ადამიანი კალორომეტრი, ანუ ჩემი მეგობარი ამირანი

  • Home
  • ბლოგები
  • ადამიანი კალორომეტრი, ანუ ჩემი მეგობარი ამირანი

დიდი ხანია, ვმეგობრობთ მე და ამირანი. უნიკალური ნიჭი აქვს ჩემს მეგობარს, ზეპირად იცის სულ, რომელი პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს. ვიდრე სუფრასთან დავსხდებით, იწყებს კალორიების კალკულაციას, თუმცა, მოკრძალებული სულაც არ არის ჭამასა და სმაში. რატომ ითვლის, ეს ვერ დავადგინე. გასტრონომიული ფობია არ სჭირს, რადგან გემრიელად ჭამა უყვარს. გასტროფილია უფრო ახასიათებს, თუმცა, ეს არსებითი არცაა: მთავარია, რომ კარგი მეგობარია.

ეს ცოცხალი კალორომეტრი საიმედო თანამგზავრია მთასა და ბარში, საზღვარს შიგნით და საზღვარგარეთ. ენებიც იცის და მანქანის მართვა, ორივე ძალიან საჭირო რამე (ამით ნამდვილად აღმატებულია ჩემზე!).

„ძრავში ფეხის გაყრა“ უყვარს ამირანს. მერსედესს ან ჰონდას ისე დააქროლებს, ერთი საშიშროების „ჭამა“ არ მაქვს დასრულებული, რომ უკვე მეორე, მესამე და მეასე მელოდება ცხვირწინ! წარმოიდგინე, თბილისი-საგარეჯოს მიმართულებით მივქრით, გვეჩქარება ყარელში ჩასვლა. იქ დედას პურები, მწვადი, გუდის ყველი და კახური ღვინო ათას სხვა რამესთან ერთად მასპინძელს გამზადებული აქვს. უწყვეტი ზოლია, მაგრამ ამირანი მაქსიმალურ სიჩქარეს კრეფს და ყველა მანქანას უსწრებს. ამ დროს ციმციმებიანი საპატრულო მანქანაც გვეწევა, გაჩერებას ითხოვს და დაახლოებით ასეთი საუბარი იწყება:

_ მოქალაქევ, თქვენ მოძრაობის წესი დაარღვიეთ, ღერძულა ხაზი გადაკვეთეთ, თან ცხრა მანქანას გადაასწარით.

_ არ გინდათ ახლა ცხრა ზღვა, ცხრა მთა, ცხრა წყარო და ლეგენდარულ-მისტიკური ციფრები, სამს გადავასწარი და ამოწერეთ ჯარიმა.

ჯარიმას ამოწერენ პატრულის თანამშრომლები და მე ვიწყებ უკვე ბუზღუნს, ჯარიმა ერთია და მეორე კი ის, რომ ყველა ის მძღოლი, რომლებსაც გზა გადავუჭერით, ათი კილომეტრით წინ მაინც  იქნებიან უკვე!

ეს ერთი ჯარიმა კარგა ხანი გვყოფნის ჭკუის სასწავლებლად. ღელვის მერე არაჩვეულებრივი თერაპიაა ერთი შამფური მწვადი და საფერავი. მე საფერავს კარგი ხარისხის კონიაკი მირჩევნია, მაგრამ ქინძმარაულის მიკროზონის ღვინოსაც დიდი პატივით ვეპყრობი, რაც ზომიერი დალევით გამოიხატება. დედას პური და გუდის ყველი ამირანს ნაკლებად უყვარს, რადგან ბევრ კალორიას შეიცავს, სამაგიეროდ მწვადი და აჩმაა ვითომ დაბალკალორაჟიანი?

კახეთში უკვე აღარ ვრისკავ და ამირანს მძღოლობაზე სამდღიან დისკვალიფიკაციას ვაძლევ. მასპინძელი თავისი ჯიპით დაგვატარებს ბოდბეში, გურჯაანის ყველაწმინდაში, გრემში, ნეკრესში, ალავერდში, იყალთოში, მატაანში, თელავსა და შუამთაში. ამირანი დასჯილი ბავშვივით უყურებს საჭეს და გულში ნატრობს, ერთი საჭე მომცაო, მაგრამ დისკვალიფიკაცია სამდღიანია და ხათრს ვერ მიტეხს!

დამავიწყდა მეთქვა, ამირანს ჯეკსონის მოსმენა უყვარს, მისი ტემპის მიხედვით დაჰყავს მანქანა და თუნდაც მასთან ერთად ვიჯდე მანქანაში და ვინმე გიჟივით მიაქროლებდეს მანქანას, ისევ ამირანს ვეკითხები, იმ მანქანის მძღოლიც ამირანი ხომ არა მეთქი?!

კახური ტური დასრულდება და ვიწყებთ ფიქრს, სად შეიძლება შემდეგი თავისუფალი დრო გავატაროთ?! მართალია, დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ წელიწადში რამდენიმეჯერმე მაინც მივდივართ ერთად. სტამბულელმა მეგობარმა თავისი უზარმაზარი სახლი დამითმო ერთხელ. ეს სახლი ქალაქის ისტორიულ ნაწილშია და ოთხსართულიანია. 2 იანვარს მივდივართ ავტობუსით ყოფილ კონსტანტინეპოლში. ბედობააო და დავიკვებეთ წანწალი და ერთად ყოფნა, ვითომც ეს დღე წყვეტდეს რამეს ჩვენს სამოგზაურო მიდრეკილებებში! ავტობუსი ჩემი ახირებაა _ მინდა ბევრი რამე ვნახო გზად, მიწასთან ახლოს ვიყო, რადგან, ჩემი აზრით, თვითმფრინავიდან ყველა ქვეყანა თითქმის ერთნაირად მოჩანს ისევე, როგორც ნასუფრალი თეფშები, მიუხედავად იმისა, რა ელაგა ზედ, ხაჭაპური თუ ნესვის ნაჭრები. თუ არ ვცდები, 11 საათი ვიმგზავრეთ.  სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გავჩერდით არც ისე ცოტა ხნით. ვიდრე ავტობუსი გაკონტროლდებოდა, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გვაქვს დიეტურად კვება, 10 კაცის ნორმა ხაჭაპურს ზღვის ტალღების ხმაურის ფონზე კუჭისკენ მივაქანებთ, თან ცალი ყურით ვუსმენ ამირანს, თუ რამდენი კალორიით ავივსეთ! სტამბულში მეგობარი არ მხვდება, რადგან საქმე გამოუჩნდა და შვეიცარიაშია, გასაღები კი ჩვენს ხელთაა. მოკლედ, ამხელა სასახლე ჩვენს განკარგულებაშია! გასტრონომში შევდივართ და თურქი გამყიდველის გაოცებულ თვალებს ზურგსუკან ვგრძნობ, რომელსაც უსიტყვოდ შეუძლია თქვას: ამ ორმა უნდა შეჭამოს ამდენი რამე?!

სტამბულში აია სოფია, ახალი და ცისფერი მეჩეთები, ეგვიპტური ბაზარი, ტაქსიმის მეტრო და მოედანი, მუზეუმები, გალათას კოშკი და კიდევ ათასი რამე საინტერესო სანახავია. ყველაზე დიდი გოგორაც იქ ვნახე. 109 კილო იყო, გოლიათი პრასიც _ დაახლოებით ჩემ სიმაღლე იყო და მისი მძაფრი სუნი მეორე ქუჩაზეც იგრძნობოდა… საშობაოდ დავბრუნდით სამშობლოში და უკვე დავთქვით, ზაფხულზე სვანეთი უნდა ვინახულოთ ერთად!

ზაფხულამდე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ან სამსახურებრივად მიწევს ამირანის სიახლოვეს ყოფნა, ან საწესჩვეულებო სუფრებთან. საუბარი მოკითხვით, კალორიებით და შემდეგი ტურის დაგეგმვით იწყება და მერე გულწრფელად გვწყდება გული, რამდენიმე დღე რომ დაგვაცილებს ერთმანეთს.

მერსედესით ავდივართ უშგულში და ყველას უკვირს, ასეთი დაბალი მანქანა როგორ აბობღდა იქ. არც მე ვიცი, ეს ამირანს უნდა ჰკითხოთ, როგორ. სვანეთის გზაზე დადგომამდე ზუგდიდელ ზარანდიებთან მივდივართ. მეგრული სამზარეულოს მთელი ხიბლი ზარანდიების ოჯახშია თავმოყრილი. ერთ ელარჯიან თეფშს ისე ვავლებ მუსრს, როგორც შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთს, აი, ამირანი კი ორმაგი შაჰ-აბასია! უშგულში მასპინძელი ნიჟარაძეების ცნობილი ოჯახია. ესენი ის ნიჟარაძეები არიან, მურმან ლებანიძემ რომ მოიხსენია ერთ ლექსში, საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის, აკაკი შანიძისა და ათასი მეცნიერისთვის რომ უმასპინძლებიათ თავის დროზე. დიასახლისს შემოაქვს მზის დისკოს ხელა პიტნიანი ცხელი სულგუნი, რომელიც 25 კაცის ნორმაა, მაგრამ სადაა ნორმა და წონა, აქ ჩვენ ვართ გასტრონომოზავრები! ან სულგუნი კმარა?! ხბოს მწვადი და „დუხოვკის“ პურები მანამდე გვიკარგავენ მოსვენებას, სანამ კალორიებად არ გარდავქმნით!

ხელს დასამშვიდობებლად ვუქნევთ სვანეთს და ხაიშამდეც არ ვართ ჩამოსულები, უკვე ვგეგმავთ ისრაელის ტურს. მივფრინავთ ბენ გურიონის აეროპორტისკენ, კისერს მაწყვეტს ჩემი „ნიკონი“ სიმძიმით, სამაგიეროდ პრესბარათია მსუბუქი. ამირანს არცერთი არ აწუხებს და სუფთა ინგლისურით უხსნის მესაზღვრეებს, რომ ვართ ცნობილი მოწანწალეები, რომლებსაც შეუძლიათ გასტროტურისტული მიღწევებით წაიტრაბახონ, კიდევ ის, რომ არქიტექტურა გვაინტერესებს და ცალყბად უნდა ვიხუმროთ საქართველოში დაბრუნების მერე, ისრაელში რომ მკვდარი ზღვაა, ის ჩვენ მოვკალით!

თელავივში სამვარსკვლავიანი სასტუმრო გვაქვს დაჯავშნული. ახლოსაა ხმელთაშუა ზღვა. ვნაყრდებით და კალორიების დასაწვავად ან უნდა ვიცუროთ, ან პლაჟის ქვიშის გადაყრა-გადმოყრით შევიქციოთ თავი. წყალი ძალიან მარილიანია, მალე გვწყინდება და პლაჟზე მწიფე ლეღვივით დავეყარეთ. ამირანს უფრო აწუხებს კალორიები, ამიტომ ჩემს ცოცხლად დამარხვას იწყებს. ვიდრე არ შემაწუხა ქვიშის სიმძიმემ, მანამდე არ გავტოკდი, მერე უკვე ვფიქრობ, რომ ვერ გავუძლებ ამდენ სიმძიმეს, წამოვხტები ზეზე და ამირანიც მერიდება უკვე _ რას გაუგებ „მკვდრეთით აღმდგარ“ იმერელს?! ვბრუნდებით სასტუმროში და მთელი გზა მოფენილია ბანქოს ქაღალდისხელა პორნორეკლამებით. რამდენიმეს ვიღებთ და მაცდური ღიმილით ვყრით იქით! მერე იერუსალიმი, ნაზარეთიც ვინახულეთ. დაგვღალა ამდენმა კონტროლმა სადგურებსა და მაღაზიებში, მაგრამ არ გააკონტროლებენ, იქნება ბათქა-ბუთქი… ჩასვლისთანავე ჩვენგან ახლოს იმხელა შენობა იქცა ნაცარტუტად, ცოტა არ იყოს, შიში შემეპარა გულში. ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ნაზარეთის ღვთისმშობლის ეკლესია, ხაიფის ბაღები და კიდევ რა აღარ მოვინახულეთ. მეგობარი ქართველი ებრაელები საჩუქარებაც მატანენ, თან მარიგებენ, აეროპორტში თუ იკითხონ, ყველაფერზე თქვით, რომ იყიდეთ, აქ ცოტა ძნელია გააგებინო ვინმეს „მაჩუქეს“ შინაარსიო. მერე ისევ ცის ბატკნებში _ თეთრ ღრუბლებში ფრენა და ჩემს მეგობარ ამირანთან ერთად ისევ თბილისში ვარ, კალორიებით დამძიმებულები, მაგრამ ჩვენს ანგარიშზე პლუს ერთი ქვეყანაა კიდევ! ნეტავ როდის დავაპლუსებთ კიდევ ერთხელ? ჯანდაბას ჩვენი დიეტა…

როლანდ ხოჯანაშვილი