აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია

  • Home
  • მთავარი
  • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანის კულტურის ცენტრის ამორტიზებული შენობის შინაარსობრივი მოწყობისა და სამომავლო რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებთან შეთანხმებით მოამზადებს. პროცესში კერძო არქიტექტურული კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ურბანული ძეგლის რენოვაციის საკუთარ კონცეფციას შესთავაზებენ. წინასაპროექტო ეტაპზე არსებული კონცეფციის მიხედვით, XX საუკუნის არქიტექტურის მქონე ნაგებობა კულტურის სფეროს პროფესიული განათლების მრავალპროფილურ სასწავლო ცენტრს უნდა დაეთმოს. რეაბილიტაციის შემდგომ შენობა საცხოვრებელი კამპუსის დატვირთვას შეიძენს, რაც პროფესიული დახვეწის სასწავლო პროცესს ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. ცენტრი უმეტესად ქვეყნის დასავლეთ რეგიონის მოსწავლეებითვის იქნება განკუთვნილი და არქიტექტურის, რესტავრაციის, მხატვრობის, მუსიკის და თეატრის მიმართულებით გატაცებული ახალგაზრდების დახელოვნებას მოემსახურება. აბაშა – მარტვილი მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას, აბაშის თვითმმართველი მუნიციპალიტეტის მერ – ლევან მაკალათიას და კულტურული მეკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს – ნიკოლოზ ანთიძის ურთიერთშეთანხმებით, სამომავლოდ სააგენტო უზრუნველყოფს სოფ. მარანის სახელოვნებო ცენტრის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საგანმანათლებლო გაერთიანებებისა და კვალიფიციური პედაგოგების აქტიურად ჩართვას. სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით მომზადდება შენობის სამშენებლო – სარესტავაციო და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობის პროექტიც, რომლის საფუძველზე სარეაბილიტაციო პროცესი ადგილობრივი მუნიციპლიტეტის დაფინანსებით წარიმართება. პროექტირების ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება. ფიზიკური სამუშაოების წარმოების დასრულება კი მომდევნო წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.

წყარო: კულტურული მემკვიდრეობა