აღმოაჩინეთ სასტუმრო – “გერმანი”

„მე დანებებას არ ვაპირებ პირიქით ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელსაც სულ მალე გავასაჯაროებ და მჯერა არც ამჯერად შევცდები, რადგან მთავარი მონდომება და ძლიერი სურვილი იმის კეთების რაც გიყვარს.“ - მარიამ გერმანიშვილი

ჩვენი დღევანდელი ბლოგი სასტუმრო “გერმანის” შესახებ იქნება, რომლის დამფუძნებელიც 21 წლის მარიამ გერმანიშვილი გახლავთ. 

     1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კოპმანია და რა იყო მთავარი მიზანი?

მე ვარ მარიამ გერმანიშვილი 21 წლის, სასტუმრო “გერმანის” მფლობელი. ჩემი სასტუმრო 1 წელი არ არის რაც გაიხსნა. ყოველთვის მქონდა სურვილი მქონოდა საოჯახო ტიპის სასტუმრო,რადგან ჩემს ოჯახში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და ამ ყველაფრით ვიღებდით დიდი სიყვარულს და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი სტუმრებიც ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ აქედან გამომდინარე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა და რაც ყველაზე მთავარია სასტუმრო მდებარეობს ქალაქ თელავში, რომელიც ტურისტებისთვის ერთ ერთი საყვარელი ქალაქია.

     2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ სასტუმროს გახსნიდან 3 თვეში დაიწყო პანდემია, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე.

     3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?

სანამ პანდემია დაიწყებოდა ძალიან ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ. გერმანში ნომრები 30 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 60 ლარს შეადგენს. ნომრებიდან გამომდინარე ფასი ძალიან მიზერულია, რადგან კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი საქმით  ვიღებ დიდ სიამოვნებას და მიხარია როცა სტუმარი კმაყოფილია, თან მინდა  ყველა  კატეგორიის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთან სტუმრობა. სასტუმრო გერმანი დამსვენებლებს სთავაზობს არა მხოლოდ აპარტამენტებს და ნომრებს არამედ გვაქვს ჩვენი პროგრამა რა თქმა უნდა ,სტუმრის სურვილისამებრ.

პროგრამაში შედის:

1. მასტერკლასები: ხინკლის მოხვევა, მწვადის შეწვა,ჩურჩხლის ამოვლება, თონეში პურის ცხობა და ყველაზე მთავარი ჭაჭის და ღვინის დეგუსტაცია.

2. ასევე გვაქვს თელავში და მის შემოგარენში ტურები ვაცნობ სტუმარს ჩვენს კულტურულ ძეგლებს და ვცდილობ მეტი ინფორმაცია მივაწოდო ჩემს ქალაქზე.

ყველაზე მთავარს ჩვენს სტუმრებს მეგობრობას და სიყვარულს ვთავაზობთ რადგან სასტუმრო “გერმანი” არის “თქვენი სახლი სახლიდან შორს”.

     4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

ახლა ყველაფერი შეიცვალა, რეგულაციებს რა თქმა უნდა, ვიცავ მაგრამ ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ტურისტის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო რაც ძალიან ცუდად აისახა ჩემს სასტუმროზე. ერთადერთი რაც ამ პერიოდში შეგვიძლია არის ის რომ მოთმინებით ველოდებით პანდემიის დამთავრებას

     5. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?

როცა მე ამ საქმეს ვიწყებდი ბევრმა ადამიანმა ჩემი ასაკის გამო მითხრა,რომ არ გამერისკა. მაგრამ არცერთი წუთით არ მიფიქრია იმაზე, რომ რამე არ გამომივიდოდა. ახლა უკან რომ დამაბრუნა და იმ პერიოდში უკვე დაწყებული  ყოფილიყო პანდემია მაინც გავაკეთებდი, რადგან მჯერა რომ თუ ამ პერიოდს გავუმკლავდები ესეიგი სწორი „ფსონი“ დავდე ჩემს მიზნებზე და შეხედულებებზე. მე დანებებას არ ვაპირებ პირიქით ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელსაც სულ მალე გავასაჯაროებ და მჯერა არც ამჯერად შევცდები, რადგან მთავარი მონდომება და ძლიერი სურვილი იმის კეთების რაც გიყვარს.

      6.მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?

ყველაფერი რომ მორჩება ალბათ მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ მთავარი ისაა ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე მაღალ დონეზე. ჩემი სუბიექტური აზრია რომ სახელმწიფომ დასაწყისისთვის ფინანსურად  დაგვიჭიროს მხარი და შემდეგ ტურისტულ სფეროში მყოფი ადამიანები განვითარებისთვის, ტურისტისთვის და აყვავებისთვის დავუდგებით  გვერდში. მჯერა რომ  ბევრ ფერად, თბილ და ლამაზ ადამიანს ვუმასპინძლებ ძალიან მალე.

 

ავტორი: ვიქტორია გასანიანი

Tags: