუთრებულად თავისებურები ნიუ იორკში არიან.ღონიერი ამოსუნთქვის მერე, ტირამისუსაც და ნიუ იორკულ ჩიზქეიქსაც ბოლოს ვუღებ. ჭამისგან გადაღლილი სახის გამო ახლა მეც არასასურველი სტუმარი ვარ და ველოდები, როდის დამაკვირდება მუდმივ ფორიაქში მყოფი სილვიო ძალიან არამეგობრული თვალებით. არა, ის ისევ ქუჩასა და რესტორანს შორის დარბის, 1 ადგილიც კი არ უნდა დარჩეს თავისუფალი, ეს ხომ ამერიკაა, მგლების ქვეყანა, სადაც ტურისტი თავადვე უნდა შეახრამუნო.რომა მილანის თამაშზე ისევ 0-0 ია. სილვიო ფოლგის ქაღალდში გახვეული Trattoria-თი დარბის წინ და უკან. ერთი ლუკმაც არ უჭამია, მაგრამ იცის, რომ უნდა ჭამოს.ანგარიშის ფურცელი ძალიან შეწუხებული სახის მიმტანს მოაქვს. კარგად ჩანს მის გამომეტყველებაში, რომ მომსახურე პერსონალად მუშაობის დროსაც კი იტალიელი ლაქიობას არასოდეს დათანხმდება.  „little Italy” განსხვავებული და აუცილებლად სანახავი ადგილია მრავალფეროვანი New York-ისთვის. არ ვიცი, სად სადილობდა სინამდვილეში დონ ვიტო, მაგრამ იტალიური სული ამ პატარა ტერიტორიაზე ნამდვილად ტრიალებს.რომა მილანის 13 დეკემბრის მატჩი კი 1-0 დამთავრდა.

 

(ნიუ იორკის დიდი ვაგზალი)

 

რომ მკითხონ ნიუ იორკში რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილებაო, არც დავფიქრდები, ისე ვუპასუხებ: Grand Central-მა.

ვიღაცისთვის ეს იგივეა, რომაელმა ტურისტმა თქვას ვაგზლის მოედანმა გამაოცა გადამრიაო, შვეიცარიელმა მოგზაურმა სახე თბილისის კანალიზაციის სისტემის მოწყობით დაიხოკოს.

და მაინც, ამერიკა მე აქ, ამ ადგილას ვიპოვე. ნამდვილი ამერიკა, აი, ისეთი, კინოებიდან რომ გვახსოვს და გვიყვარდება.

გრანდ ცენტრალში მეტროს ხაზით შევდივართ, ეს ერთგვარი ჰაბია, რომელიც თითქოს ყველგანწამსვლელებს ანაწილებს. რაღაცნაირი მისტიკურად ძველი შენობაა, რამდენად ძველიც ამერიკის შენობა შეიძლება იყოს. ქვედა სართულზე კაფეები და ტუალეტებია, ზედა სართულზე ბილეთები და ხალხი, სულ ზევითაც კაფეებია.

ნახევარსარდაფში ერთი ადგილია, დადგები კუთხეში და იმ ხმაურში რამეს ჩაიჩურჩულებ, საპირისპირო მხარეს კი, დიაგონალურად შენი ჩურჩული ესმით. ქეთი ამბობს, აქ სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები და საიდუმლო აგენტები გადაცემდნენ ინფორმაციასო. არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნებაა – წინა საუკუნის დასაწყისის სუპერტექნოლოგია, მობილური ტელეფონების დიდი წინაპარი.

იმავე სართულზე (თუმცა Grand Central-ის არქიტექტურა ისეთია, რთულია დაადგინო სადაა პირველი და სად მეორე სართული) ისეთ ბურგერებს ვჭამთ, შეიძლება მოქალაქეობაში გაცვალო, Shake Shack ქვია და ქეთის არ მოსწონს (მოგვიანებით მეუბნება, Grand central-ი იმიტომ მოგეწონა, ბურგერებზე რომ გადაირიეო).

ტუალეტი სანიმუშოდ სუფთაა. ძალიან ცოტა ქვეყანა დაიკვეხნის ცენტრალური სადგურის ტუალეტის ასეთი სისუფთავით. გრძელი რიგიც მალე გადის, როგორც ამერიკაში ზოგადად რიგი – აქ  არავის აქვს იმდენი დრო რომ რიგში 10 წუთზე მეტი დაკარგოს.

ზედა სართულზე ძველებური სალაროებია, აი ისეთი, საუკუნის წინაც რომ იყო, ხელიც კი არ აქვს შევლებული, მაგრამ მოვლილია. ზოგადად, ეს პრინციპი, ძველის შენარჩუნების პრინციპი ამერიკის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხია. მგონი მეტროსაც ამიტომ არ არემონტებენ, რომ გამოჩნდეს – მათაც აქვთ ძველი რამეები.

უზარმაზარი ჭერი ფირუზისფერია და ზედ ცის კაბადონი, უფრო ზუსტად კი, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა ასტროლოგიური სიმბოლიკაა გამოსახული.ძალიან აუცილებელია ამ ფუსფუსში თვალი დახუჭო და Grand Central-ი ისე შეიგრძნო და წარმოიდგინო. ეს, პირველი ნახვის და შეცნობის ემოცია და შთაბეჭდილება აღარასოდეს განმეორდება და ერთი საათით აქ დაყოვნება კი არაფერს გართმევს.

უსაფრთხოების ზომები აქაც მკაცრადაა დაცული და მაინც, მიჩნდება უცნაური შეგრძნება, რომ გამოჩნდება ვინმე ბოროტი კოვბოი, რომელიც სროლას ატეხს. ისეთი ადგილია, სროლა, მეძავები და ცხენები მოუხდებოდა აქაურობას.

19 ჰექტარი მიწისქვეშეთი უკავია გრანდ ცენტრალს და ის მართლა უზარმაზარია. ზოგადად, ამერიკელებს დიდი რამეები მოწონთ. დიდი მანქანა, ოთახები, ქუჩები, შენობები. ამ საკითხზე თვითონ კარგად ხუმრობენ, პატარა პენისის კომპლექსის გამოო, მაგრამ სინამდვილეში, ეს ბუნებრივად გამოდის – უზარმაზარი ქვეყანაა და რაც მთავარია, სივრცის აღქმას აქ სხვა დატვირთვაც აქვს – ეს ხომ თავისუფლების შეგრძნებას ამძაფრებს.

Washington DC მდე მატარებლის ბილეთის შეძენა გვინდა. როგორც ჩანს, ამ სადგურზე არ იყიდება (ესეც ერთი დიდი უცნაურობა ამ ქვეყნისა და ქალაქის – Pen Station-ზე გვიწევს წასვლა, რადგან მატარებლი იქედან გადის).

სანამ პენსილვანიის სადგურისკენ წავალთ, კიდევ ერთხელ მინდა საოცარ ფირუზისფერ ჭერს ავხედო, რომ გავარჩიო რა ჩანაფიქრი ჰქონდათ არქიტექტორ Whitney Warren-ს და მის მეგობარ ფრანგ მხატვარს Paul Helleu. მეტი არაა ჩემი მტერი მე ეს გავარჩიო – სიგარეტის წლების განმავლობაში ნაგროვებმა კვამლმა ჭერი ისე გაჭვარტლა, რეკონსტრუქციას ბოლომდე არ ექვემდებარება და სიხასხასე დაკარგული აქვს (სხვათაშორის, მშვენიერი ანტითამბაქოსმოხმარების რეკლამა გამოვიდოდა – „გრანდ ცენტრალის ჭერს რა უქნა ნიკოტინის კვამლმა და თქვენ ფილტვებს რას უზამს, თქვე უბედურებო!“). მხოლოდ კიბორჩხალას ზოდიაქოს ნიშანს ვარჩევ გარკვევით (ცნობილი ასტროლოგები აქ, ცხადია, ღრმა სიმბოლიზმს დაინახავდნენ, რადგან ითვლება, რომ ამერიკა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული).

გრანდ ცენტრალიდან ისეთი შეგრძნებით გავდივარ, თითქოს Westworld-ის გადასაღები მოედანი ეს-ესაა დავტოვე და სადღაც უკან ენტონი ჰოპკინსი მი-მოიარება.

გრანდ ცენტრალი რეალური ამერიკული ტაძარია, თავისი ფუსფუსით, ქაოსით, სიმშვიდით, მრავალფეროვნებით, მოჩვენებითი სიძველითა და მასშტაბურობით, პატარ-პატარა საიდუმლოებებითა თუ დიდი აღმოჩენებით.

ამ ქალაქში თუ დავბრუნდები, Grand Central-ი პირველი იქნება, რასაც ისევ ვნახავ.

 

(საბჭოთა კავშირი)

 

რუსი ყველგან რუსია. იშვიათად მინახავს საკუთარი იდენტობის ასეთი მოამაგე ჯიში. არ ვიცი ეს მონღოლური გამტანობის ამბავია თუ უბრალოდ ასეთები იბადებიან.

ნიუ იორკი რუსების ქალაქიცაა. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ამერიკელებს და რუსებს ერთმანეთი სძულთ, ნიუ იორკში მიხვდები, რომ ეს ერთი დიდი ტყუილია.

კარგ მაღაზიაში ერთი კონსულტანტი მაინცაა, რუსული რომ იცოდეს, ბრაიტონზე კი არის მაღაზიები, მხოლოდ რუსული წარწერები რომ ამშვენებენ. ზოგადად, ბრაიტონი სრულიად განსხვავებული ნაწილია მხოლოდ ნიუ იორკში კი არა, საკუთრივ ბრუკლინშიც, რადგან აქაურობა ძალიან ჰგავს ყოფილ საბჭოთა კავშირს. თუ ქუჩაში 1-2 საათი გაისერინებთ, ყველა იმ ენას მოისმენთ, საბჭოეთში რაც გაგიგონიათ: რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ქართულიც და სხვა.

ქუჩები აქეთ უფრო სხვანაირად სუფთაა, სადარბაზოებიც რუსულად მოწესრიგებული. ამერიკელებმა ხომ სხვანაირი წესრიგი იციან – შეიძლება ბევრი ნაგავი ეყაროს და სიბინძურე ვერ დასწამო მაინც, აი, რუსების უბანში კი სხვანაირადაა, მეტი პეწენიკობა ურევია, რას იზამ, ასეთები არიან.

Brighton Beach ოკეანის პირასაა, თეთრი ქვიშით და დელფინარიუმით. რუსებს ქალებს უყვართ სიშიშვლე და უყვართ ზღვა, კაცებს ბუნება, თევზაობა და წყალი და ალბათ ამიტომაც მოუცუცქდნენ ამ ადგილს და შექმნეს პატარა საბჭოთა კავშირი შუაგულ ამერიკაში.

ბრაიტონზე, მაღაზიებში, ერთი რუსული რუბლებით არ ყიდიან საქონელს, სხვა ყველაფერი რუსულია. თუ იტალიელები იტალიელობენ, მაგრამ ამერიკულად იტალიელობენ, რუსებს შეუძლიათ მხოლოდ რუსულ არხებს უყურონ, არ ისწავლონ ინგლისური Hello და Thank You-ს გარდა და რაც მთავარია, მოითხოვონ ადგილობრივებისგან რუსული ენის ცოდნა.

მომხდარა ისეც, რომ შესულა რუსი ტურისტი ბრაიტონზე მაღაზიაში და გამყიდველს რუსული არ სცოდნია, აუტეხავს ამას ამბავი და მენეჯერს ბოდიშებიც უხდია. არის ასეთი ამბები, ხდება.

სანამ მეტროდან ბრაიტონისკენ მივდივართ, წითელზე BMW შემოვარდება დიდი სისწრაფით და ლამის გვეჯახება. შავგვვრემანი კაცი ზის, ცხადია კავკასიელობას ვაბრალებ გულშ, იქნებ სულაც არაა.

უთენიაა და უკვე რამდენიმე ანკესიანი რუსი შემხვდა ქუჩაში, წყლისკენ მიდიან на рыбалку! წყნარი უბანია ბრაიტონი. ქეთის ვეუბნები, რომ დიდ დიღომს ჰგავს (ქეთი საინტერესო რამეს მპასუხობს, რომ მხოლოდ ჩვენ, პოსტსაბჭოთა ადამიანებს გვიყვარს უცხო ადგილების საკუთართან შედარება და ეს ერთგვარი გამოძახილია. რისი, აღარ ამბობს).ბრაიტონ ბიჩის სანაპიროზე სასიამოვნოდ თბილა. დეკემბერი კია, მაგრამ მზე ყინვას ერევა. თეთრი სანაპირო თოლიებით ივსება და მიუხედავად აკრძალვისა, ადგილობრივები ძაღლებს ასეირნებენ.ნელი ძუნძულით ქალი და კაცი გვიახლოვდებიან. კაცი ძალიან შეუხედავია, ქალი ძალიან სექსუალური. ერთი შეხედვით ქართველებს გვანან. ჩვენ ქართულზეც ყურადღებით გამოგვხედავენ.„ვრაცი!“ ამბობს კაცი და ჩაივლიან.არ იყვნენ ქართველები, ნიშნის მოგებით მეუბნება ქეთი. ხო, ჩეჩნები არიან, ვატყუებ. ჩეჩნები? რა ლამაზი ქალები ყავთ ჩეჩნებს და რა უქნეს რუსებმა, არა? – მელაპარაკება და აღარ ვუსმენ, აქაურ რუსებზე ვფიქრობ. 1.6 მილიონზე მეტი რუსი ამ მეგაპოლისის ისეთივე ნაწილია, როგორც აფროამერიკელები, ლათინოსები და ებრაელები. რუსებმა მოახერხეს და საკუთარი იდენტობა კოსმოპოლიტიზმის ცენტრში, ნიუ იორკშიც შეინარჩუნეს. ვინმე იტყვის, დიდი ერიაო, მე სომხებსაც გავიხსენებდი, თავისი ძლიერი ამერიკული დიასპორით.ბრაიტონიდან (რომლებსაც პატარა ოდესასაც ეძახიან), მანჰეტენზე ვბრუნდებით. მე-14 ქუჩისა და მესამე ავენიუს კუთხეში შაკიკის წამალს ვკითხულობ, ფარმაცევტი რატომღაც რუსულად მპასუხობს. ვერ ვხვდები რატომ ვგონივარ თანამემამულე, მაგრამ უნებურად რუსულად ვპასუხობ მეც.იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით და პოსტსაბჭოთა ადამიანებს რაღაც საერთო გვაქვს ფენოტიპურად (შორს ვარ აზრისგან, რომ რუსი და ქარტველი ოდესმე ერთმანეთს დაემსგავსებიან), იქნებ ისე, რომ ვერც ვხვდებით, შორეულ ამერიკაშიც კი შეგვიძლია ერთმანეთი ამოვიცნოთ, როგორც წმინდანებმა ან როგორც დემონებმა?