ალექსანდრე ლომაძე – „Garage Wines“ – ის ბრენდ შეფი და ნატურალური ღვინის ენთუზიასტი ბათუმში

  • Home
  • ინტერვიუები
  • ალექსანდრე ლომაძე – „Garage Wines“ – ის ბრენდ შეფი და ნატურალური ღვინის ენთუზიასტი ბათუმში

„ღვინის გარაჟში“ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ნატურალური ღვინის, ადგილობრივი ორგანული საკვების და ჩაის მეწარმეებს, ვთავაზობთ ჯანსაღი მირთმევის კულტურას და ეკოლოგიურად სუფთა ჰედონიზმს ხელმისაწვდომ ფასში. მაქვს მიზანი, რომ საქართველოს გასტრონომიული კულტურა და მისი მივიწყებული ტრადიციები გავაცნო საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ "ღვინის გარაჟი" არის ზუსტად ის პლათფორმა, სადაც ჩვენ ამას განვახორციელებთ – ალექსანდრე ლომაძე 

1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის ალექსანდრე ლომაძე? 

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით ამ ინტერვიუსთვის. ამჟამად მე ვარ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, ამასთანავე ბათუმში მდებარე ბარ-მაღაზია “Garage Wines” – ის ბრენდ შეფი და ნატურალური ღვინის ენთუზიასტი.

2. რამდენი ხანია, რაც “Garage Wines” – ის საქმიანობით ხართ დაკავებული? გვიამბეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.

საერთოდ ბავშვობიდან ვარ გატაცებული გასტრონომიით და დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი სოფელში, სადაც ძველი რეცეპტების პოვნით, გაგებით და შესრულებით ვიყავი დაინტერესებული. ამას ასევე ხელს უწყობდა ოჯახის მრავალთაობიანი ღვინის დაყენების ტრადიცია. Garage – ი ზუსტად ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც შემეძლო საკუთარი ინტერესების ხორცშესხმა და დავიწყე მუშაობა.

3. რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

თვითონ სახელი “Garage” მოდის იმ ფუნქციიდან, რომელსაც ასრულებდა ჩვენი ბარ-მაღაზია. მართლაც 2018 წლამდე ამ ადგილას იყო ავტოფარეხი და დღესდღეობით, ის არის ერთ-ერთი კოლორიტული კუთხე ბათუმში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ნატურალური ღვინო, ყველი, ჩაი და ავთენტური კერძები.

4. არის თუ არა გარკვეული სირთულეები ამ სფეროში და თუ შეიძლება გვითხარით, ყველაზე მეტად რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვერგო ძალიან მანკიერი ანდერძი „Общепит“ – ბის საბჭოთა კავშირისგან, ეს იგრძნობა ადამიანებშიც და მომსახურე პერსონალშიც და სწორედ მომსახურების ხარისხს მე მივიჩნევ მთავარ სირთულედ.

ვინაიდან და რადგანაც ქართველები ვართ სტუმართმოყვარე ერი, ჩემს მთავარ მიზნად ვისახავ ამ სტუმართმოყვარეობის სწორ ინტერპრეტაციას საერთაშორისო ეტიკეტისა და სარესტორნო ხელოვნების ფარგლებში.

ამის დასანერგად და პოპულარიზაციისთვის ყოველკვირეულად “Garage Wines” – ი ატარებს ტრენინგებს, ისეთი შინაარსით, როგორიცაა: მეღვინეობის ისტორია საქართველოში, ღვინისა და კერძის სწორი შეხამება და ასე შემდეგ.

5. რა განსაკუთრებულობა ახასიათებს “Garage Wines” – ს , რითიც ის გამოირჩევა სხვა ბარ-მაღაზიებისგან?

ავთენტური აჭარული და ლაზური საუზმეები. შეიძინე, მიირთვი და ისარგებლე სამუშაო ადგილით ღვინის გარაჟში. ჯანსაღი ჰედონიზმი – ჩვენი ვნებაა ქართველების, თავისი კულტურის საფძველშივე ჰედონისტური, ანუ სიამოვნების მოყვარული და სტუმრის აღფრთოვანების ტრადიციების მქონე ერი, რომელთაც უკვე მრავალი საუკუნის წინ ჰქონდათ „მერიქიფის“ თანამდებობა. მერიქიფის მოვალეობა და ვნება კი იყო ღვინისა და კერძის საუკეთესო შეწყვილება, ასევე ღონისძიებების მართვა და სტუმრის აღფრთოვანებაზე ზრუნვა… ეს გახლავთ ზუსტად ის სერვისი, რომლის აღდგენაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებული.

„ღვინის გარაჟში“ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ნატურალური ღვინის, ადგილობრივი ორგანული საკვების და ჩაის მეწარმეებს,  ვთავაზობთ ჯანსაღი მირთმევის კულტურას და ეკოლოგიურად სუფთა ჰედონიზმს ხელმისაწვდომ ფასში.

6. გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, აპირებთ თუ არა, რომ ეს საქმიანობა განაგრძოთ?

თუ გინდათ ღმერთი გააცინოთ, უამბეთ საკუთარი გეგმების შესახებ. არ შემიძლია ვისაუბრო მომავალზე, მაგრამ მაქვს მიზანი, რომ საქართველოს გასტრონომიული კულტურა და მისი მივიწყებული ტრადიციები გავაცნო საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ “ღვინის გარაჟი” არის ზუსტად ის პლათფორმა, სადაც ჩვენ ამას განვახორციელებთ.

7. და ბოლოს, რას ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში?

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას ძალიან „გაცვეთილი“ თემაა წარმატების ფორმულა. ვფიქრობ საქმისადმი სიყვარული და გულანთებული მოძრაობა მიზნის მისაღწევად საკმარისია საქმის დასაწყებად, მაგრამ ამ საქმის წარმატებისთვის უკვე სხვა ფაქტორებია საჭირო. შემიძლია გამოვყო რიგი ფაქტორები: კეთილსინდისიერება მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, დისციპლინა და სწორი ღირებულებების პოპულარიაცია და ა.შ.

აუცილებლად გელოდებით ჩვენთან, რომ გაზიაროთ სწორი მირთმევისა და შერგების კულტურას.

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: