აბუდელაურის ტბებზე ჩვენი მოგზაურობების გახსენებისას გონებაში ყოველთვის მიტივტივებს მოსეს და ებრაელების ორმოცწლიანი მოგზაურობა უდაბნოში. მართალია ცოტა უტრირება გამომდის და ორმოცი წელი არ დაგვჭირვებია, მაგრამ მხოლოდ მეოთხე მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული და იხილეს თვალთა ჩვენთა აბუდელაურის ფერადი ტბები. მაგრამ ამჯერად ჩვენს მეორე მცდელობაზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც მხოლოდ იმ საღამოდ ღირდა, რომელიც ერთ საინტერესო ხევსურულ ოჯახში გავატარეთ.
მაისის ბოლოს სამი დღე გადაბმულად მომიწია დასვენება. ჩვენც არ დავაყოვნეთ, პირველი წარუმატებელი მცდელობა გავიხსენეთ (ჯუთადან გვინდოდა ტბებზე გადასვლა და დაგვიღამდა) და შემართებით გავემართეთ სოფელ როშკასკენ დარწმუნებულები, რომ ამჯერად მაინც ავაღწევდით დანიშნულების ადგილამდე. რატომ გვეგონა, რომ მაისის ბოლოს ფერადი და გადამწვანებული დაგვხვდებოდა ხევსურეთში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ ეს უმეცრებაც გვეპატიებოდა ჩვენი გამოუცდელობიდან გამომდინარე. თვითდაჯერება, რომ საკმაოდ გამოცდილი და კარგი მძღოლი ვიყავი იმ საღამოსვე ნაცარტუტად იქცა. ბოლო რვა კილომეტრის გავლისას სხეულის ყველა ნერვი და კუნთი ისეთი დაჭიმული მქონდა, რამდენჯერმე გადავწყვიტე აქვე დავაგდებ ჩემს ჭიჭიკოს და სულ ფეხით ვივლითქო. რამდენჯერმე ისიც მეგონა ახლა ამ მდინარეს ვერ გადავალთ, ნეტა 112 თუ მოვა აქამდე ან თუ მოვა რამდენ ხანში მოვათქო. ყველანაირი ექტრემალური სიტუაციის წარმოდგენის შემდეგ სოფელიც გამოჩნდა და ახალი თავსატეხიც გაგვიჩნდა. კარვის გაშლაზე არც გვიფიქრია, წვიმა მაშინვე მდინარეში ჩარეცხავდა, ერთადერთი გზა ღამის მანქანაში გათენება იყო, მაგრამ ვინ დაგვტოვებდა გარეთ, როცა საქართველოში ვიყავით? პირველივე დაძახებაზე გამოგვხედეს და კითხვაზე აბუდელაურებისკენ როგორ წავალთო, მაშინვე კითხვით გვიპასუხეს ღამეს სად ათევთ ამ ამინდშიო. ჩვენს პასუხს მაშინვე უამრავი მიპატიჟება მოჰყვა თინა დეიდასგან და და ასე ამოვყავით თავი შეშის ღუმელთან მყუდრო გარემოში. თავიდან მორცხვად ვისხედით და მადლობებად ვიღვრებოდით, მაგრამ ისე დაგვაინტერესა იქაური ცხოვრების წესებმა, ცოტახანში კითხვას კითხვაზე ვაყრიდით. აღმოჩნდა, რომ სოფელს თავისი ჰესი ჰქონდა, საკუთარი სახსრებით ააშენა მოსახლეობამ და დღესდღეობით სრულიად უფასოდ აქვთ ელექტროენერგია. ზამთარში მხოლოდ სამი ოჯახი რჩება სოფელში, დანარჩენი მოსახლეობა წელიწადის მკაცრ სეზონს ბარისახოში ატარებს. როგორც თინა დეიდამ გვითხრა ბარისახოშია სკოლა-პანსიონი, სადაც პირაქეთა ხევსურეთში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ და არის შემთხვევები, როდესაც დიდთოვლობის გამო ეს ბავშვები ექვსი თვე სახლში ვერ მიდიან და ბარისახოში ცხოვრობენ. მეურნეობიდან ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ, რადგან კლიმატური პირობების გამო მიწაზე მხოლოდ კარტოფილი მოჰყავთ. ჩვენც ზუსტად იმ დროს ვიყავით, როდესაც მიწა უნდა მოეხნათ და შემდეგი ზამთრის მარაგი დაეთესათ. რომ ვკითხეთ ყველაზე მეტად რისი გაკეთება გინდათთქო, თინა დეიდას თვალები გაუბრწყინდა და გვახარა სათბური მინდა, ჩემი კიტრი და პამიდორი რომ მოვიყვანო, მაგრამ მეუღლეს რომ ვეუბნები დამცინის, ამ სიმაღლეზე რა სათბური გაკეთდებაო. კიდევ საკალმახე მინდა გავაკეთო, მაგრამ ზამთარში გაიყინებიან თევზები და მგონი მაგასაც არ აქვს აზრიო. გიორგი წამოენთო მაშინვე (მისთვის შეუძლებელი არაფერია). როგორ არ გაკეთდება, ევროპაში სულ სათბურები არ აქვთ მთაში?! მთავარია გავარკვიოთ, როგორ აკეთებენ, მერე მონდომებაღა რჩება და ეგ არისო. ცოტა სკეპტიკურად გამოხედა თინა დეიდამ, არ ვიცი, არ ვიციო. მერე ჩვენს მოგზაურობაზე გადმოერთო, მაისში რატომ გადაწყვიტეთ შვილო ტბების ნახვა. ახლა ყველაფერი გაყინული იქნება და ფერი საერთოდ არ ექნებაო. მალე მივხვდით, რომ ისევ არ გვეწერა ფერადი ტბების ნახვა, მაგრამ გიომ გული არ გაიტეხა და გამოაცხადა მაინც ავალთ, რაღაც ხომ დაგვხვდებაო. იმ ღამეს ტკბილად კი გვეძინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გიო სიზმარში სათბურებს და საკალმახეებს აშენებდა.
მეორე დღეს თინა დეიდამ უზარმაზარი სამხედრო საწვიმრები გვათხოვა და ჩვენც ტბებისკენ გავემართეთ. რა თქმა უნდა, გაყინული გუბის გარდა არაფერი დაგვხვდა ოთხსაათიანი ფორთხვის შემდეგ, მაგრამ ჩანისლული და წვიმიანი ჭიუხების ნახვა დასველებადაც ღირდა და ტბების უნახველობადაც.
იმ დღის შემდეგ გიოს ისევ აეკვიატა შვეიცარიაში წასვლის იდეა. მიმტკიცებდა, იქ ბევრ რამეს ვისწავლით, რასაც საქართველოში ჩამოვიტანთ და ქართველებს ვასწავლითო. ის დღეები ჩემი კომპიუტერიდან გუგლი მხოლოდ სათბურების აშენების ტექნიკებს ეძებდა. მერე სამსახურმა, ვაკის რუტინულმა ცხოვრებამ თუ ჩვენმა სიზარმაცემ მიგვავიწყა სათბურებისა და საკალმახეების იდეა, მაგრამ ორი რამ უცვლელი დარჩა: ისევ ვიხსენებთ თინა დეიდას და ისევ ვფიქრობთ იმაზე, როგორ წავიდეთ მთაში საცხოვრებლად ახალი იდეებით და ცოდნით დახუნძლულები. მანამდე კი გავაგრძელებთ ბოდიალს, კიდევ მეტის გასაგებად მთის შესახებ.