საქართველო – ალბათ, ეს სიტყვა ყველასთვის სხვადასხვაგვარად ჟღერს, ყველას სხვადასხვა რამ წარუდგება თვალწინ, თუმცა იმაზე შევთანხმდეთ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ყველა ქართველში ენითაღუწერელი გრძნობა ისადგურებს.
მე ეს გრძნობა მიყვარს. გრძნობა, რომელსაც „საქართველოს“ ხსენების შემდეგ ვგრძნობ. თითქოს ხომ არაფერია უბრალო სიტყვის გარდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერია. ყველაფერს იტევს ოთხმარცვლიანი სიტყვა. იტევს „ედემურ“ ბუნებასაც და დაუჯერებელ წარსულსაც. იტევს აწმყოსაც და იმედისმომცემ მომავალსაც. მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ბუნება მახსენდება ხოლმე. ბუნება და ამ ბუნების, ამ მიწის ისტორია.
მახსენდება დარიალის ხეობა, მარტვილის კანიონი, ტობავარჩხალი. მახსენდება ფარავნის, ქორულდის, ტაბაწყურის, პალიასტომის ტბები. მახსენდება საქართველოს ბუნების ულამაზესი ქმნილებები და მინდა არასდროს შევწყვიტო მათი გახსენება. მინდა ყოველდღე ვუყურო ამ ქმნილებებს და არსდროს შევწყვიტო მათით ტკბობა. მინდა უსასრულოდ ვუყურო თვალუწვდენელ მყინვარებს – უშბას, თეთნულდს და შხარას…
ხანდახან წარმოვიდგენ, თითქოს შხარაზე ვდგავარ, ნანატრ, პატრიოტულ, საქართველოთი გაჟღენთილ ჰაერს ვისუნთქავ და ჩემს აბიბინებულ–ამწვანებულ ქვეყანას ვუყურებ. შხარადან ყველაფერი ხელისგულივით მოსჩანს. მოსჩანს მეზობელი მყინვარებიც: ჯანღა, გისტოლა, თეთნულდი, უშბა. ვუყურებ ამ მწვერვალებს და ყურებამდე მეღიმება. ვუყურებ კი არა, ვგრძნობ კიდეც. კიდევ ბევრ რამეს ვხედავ, ბევრ რამეს ვგრძნობ. ვხედავ კაცხის სვეტს, რაბათს, ვარძიას, სვეტიცხოველს და მათი დანახვისას, თითქოს, ისტორიულ წარსულში ვბრუნდები. იმ წარსულში, რომელშიც არასდროს ვყოფილვარ და რომლის შესახებაც ეს ისტორიული ძეგლები მიამბობენ ხოლმე ძალიან ბევრს, ძალიან საინტერესოდ. ვხედავ სვანურ კოშკებს, რომლებიც შეუდრეკლად დგანან, მიუხედავად იმისა, რაც საუკუნეების განმავლობაში გადაიტანეს.
ჩემს თვალთახედვაში არ არიან მხოლოდ მოჩურჩულე ძეგლები. მათ უკან, მათ წინ და გვერდებზე იმ გმირებს ვხედავ, რომლებმაც ეს ისტორია ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცვეს და შემოგვინახეს. იმ გმირებს ვხედავ, რომლებმაც ქვეყანა გადამირჩინეს და მათი შორიდან, ძალიან შორიდან დანახვისასაც კი უზღვავი ბედნიერებით და სიამაყით ვივსები.
იცით კიდევ რას ვხედავ? ვხედავ გერგეთს, გელათს, სამთავისს, ზარზმას, იყალთოს, გრემს, ნიკორწმინდას… ბრწყინვალე სამებას ვხედავ. და შემდეგ ვხედავ თბილისს. და თბილისის შემდეგ ისევ თბილისს, რადგან… რადგან ვბრუნდები. ნარიყალაზე ვდგავარ და იმ სუნთქვისშემკვრელად ლამაზ ხედს ვუყურებ, რომელიც ფოტოზეა მოცემული. არადა რა მცირედია ეს ეპითეტი დიადი თბილისისთვის, დიადი საქართველოსთვის. თითქოს მხოლოდ ამ ხედს კი არა, მთელს საქართველოს ვხედავ, როგორც რამდენიმე წამის წინ შხარადან ვხედავდი. ალბათ, ეს შეგრძნება უფროა, ვიდრე ხედვა. ისევ ჩამესმის ყურში ისტორიული ძეგლების ხმა, ისევ ვისმენ მათ საუკუნოვან ისტორიებს. ესეც შეგრძნებაა. ის შეგრძნება, რომელიც ყველა ქართველს აქვს საკუთარ მიწასთან შეხებისას.
მაგრამ ვერ გავექცევი რეალობას. ფერადი საქართველოს მიღმა არის შავ–თეთრი ისტორია, ძლიერი გულისტკივილი. ვერ გავექცევი იმას, რომ რაღაც ძალიან მაკლია, რაღაცას ვერ ვხედავ, არ მესმის მისი სასიამოვნო ჩურჩული. ვერ ვხედავ აფხაზეთს, ოჩამჩირეს, სოხუმს, ლორეს, დვალეთს. ვერ ვხედავ ცხინვალს… და კიდევ ბევრ ტერიტორიას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ წამართვეს. შხარადანაც კი ვერ დავინახე, უზარმაზარი შხარადანაც კი. გარშემო სქელი ნისლი აქვთ შემორტყმული და შეუძლებელია დაინახო. შეუძლებელია გაიგონო მათი ჩურჩული. ჩურჩულს კი არა, ალბათ ყვირილსაც ვერ გაიგონებ. თუმცა ვგრძნობ. თითოეულ ტერიტორიას ისევე ვგრძნობ, როგორც ნარიყალას, იმიტომ რომ წართმეულია თუ არა, მაინც ჩემია, მაინც ჩვენია.
ასეთია ჩემი თვალით დანახული საქართველო, სევდანარევი ბედნიერებით. ასეთია და მინდა ასეთად დარჩეს. მინდა ყოველთვის სავსე იყოს იმ გმირებით, რომლებიც საკუთარ დროშას ფეხს არ დააბიჯებენ. მინდა ყოველთვის შხარაზე ვიდგე და იმ ჰაერით გავიჟღინთო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მინდა ყოველთვის მეჩურჩულებოდნენ სასწაულებრივი ძეგლები და ჩემი ქვეყნის ისტორიის შესახებ ყველა წვრილმან დეტალს მიამბობდნენ. მინდა უსასრულოდ შევყურებდე ფერად, ბედნიერ საქართველოს და არასდროს მოვწყვიტო თვალი. მინდა ყინულიანი შხარადან თბილ, ამწვანებულ მდელოებზე გადავინაცვლო, ქართულ მდელოებზე. მდელოებიდან – ისევ შხარაზე. შხარადან – მდელოებზე და ასე, უსასრულოდ.
თუმცა ასევე მინდა სქელი, ბოროტი ნისლი გაქრეს. ნისლთან ერთად სევდაც გაქრება. და დარჩება მხოლოდ ბედნიერი საქართველო, ბედნიერი ქართველებით…
განა ერთი დიდი ბედნიერება არ არის შხარადან დანახული კიდურებდაბრუნებული და ნისლგაფანტული საქართველო?!