აქ ჩემი ტომი დგას!

დმანისელი კაცი ვარ. 55 წლისა გარდავიცვალე. იმხანად ჭარმაგი მოხუცი მეთქმოდა.

ძაან შორეულიც არ გეგონოთ, მეც ზუსტად თქვენნაირი ვარ. თუმცა ჩემს შემდეგ კიდევ 3000 წელი გაივლის, ვიდრე ქრისტე დაიბადება.

ამ მიწაში ისეთები უნახავთ და იმდენად შორეული წარსულიდან, ალბათ მე ხმაც აღარ ამომეღება, მაგრამ ეტყობა ქუდბედიანი ვყოფილვარ.

იღბალი კი მთელი ცხოვრება თან მსდევდა. პირმშვენიერი ცოლი მყავდა – მზევარდა, მართლაც მზესავით გადაფურჩქნული და ქორფა, ჩემი ყვავილი და გულის მესაიდუმლე. სახეზე ვარდივით მშვენიერს, გულში ხომ სულ ია ამოსდიოდა. მისი დამსახურებაა ღრმა სიბერემდე რომ მივაღწიე ბედნიერმა და ხალასმა.

და შვილებს აღარ იკითხავთ? რვა შვილი მეყოლა, ერთმანეთზე უკეთესები. შვიდი ბიჭი მყავდა , რჩეული ვაჟკაცები დავზარდე. მერვე კი, ნაბოლარა, გოგო არ გამოდგა! მამას გახარება და სიბერის სიტკბოება, ჩემი კულულებიანი გოგო! ისეთი ნიჭიერი იყო, რა აღარ გამოსდიოდა ხელიდან. თიხაზე მუშაობამ გაიტაცა. ძერწავდა ულმაზეს სურებსა და თასებს, ლარნაკებსა და დოქებს. შორს გაითქვა სახელი, საიდან აღარ მოდიოდნენ მისი ნამუშევრების შესაძენად. შეგირდებიც კი ჰყავდა…

დღემდე პოულობენ მის ნაძერწავებს და დღემდე აოცებს მნახველს ჩემი ცეროდენას ნაკეთობები! აი, ის თიხის სასმისები თქვენ რომ მუზეუმებში ხედავთ, ზოგიერთი მათგანი ჩემი გოგოს ან მისი შეგირდების ნახელავია!

ამ მხარეში ცნობილი კაცი მეთქმოდა!

განთქმული მონადირე ვიყავი.

მსხვილფეხობაც ბლომად მყავდა.

დიდი ოჯახი და უამრავი მსახური!

ბედნიერმა მოვჭამე ჩემი წუთისოფელი, მაგრამ თუ უკვდავი შევიქმნებოდი, რას ვიფიქრებდი!

ერთი დღეცაა, ვწევარ ჩემს მარადიულ სამყოფელში და უცებ რაღაც ხმაური ჩამესმის. მალე ხმაური კაკუნმა შეცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ, განათდა კიდეც. ამდენი წლის, ამდენი საუკუნის მერე, პირველად ვიხილე მზის სინათლე.

უცებ თეძოსთან თითქოს ბასრიც ვიგრძენი…
“ფრთხილად, შე მამონტის კერძო!”
თითქოს ჩემი ხმა გაიგონესო, მერე რაღაც უფრო რბილითა და ფაფუკით დამიწყეს გასუფთავება….

მას შემდეგ აქ ვარ, ამ უნიკალურ ადგილას. გულისყურით ვაკვირდები დმანისის არქეოლოგიურ გათხრებს. იქნებ ერთ დღესაც ჩემი ჯალაბობაც დამიბრუნონ, ჩემი კისკისა ოჯახი!

ყოველდღე მსტუმრობს უამრავი სტუმარი: შინაური და გარეული, დიდი თუ პატარა. მაკვირდებიან, ჩემს ამბავს კითხულობენ, ფოტოებს მიღებენ.

მეც მიხარია, 5000 წლის თავზე ახალი სიცოცხლე რომ დავიწყე!
თქვენი დანახვაც მზის ამოსვლასავით მახარებს. თქვენ ხომ ჩემი ნაკადულები ხართ, ჩემი გენის და ჯიშის გამგრძელებლები. სიცოცხლის უსასრულობის და უკვდავების თვალსაჩინო მაგალითები!

“აქ ჩემი ტომი დგას!” – როგორც იმ კარგ სიმღერაშია, ახალგაზრდა არქეოლოგები რომ უსმენენ ხანდახან შესვენების დროს…