USAID-ის პროექტი „ზრდა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს ტურიზმის რეგიონული მართვის მოდელის და ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციების (DMO) ჩამოყალიბებას სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებში.
„მესხური ტაბლა“ – სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც უახლოეს მომავალში ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება. წიგნი, რომელიც USAID ზრდა-ს დახმარებით გამოიცა, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კულინარიის დღეისათვის შემორჩენილი 20-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი კერძების რეცეპტებზე იმუშავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ.
წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი დაესწრნენ. პრეზენტაციაზე გიორგი ჩოგოვაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის. დაგეგმილია წიგნის გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია, Amazon.com-ი. წიგნის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციის გაძლიერებას.
სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებში და ახმეტის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის პროექტი ზრდა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.
***USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia